ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი: "ქართული ოცნებისთვის თაფლობის თვე დამთავრდა"


ამერიკის ხმამ ექსკლუზიური ინტერვიუ სთხოვა ევრაზიის ფონდის პრეზიდენტ ჰორტონ ბიბი სენტერს. ის საქართველოში 15 ივნისს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს აფასებს. ინტერვიუ ია მეურმიშვილმა ჩაწერა.


ბატონო ჰორტონ, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. როგორ აფასებთ საქართველოში გასულ კვირას ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს?

ჩემი აზრით, კვირას ჩატარებული არჩევნები საქართველოში საზოგადოებისა და პოლიტიკის განვითარების მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მიუთითებს. ერთი არის ის, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩატარებული თითოეული არჩევნებიდან 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და ახლა უკვე ადგილობრივი არჩევნები - ყველა ნორმალურ ვითარებაში გაიმართა. ეს სამი არჩევნები 10 წლის წინანდელ ვითარებას რომ შევადაროთ, ვნახავთ თუ რამდენად რადიკალურად განსხვავდება დღეს პოლიტიკური მდგომარეობა.

შეაფასებდით თუ არა ამ არჩევნებს როგორც თავისუფალს და სამართლიანს?

ვიცი, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობდა. მაგრამ ამასთან ერთად, იყო დადებითი შეფასებებიც, მაგალითად საარჩევნო კოდექსი და ცენტრალური საარჩევნო კომისია დამკვირვებლების უმრავლესობამ დადებითად შეაფასა. არ არსებობს უნაკლო არჩევნები. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რამდენად გამოხატავს არჩევნები ქვეყნის მოსახლეობის ნებას.

რას უკავშირებთ იმას, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტოვობა წინა ორ არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო?

ჩემი აზრით, როცა საუბარია ამომრჩევლის აქტივობაზე, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რას სახის არჩევნებზეა საუბარი. მაგალითად, ხალხი ეროვნული დონის ლიდერებს ირჩევს თუ ადგილობრივს. ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ამერიკაშიც, მუნიციპალური არჩევნების დროს ამომრჩევლის აქტივობა ჩვეულებრივ უფრო დაბალია. მე კავკასიის ბარომეტრის სტატისტიკური ინფორმაცია შევამოწმე, რომელიც კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო სტატისტიკური მონაცემების წყაროა, სადაც ნათქვამია, რომ წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით ამომრჩევლის აქტივობა დაახლოებით ხუთი პროცენტით შემცირდა.

თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ის, რომ მმართველმა ძალამ ვერ შეძლო არჩევნების პირველ ტურშივე გამარჯვების მოპოვება? უკავშირდება თუ არა ეს შიდა პოლიტიკურ ვითარებას?

ჩემი აზრით, ის, რომ მმართველმა ძალამ არჩევნების პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოიპოვა ჯანსაღი პროცესის ნიშანია. როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც გვინახავს, რომ მმართველი პარტია ძალაუფლებაზე სრულ მონოპოლიას ფლობს და რიგითი მოქალაქისთვის მთავრობის საქმიანობა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით ყოველთვის ოპტიმალური არ არის. ის რომ საქართველოს მსხვილ ქალაქებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება ხდება საჭირო, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მოქნილი ოპოზიციური ძალა არსებობს. მე ეს უფრო ჯანსაღ შედეგად მიმაჩნია, ვიდრე ის შეხედულება, რომ მმართველმა პარტიამ რაღაც შეცდომა დაუშვა და შედეგად ეს რეზულტატი მიიღო. ვიდრე ამ თემაზე დასკვნებს გავაკეთებთ, უნდა ვნახოთ, თუ როგორ ჩატარდება მეორე ტური.

არჩევნების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ქართული ოცნებისთვის ეს არჩევნები გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს, პირველ რიგში იმის გამო, რომ ამომრჩევლის აქტივობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, მეორეს მხრივ კი იმის გამო, რომ მოსახლეობა ისე აღარ უჭერს მხარს ოცნებას, როგორც წინა არჩევნების დროს გამოიკვეთა. თქვენ რა აზირის ხართ ამაზე?

მე ვიტყოდი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო. მას შემდეგ წელიწადნახევრი გავიდა. ადგილობრივი არჩევნების შედეგები იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული ოცნებისთვის თაფლობის თვე დამთავრდა. ეს ასევე ძალიან კარგია ნიშანია და იმაზე მიუთითებს, რომ თავდაპირველი ეიფორია, რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური მიმართულების შეცვლით იყო გამოწვეული, დასრულდა და ხალხი უფრო პრაქტიკულად აფასებს იმას, თუ რა სახის პოლიტიკური ლიდერები სურს იხილოს ქვეყნის მმართველებად. ვფიქრობ, რომ საქართველოში ამომრჩეველი კანდიდატებში კონკრეტულ შესაძლებლობებსა და მახასიათებლებს ეძებს და არჩევანს ამის მიხედვით აკეთებს. არჩევნებზე ისიც გამოჩნა, რომ ხალხის სიტყვას ადგილობრივ დონეზეც ძალა აქვს.

ბრიტანეთის, ამერიკისა და ნიდერლანდების საელჩოებმა თბილისში ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც არჩევნების პროცესი შეაქეს, თუმცა ასევე გამოხატეს შეშფოთება წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციაზე ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რამდენად ჯანსაღი იყო წინასაარჩევნო პროცესი? და ამასთან, არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მეორე ტურის დროს დასავლეთში საქართველოს პარტნიორებისთან მსგავსი შეშფოთების თავიდან ასაცილებლად?

ჩემი აზრით, უმთავრესი ჯგუფი, რომლის დაკმაყოფილებაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს ქართველი ამომრჩეველია. ამ კრიტიკის შესახებ ვიცი და მიმაჩნია, რომ ის მნიშვნელოვანი და ზუსტია. თუმცა, არ არსებობს უნაკლო არჩევნები არც ამერიკაში, არც საქართველოში და არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. თქვენს შეკითხვას რომ ვუპასუხო მთავრობის სამომავლო მოქმედებებზე, ვიტყოდი, რომ მათ ყურადღებით უნდა შეისწავლონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ბრალდებები და უნდა გადაამოწმონ ლეგალური არქიტექტურა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად იყო შეფასებული. ასევე უნდა გადაამოწმონ ის, თუ რამდენად პირნათლად შეასრულეს იმ ადამიანებმა დაკისრებული ვალდებულებები, რომლებსაც იმაზე უნდა ეზრუნათ, რომ ხალხს ხმის მიცემის საშუალება ჰქონოდა. საქართველოს მთავრობამ ყურადღებით უნდა შეისწავლოს დარღვევების ბრალდებები და თითოეული მათგანის დასარეგულირებლად შეიმუშაოს სათანადო გზები.

თქვენ, როგორც გარე დამკვირვებელი, რომელიც საქართველოს საკითხებზე უკვე ძალიან დიდი ხანია მუშაობთ, როგორ აფასებთ ამ არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით? აჩვენა თუ არა ამ არჩევნებმა ის, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება?

ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ამომრჩევლის მოსაზრებაა. მაგრამ, როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, ვიტყოდი, რომ 2012, 2013 წლის და ახლა უკვე ადგილობრივი არჩევნები საქართველოზე ძალიან კარგად მეტყველებს. ქართველებმა უნდა იამაყონ იმ შედეგებით, რომლებიც უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე აჩვენეს. დღევანდელი საქართველო რომ შევადაროთ იმას, თუ რა ხდებოდა 10 წლის წინ ვნახავთ, რომ კონტრასტი ძალიან მკაფიოა. ის ფაქტი, რომ დღეს ვსაუბრობთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცალკეულ შემთხვევებზე, იმის ინდიკატორია, რომ საქართველომ ამ დროის განმავლობაში დიდ წარმატებას მიაღწია. საქართველოს მომავალს მე ენთუზიაზმით ვუყურებ. ევრაზიის ფონდი საქართველოში 20 წელია ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ასოცირებული ვართ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების პეროსნალურ თუ კოლექტიურ განვითარებასთან. ევრაზიის ფონდი და ჩვენი ადგილობრივი აფილიატი ევრაზიის პარტნიორობის ფონდი ყოველთვის მზად იქნება საქართველოში მეგობრების დასახმარებლად იმისთვის, რომ მათ ისეთი ქვეყანა ააშენონ, როგორიც თვითონ სურთ.
XS
SM
MD
LG