ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტ მეკობრეობის პრობლემა აშშ-ში


ინტერნეტ მეკობრეობის პრობლემა აშშ-ში
ინტერნეტ მეკობრეობის პრობლემა აშშ-ში

ამერიკული ინტერნეტ კომპანიები კონგრესისგან ინტერნეტში ინტელექტუალური საკუთრების დაცვისკენ მიმართული ზომების მიღებას ითხოვენ. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბომანი ვაშინგტონიდან იუწყება, კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა, რომელიც ხშირად საზღვარგარეთიდან ხორციელდება, კომპანიებს ფინანსურად მნიშვნელოვნად აზარალებს.

ამერიკელი მწერალი სკოტ ტუროუ ბევრი პოპულარული წიგნის ავტორია. გასულ კვირას ტუროუმ შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ მოსმენებში მონაწილეობა მიიღო იმის გამო, რომ მისი ბოლო ნამუშევარი სახელწოდებით „უდანაშაულო“ ინტერნეტში მოიპარეს.

„პირველი ორი კვირის მანძილზე წიგნი ინტერნეტში იყო მოთავსებული და თავისუფლად იყიდებოდა. მაგრამ ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე, რომ თურმე ინტერნეტში გამოჩნდა წიგნის მოპარული ვერსიები, რომელიც კანონიერ ფასზე ბევრად უფრო იაფად იყიდებოდა,“ განაცხადა მოსმენების დროს სკოტ ტუროუმ.

სენატის იურიდიული საკითხების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოსმენებში აგრეთვე კომპანია „როზეტა სტოუნის“ ხელმძღვანელი ტომ ადამსი მონაწილეობდა. ხსენებული ამერიკული კომპანია უცხოური ენების შესწავლასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო მასალებს აქვეყნებს. „როზეტა სტოუნის“ უცხოური ენების კურსები ინტერნეტში იყიდება. ტომ ადამსმა აღნიშნა, რომ ინტერნეტ საძიებო ვებ გვერდ „გუგლზე“ კომპანიის სახელის შეყვანის შემდეგ საძიებო შედეგებში ჩანს ათობით ვებ გვერდი, რომლებიც „როზეტა სტოუნის“ იმიტაციას ცდილობენ და უცხოური ენების კურსების მოპარულ ვერსიებს ავრცელებენ.

„აღსანიშნავია, რომ ამ ვებ გვერდებს შორის არცერთი არ წარმოადგენს ჩვენი კომპანიის ნამდვილ ვებ გვერდს, თუმცა ისინი მის იმიტაციას ცდილობენ. ამ ვებ გვერდების მთავარი მიზანი ამერიკელი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება,“ აღნიშნა ტომ ადამსმა.

ადამსის თქმით, „როზეტა სტოუნს“ რეგულარულად უკავშირდებიან გაბრაზებული მომხმარებლები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათ ინტერნეტ მეკობრეებისგან უხარისხო და მოპარული უცხოური ენების შესწავლის კურსები აქვთ ნაყიდი.

სენატის იურიდიული საკითხების კომიტეტის თავჯდომარემ პატრიკ ლიჰიმ აღნიშნა, რომ ინტერნეტში ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა ძალიან გახშირდა, რაც კომაპნიებს ძალიან ძვირად უჯდება.

„საავტორო უფლებების ხელყოფა და ყალბი პროდუქტების გავრცელება ამერიკის ეკონომიკას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარით აზარალებს, რის გამოც ათასობით სამუშაო ადგილი იკარგება. ინტერნეტი თავისუფალი და ღია სივრცე უნდა დარჩეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ უკანონობა უნდა ბატონობდეს,“ განაცხადა სენატორმა ლიჰიმ.

ინტერნეტში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული იმის გამო, რომ ყალბი პროდუქტების გამსაღებელი ვებ გვერდები ძირითადად საზღვარგარეთ მდებარეობენ, განსაკუთრებით რუსეთსა და ჩინეთში. სენატორი ლიჰი შეერთებული შტატების სამართალდამცველების შესაძლებლობების განმტკიცებას ცდილობს. ამ მიზნით იგი მხარს უჭერს კანონ-პროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს მისცემს უფლებას მიიღოს ზომები იმ ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლების, ინტერნეტ საძიებო კომპანიებისა და სარეკლამო სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებიც თაღლით ვებ გვერდებთან კომერციულ კავშირებს ინარჩუნებენ.

ინტერნეტ მეკობრეობის მსხერპლები აღნიშნავენ, რომ თუ ინტელექტუალური საკუთრება და საავტორო უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული, შეიქმნება ისეთი ვითარება, როცა ინტერნეტში ციფრულ ფორმატში მოთავსებული წიგნების რეალიზაცია შეწყდება და ინტერნეტ კომპანიები მოგებას ვეღარ ნახავენ. როგორც მოსალოდნელია, მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე ეს უაღრესად აქტუალური საკითხი კონგრესში უფრო ინტენსიური დებატების საგანი გახდება.

XS
SM
MD
LG