ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა


არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა
არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა

არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდს განვითარებადი ქვეყნებისთვის უფრო მეტი დახმარების გამოყოფისკენ მოუწოდებენ

ეკონომიკური განვითარების აქტივისტები მოუწოდებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს ღარიბი ქვეყნებისთვის განკუთვნილი დახმარების პროგრამები გააუმჯობესონ. მათი აზრით სესხების გაცემასთან დაკავშირებული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება უფრო სრულყოფილი უნდა გახდეს. ხოლო ამ ორ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ეროვნულ მთავრობებს შორის მიღწეული გარიგებები უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ გასული კვირის მიწურულს ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ შემაჯამებელ შეხვედრებზე განხილვის მთავარი საგანი განვითარებად სამყაროსთან დიალოგის გაფართოება იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების დირექტორი კაროლინ ატკინსონი აღნიშნავს, რომ ფონდი გლობალური ფინანსური კრიზისისგან დაზარალებულ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისი თქმით:

„ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვიწვიეთ რათა მათ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება მიეცათ, რათ მათ ჩვენი საქმიანობის შესახებ უფრო უკეთესი წარმოდგენა შეექმნათ, რაც თავის მხრივ მოსაზრებათა გაცვლას შეუწყობდა ხელს. ამას გარდა ჩვენ აფრიკიდან და აზიიდან რამდენიმე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენლები დავპატიჟეთ.“

მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.

არასამთავრობო ჯგუფი სახელწოდებით ActionAid-ი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სესხების მიმღებ განვითარებად ქვეყნებს უკრძალავს ფონდისგან მიღებული სახსრების გამოყენებას ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტების შექმნისთვის. მაგრამ ხსენებული აკრძალვა არ ვრცელდება განვითარებულ სახელმწიფოებზე, რომლებმაც ამგვარი ზომები გლობალური ეკონომიკური ჩავარდნის დასაძლევად გამოიყენეს. ActionAid-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამები საგანგებო ეკონომიკური ზომების მიღებას ემხრობა. როგორც ცნობილია, საგანგებო ეკონომიკურ ზომებში უწინარეს ყოვლისა სამთავრობო დანახარჯების, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის, შემცირება იგულისხმება. ამ კონტექსტში არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ ღარიბ ქვეყნებს გაეროს ათასწლეულის განვითარების ამოცანების შესრულება ძალიან უჭირთ.

როგორც ცნობილია, ათასწლეულის განვითარების ამოცანები 2015 წლისათვის სიღარიბის შემცირებას, განათლების გავრცელებას, და ბავშვებისა და დედების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

მელინდა სეინტ ლუისი არასამთავრობო ორგანიზაცია Jubilee USA Network-ის დირექტორის მოადგილეა. ხსენებული ორგანიზაცია აერთიანებს 70-ზე მეტ რელიგიურ და ჰუმანიტარულ ჯგუფს და პროფკავშირს, რომლებიც დაბალშემოსავლიან ქვეყნებს დახმარებას უწევენ.

„მაგალითად ბურუნდიში, სადაც საზოგადოებრივ სექტორში ანაზღაურება საშუალო რეგიონალურ მაჩვენებელზე დაბალია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მთავრობაზე ზეწოლა მოახდინა რათა საზოგადოებრივ სექტორში ხელფასები არ მომატებულიყო. შედეგად ახალი თანამშრომლების აყვანა შეჩერდა, საწვავის შეძენისთვის გამოყოფილი სუბსიდიები შემცირდა და საწვავზე 20 პროცენტიანი გადასახადი დაწესდა, რომელიც ყველაზე უფრო ღარიბებს ავნებს,“ აღნიშნა მელინდა სეინტ ლუისმა.

ეკონომიკური განვითარების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ჯგუფები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საბაზრო რეფორმები ღარიბ მოსახლეობას აზარალებს.

აქტივისტები აღნიშნავენ, რომ განვითარებადი ქვეყნები უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მდიდრებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმების ნაცვლად ხშირად სამომხარებლო გადასახადებს აწესებენ, რაც ღარიბებს ავნებს. ზოგი ქვეყანა კი უპირატესობას თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნას ანიჭებს, სადაც კორპორაციებს მხოლოდ მინიმალური გადასახადების გადახდა უხდებათ.

მელინდა სეინტ ლუისი აგრეთვე ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობები ტარიფებსა და საიმპორტო გადასახადებს ამცირებენ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განათლების სისტემის ფინანსურ საფუძველს ძირს უთხრის.

XS
SM
MD
LG