ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ერგნეთში და სასულიერო პირის დაკავება–გამოშვება დირბიდან


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების ფარგლებში ერგნეთში დღეს მორიგი, 87–ე შეხვედრა გაიმართა. მას ორი ახალი მონაწილე ჰყავს ქართული და ოსური მხრიდან. უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტიდან კახა ქემოკლიძე ირაკლი ანთაძემ შეცვალა, ოსური მხრიდან კი მურატ ჯიოევი ეგორ კოჩიევმა ჩაანაცვლა. შეხვედრამ 6 საათს გასტანა და მოლაპარაკებებიდან გამოსულმა მონაწილეებმა მხოლოდ იმაზე ისაუბრეს, როგორაა აცდენილი მათი შეხედულებები ერთურთისას. საუბრის მთავარ თემას არჩილ ტატუნაშვილის საქმე წარმოადგენდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ორი დღის წინ გასცა დასკვნა, რომლის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილს ასზე მეტი ჭრილობა აქვს სხეულზე, რაც მისი სიცოცხლის განმავლობაშია წარმოქმნილი.

„მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები, ასევე ჭრილობები განვითარებული ბრტყელი, ცილინდრული ფორმის საგნის მრავალჯერადი ზემოქმედების შედეგად“ და სხვა, რომელთა შესახებ დასკვნაშია საუბარი სრულ წინააღმდეგობაშია რუსული მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებთან, რომლის მიხედვით ტატუნაშვილის გარდაცვალება გულის უკმარისობამ გამოიწვია. მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნის არსებობისა, ქართულ მხარეს ერგნეთის შეხვედრაზე ის არ მიუწოდებია ოსური და რუსული მხარისთვის, რადგან ამ დრომდე დასკვნის თარგმნა ვერ მოესწრო. აი, რას აცხადებს ირაკლი ანთაძე:

„შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და წამების საკითხს. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე კატეგორიულად მოვითხოვეთ შინაგანი ორგანოების გადმოცემა. ჩვენი ამოცანაა ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა არსებულ კითხვას, ასევე აღსრულდეს სამართალი ამ ტრაგედიის ავტორთა მიმართ. რაც შეეხება ექსპერტიზის დოკუმენტს, ის შედგენილია ქართულ ენაზე და მისი მატერიალური სახით გადაცემის შემთხვევაში, შესაძლო იყო მათ ვერ მოეხერხებინათ ამ დოკუმენტის წაკითხვა ადგილზე“.

ეგორ კოჩიევი, ოსური მხარის წარმომადგენელიც, შესაბამისად, ამბობს: „ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოგვიდგინა, შესაბამისად, ვერ გავეცანით ამ დოკუმენტს. ამიტომ, არ მაქვს კომენტარი. რაც შეეხება შინაგანი ორგანოების გადაცემას, არ ვარ მე ექსპერტი. ამ კითხვას პასუხი ოსურმა მხარემ უკვე გასცა. არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვას იმის თაობაზე, მოკლულია თუ არა არჩილ ტატუნაშვილი“.

ექსპერტები ტატუნაშვილის ცხედრისთვის კომისიური ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ დამატებით, რამაც კიდევ უფრო მეტი სიცხადე უნდა შესძინოს საქმეს. ქართული მხარე სწორედ ამ ექსპერტიზის შემდგომ გეგმავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვას რუსეთის წინააღმდეგ.

ერგნეთის შეხვედრაზე ტრადიციული განსახილველი თემა ადამიანთა უკანონო გატაცებები გახლავთ. ამერიკის ხმამ ჩაწერა მამა იოანე ოხანაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის ეკლესიის წინამძღვარი, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. დაკავების დროს მღვდელმსახური შესაბამისი სამოსით იყო წარმოდგენილი და ერთმორწმუნე „კანონისდამცველებს“ მისი იდენტიფიცირება არ უნდა გასჭირვებოდათ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსული ეკლესია ქართული ეკლესიის იურისდიქციას ამ ტერიტორიაზე ცნობს. მიუხედავად ყველაფრისა, მამა იოანე ცხინვალის კარცერში, მართალია, რამდენიმე საათით, მაგრამ მაინც მოხვდა.

დირბის ეკლესიის წინამძღოლის მთავარი სათქმელი, მშვიდობისა და ადამიანური ურთიერთობების აღდგენისკენ გადასადგნელი ნაბიჯების აუცილებლობას ეხება. საინტერესოა მისი დაკავების ისტორია. იგი დირბის ახლოს V-VI საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოსალოცად იმყოფებოდა, როდესაც შორიახლოს შენიშნა სხვა სალოცავი. ახლოს მისულმა კი აღმოაჩინა, რომ ის მეზობელი ოსური სოფლის, დიდმუხას მაცხოვრებლების მიერ მოწყობილი სალოცავია, რომლის ორგანიზების საჭიროება მათთვის მას შემდეგ დადგა, რაც რუსმა მესაზღვრეებმა გაავლეს პირობითი საზღვარი ქართულ სალოცავთან. 2008 წლამდე წმინდა გიორგის ეკლესია ოსებისთვის და ქართველებისთვის საერთო სალოცავი იყო, ახლა კი იქ მისვლას ოსურენოვანი მრევლი ვეღარ ახერხებს.

„19 წელიწადია მანდ ვმსახურობ და ხშირად მივდივარ წმინდა გიორგის ტაძარში, რომელიც მთაზეა. იქ სიკეთისთვის, მშვიდობის გარდმოვლენისთვის, უნდა აღესრულებოდეს ლოცვა და მეც სწორედ ამის გამო წავედი. ტაძრის გარშემო პატარა ადგილია, ძველი საფლავებით, ვათვალიერებდი გარემოს და შორიახლოს დავინახე სამლოცველო. ნიშია გაკეთებული და ხატი დაბრძანებული, როგორც ჩანს მუგუთის მოსახლეობამ გააკეთა. შიში აქვთ, ხელშემშლელი პირობებია, ვერ გადმოდიან აქეთ, იქიდან რუსები დარაჯობენ... ადრე წმინდა გიორგის ეკლესიაში ვლოცულობდით, ყველა ერთად. 2008 წლის შემდგომ ვითარება უფრო დაიძაბა, მუგუთელი ოსები ვეღარ გადმოდიან და როგორც ჩანს, იქით მოაწყვეს სამლოცველო. ეს რომ შევამჩნიე, მივედი სანთლის დასანთებად. ველოდებოდი სანთლის ჩაქრობას, როცა რუსი მესაზღვრეები მოვიდნენ. ჯერ იქვე ბაზაზე წამიყვანეს, შემდგომ დარეკეს და ცხინვალში გადამიყვანეს.“

მამა იოანეს დაკავების შემთხვევა ერთგვარი გამონაკლისია იმით, რომ მას ჯარიმა ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არ გადაუხდია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG