ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი მაკეინი საქართველოზე საუბრობს


სენატორი ჯონ მაკეინი

ამერიკის ხმა სენატორ ჯონ მაკეინს ესაუბრა. სენატორმა საქართველოში ხელისუფლების გადაცემის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ გამორიცხული არ არის, რომ ის დააპატიმრონ. სენატორის აზრით, ეს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს ეწინააღმდეგება:

"არჩევნები, რომლებიც საქართველოში გასულ წელს ჩატარდა, თავისუფალი და სამართლიანი იყო. საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის რუსეთისკენ იხრება. ასევე, არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება, დაიწყება დაკავებები. მათ შორის, არსებობს შიში, რომ დაპატიმრებული იქნება სააკაშვილიც. მმართველობის გადაცემაში ეს არ მოიაზრება.

"ამასთან, საქართველოს პრემიერ მინისტრს ესმის ეკონომიკა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ იხრება.

"თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ რუსეთის ჯარები აგრძელებენ სამხედრო ძალის კონცენტრაციას და ამასთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობისთვის, ეგრეთ წოდებული, მოქალაქეობის დარიგებას."

სენატორმა მაკეინმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარება ჯერ ისევ მყიფეა და ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დემოკრატიული განვითარება გააგრძელოს:


"ვითარება ჯერ ისევ ძალიან მყიფეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, თუმცა არ ვუკარნახოთ. დემოკრატიისკენ და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია. შეხედეთ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებს. ისინი ძალიან რთულ გზას გადიან - ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. ერთი რამ, რაც მე ძალიან მაშფოთებს საქართველოსთან დაკავშირებით არის იმ ფუნდამენტური ცვლილებების შენარჩუნება, რომლებიც ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ უკანასკნელი 8-10 წლის განმავლობაში იქნა მიღწეული."

სენატორის აზრით, რუსეთი საქართველოს, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ აქცევს საკუთარი გავლენის ქვეშ დასაბრუნებლად:

"ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ რუსეთი წნეხის ქვეშ აყენებს საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილ რესპუბლიკას. იქნება ეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, მათთვის ენერგო რესურსებზე ფასების გაზრდით თუ მოლდოვა, სადაც მათ ღვინოზე ახლახან ემბარგო დააწესეს. საქართველში ისინი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს თანდათანობით წევენ. უკრაინაზეც უდიდესი ზეწოლა ხორციელდება. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან რუსეთის წნეხი იგრძნობა.

"ჩემი აზრით, ნებისმიერი ეკონომისტი, რომელიც პოლიტიკაში არ არის ჩარეული გეტყვით, რომ ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე რაღაც საბაჟო კავშირში წევრობა. მაგრამ ისინი გარკვეულ წარმატებას აღწევენ. წოტა ხნის წინ შეძლეს სომხეთი დაეყოლიებინათ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე.

"ორიოდე სიტყვით უკრაინაზე მინდა გითხრათ. ჩემმა მეგობარმა ჰენრი კისინჯერმა ერთხელ თქვა - რუსეთი უკრაინით დასავლური სახელმწიფოა, უკრაინის გარეშე კი აღმოსავლური. უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების განვითარებაში. ტიმოშენკო ციხიდან უნდა გაათავისუფლონ. ამის შემდეგ, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზა გაეხსნება. მაგრამ, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები ჯერ ისევ არის და ეს საკითხები უნდა გადაიჭრას."

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG