ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს იწყება და სამ დღეს გასტანს.
“მოგზაურობა იწყება, მე ვიმუშავებ და ვიბრძოლებ, რათა ეს იყოს არაჩვეულებრივი მოგზაურობა ამერიკელი ხალხისთვის,” ამბობს ტრამპი ტვიტერზე. არჩეულიპრეზიდენტი იქვე დასძენს, რომ ამერიკის სიდიადეში ეჭვი არ ეპარება.
დონალდ ტრამპი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გვირგვინებით შეამკობენ ვეტერანების სასაფლაოებს არლინგტონის სასაფლაოზე, სადაც 400 000-მდე ვეტერანი და მათი ოჯახის წევრია დაკრძალული.
ამის შემდეგ ტრამპი სიტყვით გამოვა ლინკოლნის მემორიალთან გამართულ ზეიმზე, რომელშიც ქანთრის მომღერლები, როკერები და სხვა არტისტები მიიღებენ მონაწილეობას. დღის ბოლოს კი ტრამპი და პენსი დონორებს და მხარდამჭერებს სადილზე შეხვდებიან.
ინაუგურაციის დღე საეკლესიო ლოცვით იწყება, ამის შემდეგ ტრამპი ცოლ მელანიასთან ერთად თეთრ სახლში მიდის, სადაც ტრადიციისამებრ, არსებული და მომავალი პრეზიდენტები ცოლებთან ერთად ყავას მიირთმევენ და კაპოტილიუმის შენობისკენ ერთად მიემგზავრებიან.
არჩეული პრეზიდენტი ფიცს ტრამპის საოჯახო ბიბლიაზე დადებს. ფიცის დადების ცერემონიას უზენაესი სასამართლოს მეთაური ჯონ რობერტსი წარმართავს.
ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტი საჯარო სიტყვით გამოვა, ობამები კი კაპიტოლიუმს რიგითი მოქალაქეების რანგში დატოვებენ.
ინაუგურაციის ბოლო ღონისძიება შაბათ დილით ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში იმართება.