ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მინსკისგან ანგარიშს ითხოვს


კრისტინა ციმანუსკაია პოლონეთის საელჩოსთან ტოკიოში, იაპონია

ბელარუსი მორბენალის კრისტინა ციმანუსკაიას ინციდენტთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოძიება დაიწყო. კომიტეტი აცხადებს, რომ დღესვე მოსთხოვს ანგარიშს ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.

სკანდალმა მედიაში ოლიმპიადის სიახლეები გადაფარა და მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების ყურადღება მიიპყრო. მას შემდეგ, რაც 24 წლის ციმანუსაკიამ 100 მეტრზე სირბილში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ორშაბათს 200-მეტრიანი გარბენი უნდა გაეკეთებინა, სპორტსმენის თქმით, კვირას ის ტოკიოს აეროპორტში იძულებით წაიყვანეს და ბელარუსში აგზავნიდნენ.

ციმანუსკაიამ დახმარებისთვის იაპონელ პოლიციელებს მიმართა. ოლიმპიადიდან მისი მოხსნის მიზეზი სავარაუდოდ, გუნდის ოფიციალური პირების მიმართ მის მიერ „ინსტაგრამზე“ გამოხატული პროტესტი გახდა.

ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი კი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ვიქტორ ლუკაშენკოა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მარტში ის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ არ სცნო და პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ერთად მას ტოკიოს თამაშებზე დასწრება აუკრძალა.

ციმანუსკაიამ ორშაბათს თავი პოლონეთის საელჩოს შეაფარა. ვარშავამ მას ჰუმანიტარული ვიზა შესთავაზა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო ბელარუსის მცდელობა, სპორტსმენი შინ იძულებით გაეგზავნა. "მსგავსი ქმედება ოლიმპიურ სულს ლახავს, ადამიანის ელემენტარულ უფლებებს შეურაცხჰყოფს და ვერ იქნება მისაღები" - განაცხადა ბლინკენმა ორშაბათს, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსპიკერი მარკ ადამსი აცხადებს, რომ სპორტსმენს ორშაბათს ორჯერ ესაუბრა. მისი თქმით, ციმანუსკაია უსაფრთხოდაა და დაცულ ადგილზე იმყოფება. კომიტეტს სჭირდებოდა მომხდარის შესახებ მისგან უშუალოდ და დაწვრილებით მოესმინა, ვიდრე შემდგომ ზომებს მიიღებდა.

"ანგარიში დღეისთვის გვინდა. გადავწყვიტეთ, ფორმალური გამოძიება დავიწყოთ. ფაქტებზე სრული ინფორმაცია გვჭირდება. უნდა მოვისმინოთ ყველასგან, ვინც [მომხდარში] იყო ჩართული" - აცხადებს მარკ ადამსი.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ოლიმპიური ასპარეზობების დროს გახდებოდა თუ არა ცნობილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება. მარკ ადამსმა მათ უპასუხა, რომ ვითარების შესწავლას დრო დასჭირდება და წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება გამოძიება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG