ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბირთვულ გარიგებას დაეთანხმა


ჩინეთი მიესალმა ირანის თანხმობას-გამდიდრებული ურანი თურქეთში გაგზავნოს ბირთვული საწვავის სანაცვლოდ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ პეკინი ოპტიმისტურად უტყურებს ამ შეთანხმებას და მხარს უჭერს მომავალ მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოფიციალურმა თეირანმა თურქეთთან და ბრაზილიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად დაბალ დონეზე გამდიდრებულ 1200 კილოგრამ ურანს თურქეთში გააგზავნის და სანაცვლოდ, სამედიცინო მიზნებისთვის მოქმედი რეაქტორისთვის განკუთვნილ გამდიდრებულ ურანს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის სახელმწიფოები სკეპტიკურად უყურებენ ირანის ბირთვულ პროგრამას. ვაშინგტონი აგრძელებს ძალისხმვას, რათა გაერომ თეირანის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი დააწესოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ თეთრმა სახლმა განცხადება გააკეთა. პრეს სპიკერმა რობერტ გიბსმა აღნიშნა:

„ირანის გუშინდელი თანხმობა არ ცვლის ჩვენს გეგმას, რომლის თანახმადაც ჩვენ ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნას და ასევე კვლავ ვცდილობთ ირანი ანგარიშვალდებული გავხადოთ მისი მოქმედებების გამო.„

ამ ფონზე, ცნობილი ხდება, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დასავლეთის ქვეყნებს ბრალი დასდო, რომ ისინი საბაბს ეძებენ და ირანის ბირთვული საკითხის მოგვარებას თავს არიდებენ.

რამინ მეჰმანპარასტმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ თუკი ამავე გეგმას ხელს მოაწერენ ე.წ. ვენის ჯგუფის სხვა წევრებიც-რუსეთი, საფრანგეთი, ამერიკა და საერთაშორისო ატომური სააგენტო, შესაძლოა გეგმამ პოზიტიური გარემო შექმნას ბირთვული თანამშრომლობის სფეროში.

XS
SM
MD
LG