ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში დიდ წყალდიდობებს ელიან


ქარიშხალ "ფლორენცის" ეპიცენტრი კოსმოსური თანამგზავრიდან

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მოახლოებული ქარიშხალ "ფლორენცის" გამო, რამდენიმე შტატის მოსახლეობა ძლიერი წყალდიდობისთვის ემზადება. დღეს ქარის სიჩქარემ ცოტა იკლო და ოთხშაბათს, სიმძლავრის მეოთხე კატეგორიის მინიჭების შემდეგ, პროგნოზი შეიცვალა.

სინოპტიკოსებმა ქარიშხალი ახლა მეორე კატეგორიაზე ჩამოაქვეითეს. თუმცა, შტორმის დიდი მასშტაბების და მოსალოდნელი ნალექის გამო, წყალდიდობების საფრთხე კვლავ ძალიან აქტუალურია.

განსაკუთრებით ძლიერ წვიმას და მრავლობით დატბორვას ელიან ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში. ამ ორი შტატის სანაპირო ზოლის მოსახლეობას მოსამზადებლად მხოლოდ დღევანდელი დღე რჩება.

ოკეანეში მძვინვარე ქარიშხლის ხმელეთთან შეხებას პარასკევს დილიდან შაბათის ჩათვლით ელიან. ქარის სიჩქარე შტორმის სხვადასხვა მონაკვეთში, საათში 130-დან 175 კილომეტრამდეა. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელი ნალექის რაოდენობა სანაპირო დასახლებებში 50 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე იქნება.

ამერიკის იმ ნაწილში, სადაც ყველაზე დიდ ქარს და წვიმას ელიან, 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ხუთშაბათს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ასევე ვირჯინიის, მერილენდის შტატებში და კოლუმბიის ოლქში, სადაც ამერიკის დედაქალაქი, ვაშინგტონი მდებარეობს. მათ სიას მოგვიანებით ჯორჯიის შტატიც შეუერთდა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქარიშხალთან გამკლავება ახლა მისი მთავარი პრიორიტეტია. "ჩვენ მას გავუმკლავდებით. ჩვენ მზად ვართ. ეს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია" - თქვა მან ოთხშაბათს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG