ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰამაზე ქარიშხალ "დორიანისგან" მიყენებულ ზიანს აფასებენ


სინოპტიკოსებმა სიტყვები „კატასტროფული“ და „დამანგრეველი“ გამოიყენეს ქარიშხალ „დორიანის“ დასახასიათებლად, რომელმაც ბაჰამის დიდ კუნძულს სიცოცხლისთვის საშიში შტორმის შეტევით ნელა გადაუარა. შტორმს კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი ახლდა. „დორიანი“ ბაჰამასთვის მეტ საშიშროებას წარმოადგენდა, რადგან ნელა მოძრაობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ძალა უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგრძნობოდა.

შეერთებული შტატების ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ შტორმი დასავლეთის მიმართულებით საათში 2 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა და ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 270 კილომეტრი იყო. წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, ხელისუფლების პირველადი შეფასებით ბაჰამის დიდ და აბაკოს კუნძულებს სერიოზული ზიანი მიადგა, 13 ათასი სახლი მძიმედ დაზიანდა ან განადგურდა.

შტორმის შედეგად დაშავებული ადამიანების რიცხვი და ზიანის მასშტაბი ორშაბათს დღის ბოლოსკენ გაირკვევა.

შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარე შტატებში გაფრთხილებები გამოცხადდა და ყველაზე საშიში ადგილებიდან ადამიანების ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ევაკუაციის ბრძანებები ძალაში ორშაბათს შევიდა და ფლორიდის, ჯორჯიის და სამხრეთ კაროლინის შტატებს შეეხება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა, რათა შინ დარჩეს და შტორმს დააკვირდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG