ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური ეკონომიკა ძლიერდება


ტენდენცია იცვლება და გლობალური ეკონომიკის ზრდა ამჯერად მდიდარი ქვეყნების ხარჯზე მოხდება - აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალური ეკონომიკის გაძლიერების შესახებ იუწყება. თუმცა, ფონდი განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის არსებულ რისკებზეც საუბრობს. გაძლიერება ძირითადად მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხარჯზე ხდება, როგორიცაა შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. სავალუტო ფონდის თქმით, განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა, ეკონომიკის ზრდა ძველ პროგნოზებთან შედარებით, ნელი ტემპით მოხდება.

მსოფლიო ეკონომიკა წელს 3.6 პროცენტით გაიზრდება და 2015 წლისთვის მისი მოცულობა თითქმის 4 პროცენტით გაფართოვდება. თუმცა, წამყვანი ძალა ამჯერად განვითარებადი ქვეყნების მზარდი ეკონომიკა აღარ იქნება - აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ გამოსული ანგარიშის ხელმძღვანელი, ტომას ჰელბლინგი.

დიდი ხნის მანძილზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები გლობალური ეკონომიკის ერთგვარი ვარსკვლავები იყვნენ. ისინი ძლიერ ზრდას აჩვენებდნენ და უკეთესი შედეგის პროგნოზირების შესაძლებლობას გვაძლევდნენ. ცვლილება დღეისათვის იმაში მდგომარეობს, რომ ამჯერად უკეთეს შედეგებს და ეკონომიკის მეტ ზრდას მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან ველით - აცხადებს ის.

მოსალოდნელია უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი და ეს ნაწილობრივ შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის მხრიდან ბონდების შეძენის ტემპის შენელების ბრალიცაა. ინვესტორები ცდილობენ კაპიტალი არა იმდენად განვითარებად ქვეყნებში ჩადონ, არამედ იქ, სადაც სტაბილური მოგების და დაბალი რისკის ალბათობაა. ამ გარემოების მიუხედავად, ეკონომიკა განვითარებად ქვეყნებში ზრდას მაინც გააგრძელებს. უბრალოდ, ადრეულ პროგნოზებთან შედარებით, უფრო ნელა - აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი ეკონომისტი ოლივიე ბლანშარდი.

ამის საუკეთესო მაგალითი ბრაზილიაა, სადაც ეკონომიკა 2012 წელს ერთი პროცენტით გაიზარდა. ჩვენი ვარაუდით, ეკონომიკა იქ 2013 წელს 3.5 პროცენტით უნდა გაზრდილიყო. დანარჩენ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, მოსალოდნელზე უკეთესი პროგნოზებია და ეს კარგია. ეს ის მაჩვენებლები არ არის, რასაც კრიზისამდე ველოდით. ვითარება დიდი ხნის წინ შეიცვალა. ამ ქვეყნებს უფრო დაბალი ზრდის მაჩვენებელი ექნებათ, ვიდრე მანამდე გვეგონა - აცხადებს ბლანშარდი.

რაც შეეხება ევროპას, პროგნოზი გაუმჯობესებულია ზოგიერთი მაღალი დავალიანების მქონე ქვეყნების ეკონომიკისთვის. მაგრამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ იქ მოთხოვნის ნაკლებობაცაა. იგივე მდგომარეობაა ევროპის საბანკო სისტემაშიც.

ბევრად უფრო პრობლემატურია სიტუაცია რუსეთში და უკრაინაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საგანგებო ფონდიდან თანხების გამოყოფაზე მსჯელობენ. რუსეთში კი შეერთებული შტატების და ევროპის მხრიდან დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, სიტუაციის გაუარესებას ელოდებიან.

ციფრის გამოცხადებისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ რაც მოხდა იმაზე დაყრდნობით, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე ამ მოვლენებამდე უნდა ყოფილიყო - აღნიშნავს ფონდის უფროსი ეკონომისტი ოლივიე ბლანშარდი.

ეკონომიკური ზრდის ორციფრიანი მაჩვენებლის მქონე ჩინეთი, მცირე შენელების მიუხედავად, მაინც ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორისაა. წელს მისი ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზრდება. ინდოეთი და აფრიკის სუბ-საჰარის რეგიონში მოქცეული ქვეყნები მეორე ადგილზე არიან და საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქ ეკონომიკის 5.4 პროცენტიან ზრდას მოელის.
XS
SM
MD
LG