ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების მორიგი რეკორდული ზრდა დაფიქსირდა


ორშაბათს, ინდოეთში კორონავირუსის ერთ დღეში დაფიქსირებული შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის გამო, ინდოეთის მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ნარენდა მოდის, მოუწოდებენ გამოაცხადოს ლოკდაუნი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანაში, ახალი ინფიცირების 366,161 და გარდაცვალების 3,754 შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ კოვიდ-19-ით დაავადებულია 22,66 მილიონი, ხოლო გარდაცვლილია 246,116 ადამიანი.

ვირუსის შემთხვევებისა და გარდაცვალების ზრდის გამო, ქვეყნის საავადმყოფოებსა და კრემატორიუმებში ადგილები აღარ არის. სკვერებსა და მანქანების პარკინგებზე მოწყობილია საველე კრემატორიუმები. ამის გამო, ექსპერტები თვლიან, რომ ორივე მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ინდოეთის შტატების უმრავლესობაში ლოკდაუნია შემოღებული. დაიხურა კინოთეატრები, რესტრონები, პაბები და მოლები. თუმცა, ლოკდაუნი ეროვნული მასშტაბით ინდოეთში გამოცხადებული არ არის.

სიტუაციის გამწვავებასთან ერთად, სულ უფრო იზრდება ზეწოლა პრემიერ მოდის მთავრობაზე, რომ მათ ინდოეთში სრული ლოკდაუნი გამოაცხადონ. პრემიერს აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ მან რელიგიური დღესასწაულებისა და პოლიტიკური ღონისძიებების დროს, ხალხმრავალი შეკრებები დაუშვა.

ქვეყნის დახმარებას ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოების წევრები. ამერიკამ, გერმანიამ და ბრიტანეთმა, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანამ, ინდოეთში კოვიდ-19-ის ტესტერები, ჟანგბადის ნიღბები, დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა, ვაქცინების კომპონენტები და სხვა საჭირო სამედიცინო მარაგი გაგზავნეს. ამერიკა, ასევე მხარს დაუჭერს, კოვიდ-19-ის ვაქცინაზე ინტელექტუალური საკუთრების მოხსნის საკითხს, რათა ქვეყანამ ადგილზე შეძლოს ვაქცინის წარმოება და უფრო სწრაფად წავიდეს ვაქცინაციის პროცესი წინ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG