ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალიევის ვიზიტი და მისი მოსალოდნელი შედეგები


საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა საქართველოში

საქართველომ შვიდწლიანი ინტერვალის შემდეგ, ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლა. ურთიერთსაჭიროებებისა და მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების შესახებ მესიჯები, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები, მათ შორის ენერგეტიკასა და ტრანსპორტის სფეროში - ამგვარია დღევანდელი ვიზიტის რეზიუმე.

ალიევის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი - მშვიდობა და ენერგორესურსები

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, ჩვენი ხალხებისა და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომლებიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობასა და თანამშრომლობას. ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, შევეხეთ, ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით,“- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტები ანალოგიურ საკითხებზე გაკეთდა, თუმცა ენერგეტიკულ და სატრანსპორტო მიმართულებით მეტი კონკრეტიკით. „გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება – ბოლო 9 თვის განმავლობაში გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი თანხები, ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომლებიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.“,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა,

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

გეგმები, რომელთა განხორციელებას აზერბაიჯანი იმედოვნებს, ასე გამოიყურება: 22 მილიონი კუბური ტონა ბუნებრივი აირის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო წლებში. წელს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით, რის საშუალებაც აზერბაიჯანს აქვს. 2027 წლისთვის ევროპაში საექსპორტოდ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირის გატანა იგეგმება.

„ეს საკითხი, ბუნებრივია, განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, ვიცი, რომ ის არ არის ამჟამად მოქმედი, მაგრამ გვინდა, რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც. ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით ჩვენ შეგვიძლია 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებითა და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე, და მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც,“- განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:28 0:00

ის, ასევე, იმედოვნებს, რომ საქართველო იქნება მნიშვნელოვანი რგოლი აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში, რათა, როგორც პრეზიდენტი ალიევი ამბობს, „კავკასიაში დაისადგუროს მშვიდობამ და გაჩნდეს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.“

ამ საკითხს პრემიერი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა, აღნიშნა რა პრაღაში მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობა აზერბაუჯანულ-სომხურ ურთიერთობებში. „რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევის პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას... ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა დავადასტურო კიდევ ერთხელ, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება, და მე მჯერა, რომ ჩვენ, ერთად, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

ალიევის ვიზიტის შეფასებები - საქართველოს როლი და შესაძლებლობები

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი და მთავარი გზავნილები „ამერიკის ხმასთან“ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ნინო სამხარაძემ შეაფასა. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ალიევის ვიზიტიდან და გააკეთებული განაცხადებიდან გამომდინარე, რუსეთისთვის გამაღიზიანებელი მარკერები არ ჩანს. „ამ ვიზიტიდან ორი ძირითადი გზავნილი უნდა ამოვიცნოთ, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გააქტიურებული გეოპოლიტიკური, პრაგმატული ურთიერთობები ჩვენთვის მრავალთაგან ერთ შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის. ეს გახლავთ ის, რომ საქართველომ საკუთარი როლი გააქტიუროს, როგორც ძალიან ძლიერმა სატრანზიტო სახელმწიფომ. მათ შორის, არა მხოლოდ, როგორც უბრალოდ, გამტარმა, არამედ როგორც პრო-აქტიულმა აქტორმაც კი. საქართველოს შეუძლია, ის ინიციატივები, რაც თუნდაც საკუთრივ პრემიერ ღარიბაშვილს ჰქონდა, სამმხრივი ფორმატის შესახებ, კიდევ უფრო წინ წაწიოს და ამით ერთგვარი ბარტერი განახორციელოს. ეს ორი საკითხი, თითქოს უფრო რეალური გახდა დღევანდელი ვიზიტით, ვიდრე აქამდე იყო. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან გზავნილად უნდა მივიჩნიოთ,“- აცხადებს ნინო სამხარაძე.

რეგიონში შეცვლილ ვითარებას, რუსეთ-უკრაინის ომის ფონს და ახალ გამოწვევებს უსვამს ხაზს დავით ბრაგვაძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი, როდესაც პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს აჯამებს „ამერიკის ხმასთან“. „პრაღის სამიტზე მიღწეული შედეგების შემდეგ, რაც ისტორიაში პირველად ჩატარდა, ევროკავშირის ლიდერების შუამავლობით, რუსეთის გარეშე, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ საქართველოს შეუძლია ითამაშოს განსაკუთრებული როლი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში. ეს მან კიდევ ერთხელ აღნიშნა დღეს ღიად. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს რეგიონში ყველა ქვეყანასთან, რუსეთის გარდა. მას შეუძლია ითამაშოს მედიატორის როლი უკეთ. ახლა არ ვართ მოწადინებული, რომ საკუთარი თავი შევთავაზოთ მედიატორად, არადა ეს არის შესაძლებელი,“- გვეუბნება დავით ბრაგვაძე.

რამდენად ხედავს ლიდერ სახელმწოდ რეგიონში საქართველოს, ამის შესახებ ნინო სამხარაძე, ამბობს, რომ საქართველო კვლავ პოლიტიკურ ლიდერ სახელმწიფოდ შეიძლება მივიჩნიოთ რეგიონში და ეს მნიშვნელოვანია, ასევე აზერბაიჯანისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ევროკავშირთან უწევს საქმის დაჭერა აზერბაიჯანს. თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით, ძნელია, საქართველოზე, როგორც რეგიონის ლიდერზე ვისაუბროთ, რადგან ის არაა პროაქტიული მოთამაშე. ისაა უფრო გამტარი აქტორის როლში. ამიტომაც, აზერბაიჯანი რეგიონში, როგორც სამხედრო გამარჯვების, სამხედრო ძლიერების მადემონსტრირებელი სახელმწიფო, ასევე, ტექნიკური წინსვლით ევროკავშირთან, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის გზით, ხდება პრაქტიკული ლიდერი.

დავით ბრაგვაძე, პოლიტიკის ანალიტიკოსი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:21 0:00

გააღიზიანებს თუ არა საქართველო რუსეთს?

კითხვაზე იმის შესახებ, გააღიზიანებს თუ არა საქართველო რუსეთს იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი მას მედიატორად ხედავს - ანალიტიკოსებისგან პასუხი დამაიმედებელია. მშვიდობიმყოფელის როლს, ამ დრომდე რუსეთი „კისრულობდა“ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. საქართველოში კი კითხვა „აბა, ომი გინდა?“ - ჯერაც რჩება აქტუალურ არგუმენტად.

„ამ ეტაპზე რუსეთისთვის გამაღიზიანებელი მარკერები იმის გამო, რომ სამხრეთ კავკასიაში ქვეყნები ურთიერთკავშირების გამყარების გზებს ეძებენ, არ იკითხება, თუმცა, როდესაც რუსეთი რეფოკუსირებას გააკეთებს უკრაინიდან, მას ექნება რეაქცია იმაზე, თუ მთლიანად რეგიონის დამოუკიდებლობის ხარისხი გაზრდილი დახვდება. ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობის გეგმის შესრულებაში აზერბაიჯანის ჩართვაზე, რუსეთს, შეიძლება, ასევე ჰქონდეს რეაქცია. ცხადია ისიც, რომ მეტი დასავლეთის შემოსვლით რეგიონში, რუსეთის ძალა კავკასიაში მცირდება“,- გვეუბნება ნინო სამხარაძე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შეხვედრა საქართველოში
აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შეხვედრა საქართველოში

დავით ბრაგვაძე კი მიიჩნევს, რომ რუსეთს, მართალია, სურს დარჩეს სამხრეთ კავკასიაში მთავარ მშვიდობისმყოფელად, თუმცა, სამივე კავკასიური სახელმწიფოს ლიდერის სურვილის შემთხვევაში, ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს პროცესს, სადაც მშვიდობისმყოფელად, შესაძლოა, საქართველო იქცეს.

„ტაბუები“ ილჰამ ალიევის ვიზიტისას

საქართველოს აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი მნიშნველოვანი საკითხი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოხდენის პოტენციალი აქვს, დავით გარეჯის მონასტერს უკავშირდება. კომპლექსი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით იქცა პოლიტიკური განხილვის საგნად, არამედ ქვეყნებს შორისაც. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის 27-28 თებერვალს ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სწორედ ამ სტუმრობის დროს გააჟღერა მან სასაზღვრო დავის საკითხები. ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვა ორ თვეში, როდესაც, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 2019 წლის 20 აპრილს პრეზიდენტ ზურაბიშვილის დავით გარეჯაში ვიზიტის შემდეგ, ჩაკეტეს "უდაბნოს" მონასტრამდე მისასვლელი გზა.

ამ ფონზე, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „დავით გარეჯი საქართველოა“ - "მოძრაობა" წარმოიშვა. დააპატიმრეს და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს ორი წევრი კომისიიდან, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მიმართულებით მუშაობდა.

პრეზიდენტ ალიევის ვიზიტისას თბილისში, 24 ოქტომბერს დავით გარეჯის მონასტრის შესახებ არავის არაფერი უხსენებია.

უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გარეჯის საქმეში ჩართულ პოლიტიკოსს, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს რამდენჯერმე შეხვდა, მისი სტუმრობის თაობაზე ამჯერად არავინ აცნობა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავად განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება 2022 წლის 24 ოქტომბერს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება 2022 წლის 24 ოქტომბერს

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ“,- ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას დავით გარეჯთან ასოცირებული, ეგრეთ წოდებული „კარტოგრაფების საქმის“ ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცადა, რომ სახელმწიფოს მიერ სასამართლოში აღძრულ საქმეს კავშირი არ აქვს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან და რომ მონასტერი ხელისუფლებამ, უბრალოდ, გამოიყენა საზოგადოების ემოციებზე სათამაშოდ, მისთვის სასარგებლო პოლიტიკური შედეგის მისაღწევად. „რაც არ უნდა შეთქმულების თეორიას ჰგავდეს ჩვენი ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი საქართველოშიც კი არ დაგეგმილა, ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ ეს ოპერაცია, მართლაც. რუსეთში დაიგეგმა. შეუძლებელია, რუსეთის სახელმწიფო არქივებიდან, ოფიციალური სახით, რუკების გადაცემა კერძო პირისთვის, რომელმაც ეს დოკუმენტები ჩამოიტანა საქართველოში. როდესაც ჩავეძიეთ, ეს პირი აღმოჩნდა დავით ხიდაშელის მსგავსად, ევტუშენკოვის ერთ-ერთი კომპანიის, „სისტემის“ თანადირექტორი. იმის თქმა მინდა, რომ ვერანაირი პროგრესი ვერ მიიღწევა დღევანდელი შეხვედრით პრეზიდენტ ალიევთან, დავით გარეჯის საკითხზე. მართალია, არ ვიცი, რაზე შეიძლება ესაუბრათ დახურულ კარს მიღმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 1:200 000 მასშტაბიანი რუკებზე დაყრდნობით, შეუძლებელია, ხელისუფლებამ რაიმე პროგრესს მიაღწიოს. ამ რუკის თანახმად, წითელი ხიდიც კი ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ასე რომ, პირიქით, შეიძლება, კიდევ უფრო დავაზარალოთ ვითარება,“- გვეუბნება გიორგი მშვენიერაძე.

გიორგი მშვენიერაძე, იურისტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:07 0:00

საქართველოს პერმიერ მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ, ერთგვარი პრეზენტაცია გაუკეთეს. გააცნეს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში არსებული აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდეობის ნიმუშებიც. შეხვედრას დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორიც ესწრებოდა.

საქართველოს პერმიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე "შატო მუხრანში"
საქართველოს პერმიერი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე "შატო მუხრანში"

ილჰამ ალიევი საქართველოში უკანასკნელად 2015 წელს, ნოემბერში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. მანამდე კი 2014 წელს, პერზიდენტ მარგველაშვილის მოწვევით, თურქეთის პრეზიდენტთან ერთად, როდესაც „თბილისის სამიტში“ მიიღეს მონაწილეობა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს, ახლადმოსული ბიძინა ივანიშვნილი, მეორე ოფიციალური ვიზიტით, რომელიც კი მან პრემიერ მინისტრის რანგში განახორციელა, ბაქოს და ილჰამ ალიევს სტუმრობდა. მაშინაც, 2012 წლის 26 დეკემბერს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი გახლდათ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოფიციალური ვიზიტი 24 ოქტომბერს, გვიან ღამით დაასრულა და გაფრინდა თბილისიდან.

XS
SM
MD
LG