ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენჯელი: საქართველომ საკუთარი მესიჯი უკეთ უნდა გაავრცელოს


კენეტ ენჯელი, ოპიკის მმართველი დირექტორი

საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია, იგივე ოპიკი, ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც კერძო კაპიტალის მობილიზებას ახდენს მსოფლიოს მასშტაბით განვითარების პროექტების ხელშესაწყობად. ქვეყნების ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ოპიკი ამ მისიით ამერიკის საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების დაწინაურებას უწყობს ხელს. სააგენტო 160 ქვეყანაში მუშაობს. ოპიკის მმართველ დირექტორს კენეტ ენჯელს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი საქართველოში სააგენტოს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ოპიკი ერთ-ერთი პირველი მსხვილი ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის დახმარების გაწევა დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე გადაწყვიტა. როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა?

ოპიკი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაში მუშაობს. როცა ქვეყანამ გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა დაიწყო, ამერიკულ კომპანიებს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება სურდათ, მაგრამ ამისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური რისკებისგან დაზღვევას ითხოვდნენ. მოგვიანებით, ოპიკმა ინვესტორებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა დაიწყო. პირველი პროექტი, რომელიც ჩვენი დახმარებით განხორციელდა ისტორიული სასტუმროს „მარიოტ თბილისის“ აღდგენა იყო.

ოპიკს საქართველოში 600 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული 60-ზე მეტ პროექტში ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორებში.

ჩვენ აღვადგინეთ სასტუმრო „თბილისი“ და ავაშენეთ „ქორთიარდ მარიოტი.“ სასტუმროების მშენებლობაში კვლავ აქტიურად ვართ ჩართული - სასტუმრო „მაქსი“ მომავალ წელს გაიხსნება ზაარბრუკენის ქუჩაზე, წინანდალში კი „რედისონ ბლუ“-ს გავხსნით, რომელიც კახეთში პირველი საერთაშორისო სასტუმრო იქნება

როგორ დაახასიათებდით საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროცესს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში?

ოპიკში საქართველოს პროექტებზე 20 წელზე მეტია ვმუშაობ და ამან საშუალება მომცა ნათლად დამენახა თუ როგორ გადავიდა საქართველო გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე, ღია საბაზრო პოლიტიკით და კარგი ბიზნეს გარემოთი. ამ დროში საქართველო რთული ეკონომიკური ვითარებიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა და დღეს ქართული კომპანიები ლონდონის აქციების ბაზარზეა აღრიცხული. ეს ძალიან დიდი მიღწევაა!

თქვენ რამდენიმე ინდუსტრია ახსენეთ, რომელშიც ოპიკი საქართველოს აქტიურ დახმარებას უწევს. კონკრეტულად რა პროექტებზე საუბრობთ?

ოპიკი პირველი უცხოური ფინანსური ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დიდი მნიშვნელობა დაინახა. ჩვენ აღვადგინეთ სასტუმრო „თბილისი“ და ავაშენეთ „ქორთიარდ მარიოტი.“ სასტუმროების მშენებლობაში კვლავ აქტიურად ვართ ჩართული - სასტუმრო „მაქსი“ მომავალ წელს გაიხსნება ზაარბრუკენის ქუჩაზე, წინანდალში კი „რედისონ ბლუ“-ს გავხსნით, რომელიც კახეთში პირველი საერთაშორისო სასტუმრო იქნება.

სოფლის მეურნეობის დარგში "სანტე" საქართველოში რძის პროდუქტის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვენ მათ დასავლური აპარატურის შეძენაში და მენეჯმენტის დასავლური პრინციპების დანერგვაში დავეხმარეთ. "სანტე"-ს ასევე დავეხმარეთ რძის მომწოდებელი ქსელის შექმნაში, რომელმაც გლეხები კომპანიას დააკავშირა. ამით "სანტე"-ს ახალი რძის უწყვეტი მარაგი გაუჩნდა, გლეხებს კი შემოსავალი.

განათლების სფეროში ჩვენი მხარდაჭერით ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) პირველად კამპუსის აშენება და სასწავლო პროგრამის გაფართოებაც შეძლო.

უკეთ რომ გავიგოთ ოპიკის როლი საქართველოში ბიზნესის განვითარებაში, კონკრეტულად როგორ ხდება თქვენს მიერ პროექტების დაფინანსება?

ოპიკი ისეთ ბიზნესებს აფინანსებს, რომელებიც სხვა წყაროებისგან დაფინანსებას ვერ იღებენ. ჩვენ კერძო სექტორს კონკურენციას არ ვუწევთ. როცა კომპანია ოპიკთან მოდის და პროექტის დაფინანსების გზებს ეძებს, ჩვენ პროექტს ისევე ვაფასებთ, როგორც ბანკები, მაგრამ შეგვიძლია ისეთი პირობების შეთავაზება, რომელსაც კერძო სექტორი ვერ სთავაზობს - მაგალითად უფრო გრძელვადიანი სესხები, ან გადახდის დაწყებამდე უფრო გრძელი პერიოდი. ოპიკისთვის ეკონომიკური განვითარება უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

რა არის სესხის მაქსიმალური ოდენობა?

ამერიკაში ქართულმა ასოციაციამ კენეტ ენჯელს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცა. მარცხნივ მამუკა წერეთელი, მარჯვნივ კენეტ ენჯელი
ამერიკაში ქართულმა ასოციაციამ კენეტ ენჯელს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცა. მარცხნივ მამუკა წერეთელი, მარჯვნივ კენეტ ენჯელი

მაქსიმუმი 250 მილიონი დოლარია, თუმცა ამ ოდენობის სესხი ჯერ არც ერთ ქართულ ბიზნესს გამოუტანია. ჩვენ ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესებს ვაფინანსებთ, რომლებიც 10-20 მილიონი დოლარის ფარგლებში ხვდებიან.

ხდებით თუ არა კომპანიის აქციონერი, ან ბიზნესის მოწილე მას შემდეგ, რაც მას დააფინანსებთ?

არა, ოპიკი არ ხდება კომპანიის ნაწილი მისი დაფინასების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს რესურსები და ტექნიკური საშუალება იმისა, რომ თავისი თავი მართოს. ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ პარტნიორობა კერძო და საჯარო სექტორებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია.

ინვესტორების საქართველოში ჩაყვანა და მათთვის იმის საშულების მიცემა, რომ საკუთარი თვალით შეაფასონ შესაძლებლობები, ვფიქრობ საქართველოში ინვესტორების რაოდენობას გაზრდის.

ბიზნესები თვითონ მოდიან თქვენთან თუ თქვენ პოულობთ მათ? გაქვთ თუ არა ცნობადობის ამაღლების პროგრამები, რომლებიც ბიზნესებს თქვენ შესახებ ინფორმაციას მიაწვდის?

ზოგადად, კომპანიები თვითონ მოდიან ჩვენთან. მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს ოპიკის შესახებ არის ის, რომ ჩვენ ამერიკულ კომპანიებს ვუწევთ მხარდაჭერას. ანუ, ამერიკულ ბიზნესებს ვატყობინებთ, რომ საქართველოში არის ინვესტიციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ ვერთვებით, იქნება ეს დაფინანსებით თუ პოლიტიკური რისკების დაზღვევით.

ანუ ინიციატივა ამერიკული კომპანიიდან უნდა წამოვიდეს?

ზოგადად კი. მაგრამ თუ ქართულმა ბიზნესმა ამერიკულ ფრენჩაიზთან დაკავშირება გადაწყვიტა ეს დააკმაყოფილებს აღნიშნულ ამერიკულ კომპონენტს. პროექტში ორი მთავარი ელემენტი უნდა იყოს - უნდა იყოს კავშირი ამერიკულ კომპანიასთან და პროექტი ეკონომიკის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. თითოეულ შემთხვევაში ოპიკი ატარებს პროექტის მკაცრ შეფასებას - როგორია კომპანიის მენეჯმენტის სტილი, ისტორია, მოთხოვნა ბაზარზე და, რა თქმა უნდა, ის, თუ როგორ დაეხმარება ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

გაქვთ თუ არა სესხის მინიმალური ზღვარი?

კომპანიებს ვურჩევთ, რომ მინიმუმი 1 მილიონი იყოს. ეს იმის გამო, რომ ზოგიერთი ოპერაციის ხარჯი, მაგალითად ბუღალტერიის, ლეგალური დაცვის, და სხვა მსგავსი საქმიანობის - ერთი და იგივეა 500 ათასის თუ 50 მილიონის ოდენობის სესხის შემთხვევაში. 500 ათასიანი სესხის დროს ეს ხარჯები სესხის დიდი ნაწილი ხდება, 50 მილიონის შემთხვევაში კი ის პროპორციულად საკამოდ უმნიშვნელოა.

ბიზნესს საკუთარი მინიმალური კაპიტალის ქონა მოეთხოვება, სანამ თქვენ მას დახმარებას გაუწევთ?

ოპიკი ხშირად ახალ პროექტებს აფინანსებს, ისეთებს, რომლებიც მანამდე არ არსებობდა და რომელშიც კაპიტალი და ვალი ახლა იდება. ზოგადად, სტარტაპებისთვის ვალის და კაპიტალის თანაფარდობას 50/50-ზე ვითხოვთ.

გაქვთ თუ არა მონიტორინგის პროგრამები, რომლითაც თქვენს მიერ დაფინანსებულ კომპანიებს ამოწმებთ - იმას თუ რამდენად ადეკვატურად იცავს კომპანია მენეჯმენტის, დასაქმების, ბუღალტერიის თუ სხვა სტანდარტებს?

კი, კარგია, რომ ეს თემა წამოჭერით. ოპიკი მის მიერ დაფინანსებულ თითოეულ პროექტს უწევს მონიტორინგს. ეს ორ დონეზე ხდება. ერთია კრედიტის ასპექტი. ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ კომპანია იცავს სესხის შეთანხმებაში ჩადებულ პირობებს და რომ ის კონტრაქტით განსაზღვრულ ფინანსურ პროგნოზებს და მიზნებს აღწევს. მეორე ასპექტი განვითარებას უკავშირდება - ანუ, რამდენად იცავს პროექტი მაგალითად გარემოს, მუშახელის უფლებებს და ა.შ.

შრომის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი თემაა...

დიახ. ერთი რის გაკეთებასაც ოპიკი ცდილობს დასაქმების პირობების გაუმჯობესებაა. ჩვენ მხოლოდ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით არ შემოვიფარგლებით. ვცდილობთ ამერიკული ან საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ამის კარგი მაგალითია ოპიკის ჩართულობა ჯანდაცვის სფეროში. საქართველოში ვაშენებთ პირველ საავადმყოფოს, რომელიც საერთაშორისოდ სერთიფიცირებული იქნება. ამით ძალიან ვამაყობთ.

როგორ თანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან? აწვდით თუ არა მთავრობას რჩევებს საკანონმდებლო ან ტექნიკურ საკითხებზე იმისთვის, რომ უკეთ იქნას დაცული მაგალითად, ინვესტორების უფლებები, გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო?

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას დიდი შესაძლებლობები აქვს. რომ შევხედოთ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჰიდროენერგიის მხრივ - ვფიქრობ ის, რასაც მთავრობა აკეთებს ეკონომიკური რეფორმის, ღია და ლიბერალური ეკონომიკის შექმნის მხრივ, ძალიან კარგი დასაწყისია. ისინი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ. ეკონომიკის განვითარების ის ოთხი ფუნდამენტი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევას ის წარმოადგენს, თუ როგორ გაიტანოს საკუთარი გზავნილი ქვეყნის გარეთ; როგორ გააგებინოს კომპანიებს მისი შედარებითი უპირატესობის, მდებარეობის, ღია და ლიბერალური ეკონომიკის შესახებ. ეს ეხება ქვეყნის მდებარეობას, შესაძლებლობებს ვაჭრობაში, ტრანსპორტირებაში, ცენტრად ჩამოყალიბებაში და ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

ეს არის სფერო, სადაც უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. როცა ინვესტორები საქართველოში ჩადიან თვითონ ხედავენ შესაძლებლობებს, იმის ნაცვლად, რომ მათ ამ შესაძლებლობებზე უბრალოდ შორიდან მოისმინონ. ინვესტორების საქართველოში ჩაყვანა და მათთვის იმის საშულების მიცემა, რომ საკუთარი თვალით შეაფასონ შესაძლებლობები, ვფიქრობ საქართველოში ინვესტორების რაოდენობას გაზრდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG