ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანული ამუნიცია აფრიკაში


გაეროს ემბარგოს მიუხედავად აფრიკის ქვეყნებში ირანული საბრძოლო მასალები ბრუნავს

წლების განმავლობაში აფრიკის კონფლიქტურ ქვეყნებში, სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში, უცნობი წარმომავლობის საბრძოლო მასალები ბრუნავს. გამოძიება ექვსი წელი მიმდინარეობდა, რათა დაედგინათ ამ მასალების წარმომავლობა. გამოძიების შედეგები უკვე გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული საბრძოლო მასალები ირანში მზადდება. დეტალებს ლონდონიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი არკვევდა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაეროს ემბარგოს მიუხედავად აფრიკის ქვეყნებში ირანული საბრძოლო მასალები ბრუნავდა. 2010 წელს, ნიგერიის ქალაქ ლაგოსში უსაფრთხოების ძალებმა 13 კონტეინერი აღმოაჩინეს, სადაც 240 ტონა საბრძოლო მასალა იყო მოთავსებული. კონტეინერები ირანიდან იყო გამოგზავნილი. ანგარიშფაქტურაში კი სამშენებლო მასალები იყო მითითებული. კონტეინერებში აღმოჩენილი ვაზნები 2006 წელს ჩრდილოეთ კენიაში აღმოჩენილი ვაზნების იდენტური იყო. თუმცა, როგორც გამომძიებელი ჯეიმს ბევანი ამბობს, კენიაში აღმოჩენილი ვაზნების იდენტიფიკაცია იმ დროს ვერ მოხერხდა. მისი თქმით, აღნიშნულ საბრძოლო მასლაებს სუდანის, გვინეის, სპილოს ძვლის ნაპირის და კენიის მთავრობები იყენებენ.

„აფრიკის მთავრობები საბრძოლო მასალებს ირანისგან იძენენ და საკუთარი უსაფრთხოების ძალების და თავდაცვისთვის იყენებენ. ამის შემდეგ, მათ მიერ ნახმარი საბრძოლო მასალების ტრანსფერი ხდება მეზობელ ქვეყნებში, სამთავრობო ან ამბოხებულ ძალებში. ეს ნაცადი მეთოდია,“ - ამბობს ბევანი.
თეირანს ჯერ მოხსენების ფაქტებზე კომენტარი არ გაუკეთებია. დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ არ იციან, თუ ვინ არის ამ ქმედებაზე პასუხისმგებელი ირანში.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი’ ითხოვს, რომ იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებაში საბრძოლო მასალების მონიტორინგის მუხლიც ჩაიდოს, რასაც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. ოქსფამის ინფორმაციით ყოველწლიურად მსოფლიოში 12 მილიარდი ტყვია იწარმოება და ეს ბიზნესი 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„კონფლიქტების შენელების და სამოქალაქო მსხვერპლის შემცირების ერთადერთი უდიდესი ფაქტორი საბრძოლო მასალების მიწოდების აღკვეთა იქნება. აფრიკაში არსებობენ მთავრობები და შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ამ საბრძოლო მასალების მიწოდებას ითხოვენ. ამდენად, ეს საქონელი შავ ბაზარზე იყიდება, რაც არსებული კონფლქტების გაგრძელებას უწყობს ხელს,“ - ამბობს ოქსფამის წარმომადგენელი მარტინ ბუჩერი.

საერთაშორისო ძალები მალის კონფლიქტში ჩაერთვნენ, იმ დროს, როდესაც მეზობელ ნიგერიში ისლამისტები სწორედ ირანულ საბრძოლო მასალებს იყენებენ. გამომძიებელი ბევანი ამბობს, რომ მისი ჯგუფი მალიში მიემგზავრება, რათა იქ ირანული წარმოების საბრძოლო მასალების კვალის არსებობა გამოიკვლიოს.
XS
SM
MD
LG