ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიგით მერვე - იან კელი


იან კელი, ირაკლი ღარიბაშვილი
იან კელი, ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში მუშაობას შეუდგა ამერიკის რიგით მერვე სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იან კელი. იგი თბილისში, წინა კვირას ჩამოფრინდა და უკვე გადასცა რწმუნებათა სიგელი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. ახალი ელჩი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

62 წლის კარიერული დიპლომატი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, საქართველოში ელჩად 7 თვის წინ წარადგინა. სენატმა კელი ამ თანამდებობაზე 26 ივნისს დაამტკიცა. საქართველოში დანიშვნამდე, ელჩი კელი ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს ასწავლიდა.

საინტერესოა, რომ იან კელი საქართველოს პირველად, 39 წლის ასაკში, 1976 წელს სტუმრობდა. სლავური ენებით გატაცებული,იყო რუსული ენის პროგრამის რეზიდენტი საბჭოთა კავშირში. შემდეგ ლენინგრადსა და მოსკოვში მუშაობდა, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს თანაშემწედ. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ელჩმა კელიმ კერძოდ აღნიშნა:

„განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს წინაშე მდგარ უმწვავეს გამოწვევებს: როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ასევე საქართველოს თავისუფლება თავად გააკეთოს არჩევანი თუ რომელი ალიანსის წევრი გახდება, როგორ უსაფრთხოების სისტემაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.“

იან კელი ამერიკელ დიპლომატთა იმ კატეგორიას მიეკუთნება, რომლებსაც რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სპეციალისტს უწოდებენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კელი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამერიკის საელჩოების გახსნას, 15-ვე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. მოგვიანებით, ასევე იყო, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის განკუთნილი დახმარების პროგრამის „დემოკრატიული ინიციატივების“ დირექტორი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოებში ავსტრიაში, იუგოსლავიაში, თურქეთში, იტალიაში; სახელწმიფო დეპარტამენტში იყო რუსეთის ბიუროს დირექტორი, შემდეგ სპიკერი. უმუშავია ნატოში და ამერიკის ელჩად ეუთოში. პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი ამბობს:

„აშშ ყველა ორგანიზაციაში, სადაც საქართველოც არის წარმოდგენილი და შტატებიც იყო და არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების მხარდამჭერი. ელჩების ცვლილებით არ იცვლება ქვეყნებს შორის ურთიერთობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ელჩის აქტიურობას და ენერგიულობას თავისი კვალი შეუძლია დააჩნიოს, ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

იან კელის აქვს დოქტორის ხარისხი სლავურ ენებსა და ლიტერატურაში: საუბრობს სერბულ, ხორვატულ, რუსულ, იტალიურ და თურქულ ენებზე. ახალი ელჩი თბილისში მეუღლესთან ფრანჩესკასთან ერთად ჩამოვიდა, მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

კელი თბილისში ამერიკის შეერთებულული შტატების რიგით მერვე ელჩია. მან ამ თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდი შეცვალა, რომელმაც საქართველოში, თითქმის, სამწლიანი მოღვაწეობა ზაფხულში დაასრულა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 23 აპრილს გაფორმდა. პირველი ელჩი კენთ ბრაუნი თბილისში, იმავე წლის, სექტემბერში ჩამოვიდა. ამერიკის ელჩებად საქართველოში ასევე იმუშავეს: უილიამ კორთნიმ, კენეტ იალოვიცმა, რიჩარდ მაილსმა, ჯონ ტეფტმა და ჯონ ბასმა.

XS
SM
MD
LG