ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული შვიდი მოქალაქის ცხედარი ოჯახებს დაუბრუნდა


დღეს ერგნეთის გამშვები პუნქტიდან საქართველოს 7 მოქალაქის ცხედარი გადმოასვენეს. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყვნენ მიჩნეულნი. ცხედრების გადმოცემისა და ექსგუმაციის პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამდგომლობით განხორციელდა.

შვიდივე მოქალაქე 2008 წელს ოკუპაციის ზოლს მიღმა მოქცეული ქართული სოფლის, თამარაშენის ტერიტორიაზე სამარხშია ნაპოვნი. მათთან ერთად ნაპოვნია კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარიც, რომლის ოჯახი ამჟამად ცხინვალში ცხოვრობს, ამდენად 8 ექსგუმირებული ნეშტიდან ერთი ცხინვალში გადაასვენეს, შვიდი კი თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

გარდაცვლილი ადამიანების ვინაობას წითელი ჯვარი არ ასახელებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, ერგნეთი, საქართველო
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, ერგნეთი, საქართველო

​„1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ მათი ახლობლების ნეშტები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად. ეს შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც წჯსკ-ს ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს. „ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ბებიასთან ვატარებდი, მაგრამ ომმა ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაშორა,“ გვიამბო 44 წლის მამაკაცმა, რომლის ოჯახიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა. „როდესაც შევიტყვე, რომ მისი ნეშტი იპოვეს და ამოიცნეს, გული მადლიერების გრძნობით ამევსო გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები უცნობი ადამიანების მიმართ, რომლებმაც გარდაცვლილ ბებიას სათანადო პატივი მიაგეს,"- ნათქვამია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული აგრესიის დროს 2008 წლის აგვისტოში“ გარდაცვლილი ადამიანების ცხედრების ქართული მხარისთვის გადაცემის თაობაზე დე-ფაქტო ადმინისტრაციის საიტიც ავრცელებს ინფორმაციას. ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში ინალ ტასოევი ამბობს: "2008 წელს ქართული მხარე მზად არ იყო ნეშტების მიღებაზე და მათი ოჯახებისთვის გადაცემაზე, მაგრამ 2016 წელს, როცა წითელმა ჯვარმა გააქტიურა სამუშაოები საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, მიიღწა შეთანხმება ექსგუმაციის ჩატარების თაობაზე იმ ადგილებზე, სადაც არსებობდა სავარაუდო სამარხები, მათ შორის, სოფელ თამარაშენში. 2017 წელს ჩატარდა ექსგუმაცია საქართველოს ქალაქებში, გორსა და კასპში, სადაც აღმოჩენილ იქნა 50 ამოუცნობი პირის ნარჩენი. ეს შვიდი ადამიანი, სამოქალაქო პირია და ისინი სამხრეთ ოსური მხარის წარმომადგენლების მიერ არიან დაკრძალულები 2008 წელს.“

ოსური მხარის განცხადებით, ამ დროისთვის აუცილებელი გენეტიკური მასალის 60 პროცენტია შეკრებილი, დარჩენილი 40 პროცენტი კი შეგროვების სტადიაშია და ლაბორატორიისთვის მზადდება. „ამოცნობის პროცესი გაიწელა იმის გამო, რომ დონორები სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ არიან, სხვები კი უბრალოდ უარს ამბობენ ბიომასალის ნიმუშების ჩაბარებაზე“,- ამბობს ტასოევი. ოსურ მხარეს სამუშაოები განხორციელდა წითლი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ადგილობრივი, ოსური არასამთავრობო ორგანიზაციის „ხსოვნა და იმედის“ თანამშრომლობით. ეს უკანასკნელი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების მიმართულებით მუშაობს.

ოსური მხარე აცხადებს, რომ ცხედრების მოძიებისა და ექსგუმაციის პროცესი გაგრძელდება და გაითხრება ის ადგილები, სადაც ადრე ქართული დასახლებული პუნქტები იყო. „სამრეთ ოსეთი გამოხატავს კეთილ ნებას, ესმის რა იმ თითოეული ოჯახის ტკივილი და მოლოდინის მრავალწლანი რეჟიმი ახლობელი ადამიანის დაკარგვის გამო. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ყოველმა ოჯახმა მიიღოს პასუხი ახლობლების ბედის თაობაზე და იმედი გვაქვს, ქართული მხარეც გამოიჩენს კეთილ ნებას, რათა ჩვენც დაგვეხმაროს გავარკვიოთ 1990-2008 წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ადგილსამყოფელი“, აცხადებს ტასოევი.

დე-ფაქტო ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ოსური მხრიდან 1989-2008 წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეულია 140 მოქალაქე. მათ შორის არიან სოსლან პლიევი, ალან ხაჩიროვი და ალან ხუგაევი, რომელთა გაუჩინარებაში ოსური მხარე ქართულ პოლიციას ადანაშაულებს. მათი დაკარგვის თაობაზე 2008 წელს აგვისტოს ომის შემდგომ გახდა ცნობილი. ოსური მხარე აწესებდა ჯილდოსაც 1 მილიონი რუბლის ოდენობით მათთვის, ვინც ამ სამი ადამიანის ადგილმდებარეობის შესახებ გასცემდა ინფორმაციას. ქართული მხარე ამ სამი ახალგაზრდის სიცოცხლის თაობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

მიმდინარე თვის განმავლობაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 23 ცხედრის ექსგუმაცია გააორგანიზა. დღეს, თბილისში გადმოსვენებული 7 ქართველი და ერთი ერთნიკურად ოსი ცხინვალში გადაცემული მოქალაქის ნეშტის გარდა, გასულ კვირას, აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ცხედრებიც დაუბრუნდათ ოჯახებს. „აფხაზეთიდან 15 ადამიანის ექსგუმაცია მოხდა. მათგან 12 ეთნიკურად ქართველია სამი კი აფხაზი. ისინი 1991-93 წლებში კონფლიქტის დროიდან გაუჩინარებულად მიიჩნეოდნენ. გასულ შაბათს ოჯახის წევრებმა ახლობლების ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და დაკრძალეს. იმ შვიდი მოქალაქის ცხედარი ამჟამად სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადატანილი და დამატებითი პროცედურა მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ მათი გადაცემა ოჯახებისთვის მომავალ კვირას, სამშაბათს, 26 მარტს მოხერხდება“,- გვეუბნება მაია ქარდავა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციის განყოფილების უფროსი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, 1990 – 2008 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად, 2300-მდე ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მათ შორის არიან როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირები. კომიტეტმა 2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი მოიძია, რომელთაგან 200 მოქალაქის ცხედარი ამოცნობილი და ოჯახებისთვისაა გადაცემული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG