ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიმშილობა როგორც პროტესტი - ცნობილი ფაქტები და ისტორიული ექსკურსი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროში შიმშილობას აგრძელებს. ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავებიდან რამდენიმე საათში გამოაცხადა. შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რომელსაც მსოფლიოში როგორც აქტივისტები, ასევე პოლიტიკოსები სხვადასხვა მიზეზით მიმართავენ ხოლმე.

ქვემოთ მიმოვიხილავთ, თუ როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, შიმშილობის გარშემო და გთავაზობთ შიმშილობის ყველაზე ხანგრძლივ და ცნობილ შემთხვევებს მსოფლიოში, რომლებიც ისტორიამ შემოინახა.

შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა

ზოგიერთ ქვეყანაში შიმშილობას კანონი კრძალავს და პატიმრობასაც ითვალისწინებს. ხშირია შემთხვევებიც როდესაც მოშიმშილეებს ჭამას აიძულებენ, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის წამებად მიიჩნევს. სასამართლო შიმშილობას პროტესტის გამოხატულებად თვლის.

შიმშილობას პროტესტის ფორმად აღიარებს წითელი ჯვარიც. მსგავასად სტრასბურგის სასამართლოსი, ორგანიზაცია ადამიანის წამებად თვლის პატიმრის იძულებით კვებას, საკანში მისთვის საჭმლის განთავსებას და სხვა მსგავს ქმედებებს.

მოშიმშილეების მიზანი საზოგადოების ყურადღების მიქცევა ან მთავრობის გარკვეული მოქმედებისკენ იძულებაა. პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა, მათთვის ვინც მას მიმართავს, უმეტესად ერთადერთი საშუალებაა უკმაყოფილების გამოსახატად. სწორედ ამიტომ, ხშირად მას პატიმრები მიმართავენ.

შიმშილობა საქართველოს კანონმდებლობაში

საქართველოში მოშიმშილე მსჯავრდებულთა უფლებებს, 2000 წლის 24 მარტის ბრძანება #35 იცავს. Ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი პატიმრის უფლებები და ის ზომებიც, რომელიც ციხის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.

ბრძანების მიხედვით, ყოველდღიურად მოშიმშილე პატიმარს უნდა მიეწოდოს საუზმე, სადილი და ვახშამი. Პაციენტს უნდა გააცნონ ექიმის რეკომენდაციები, საჭმლის მიღების აუცილებლობის შესახებ, უარის თქმის შემთხვევაში კი 2 საათის განმავლობაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღრიცხვა პატიმრისთვის მიწოდებული საკვების აღრიცხვის ბარათში. კანონში ნათქვამია, რომ თუ მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ადმინისტრაცია ვალდებულია აღმოუჩინოს მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ადამიანის გადაწყვეტილება უარი თქვას საკვებზე და სასმელზე, მისი ჯანმრთელობისთვის დიდ რისკებს შეიცავს და შესაძლოა სიკვდილითაც დასრულდეს.

"რადიო თავისუფლების" მიხედვით, შიმშილობის დროს ყველაზე რთული პერიოდი 45 დღის შემდეგ დგება, ეს იმ შემთხვევაში თუ პირი შიმშილობის დაწყებამდე ჯანმრთელი იყო და სითხეს იღებს. მაგრამ თუ ადამიანი სითხეს არ იღებს, სიკვდილის რისკი პირველივე კვირაში იზრდება.

მანიპურის რკინის ლედი - აქტივისტი ინდოეთიდან

49 წლის აქტივისტი ინდოეთიდან ირომ ჩანუ შარმილა შიმშილობის ხანგრძლივობით მსოფლიო რეკორდსმენია. ის16 წლის განმავლობაში შიმშილობდა. შარმილას რკინის ლედიდ მოიხსენიებენ, რადგან საკუთარი დადებული პირობა ბოლომდე შეასრულა. პროტესტი მან 2016 წელს შეწყვიტა. შარმილა ინდოეთში შეიარაღებული ძალების სპეციალური უფლებამოსილების კანონს აპროსტებდა​, რომელიც ჯარისკაცებს ორდერის გარეშე ადამიანების დაკავების და გარკვეულ შემთხვევაში ცეცხლის გახსნის უფლებასაც აძლევდა. მიუხედავად პროტესტისა, კანონი არ შეცვლილა.

შარმილა შიმშილობის დაწყებიდან მალევე დააკავეს, რადგან ინდოეთის კანონმდებლობით ეს სუიციდის მცდელობად ითვლება, რაც დანაშაულს წარმოადგენს. მალევე მისი ნების საწინააღმდეგოდ მას წვეთოვანის მეშვეობით სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებს აწვდიდნენ. შარმილამ პატიმრობის მიუხედავად შიმშილობა არ შეუწყვეტია და 16 წლის განმავლობაში მას არც წყალი დაულევია და არც საჭმელი მიუღია.

2016 წელს, შარმილამ, შიმშილობის შეწვეტა, სიმბოლურად, ჟურნალისტების თანდასწრებით, თაფლის მიღებით აღნიშნა. ის პატიმრობის დროს „საერთაშორისო ამნისტიამ“ სინდისის პატიმრად გამოაცხადა.

განდის 17 შიმშილობა

ისტორიაში შიმშილობით გამოხატული პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი მაჰათმა განდის სახელს უკავშირდება. წყაროების მიხედვით, განდიმ ინდოეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნით შიმშილობა 17-ჯერ გამოაცხადა.

ბაგატ სინგის – 116 დღე

განდისთან ერთად მაშინ მისი მხარდამჭერებიც შიმშილობდნენ. 116 დღის განმავლობაში შიმშილობდა მისი მიმდევარი, ბაგატ სინგი. Შიმშილობის დამთავრების მომენტში ის 54 კოლოგრამს იწყონიდა.

მაჰათმა განდის წამოწყებულმა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას ეფუძნებოდა, ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა. ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტი 1947 წლით თარიღდება.

ოლეჰ სენცოვის 145 დღე

უკრაინელი კინორეჟისორი ოლეჰ სენცოვი ერთ-ერთი მათ შორის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმართავდა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.

სენცოვი 2014 წელს ყირიმში მაშინ დააკავეს, როდესაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ანექსია მოახდინა. 4 წლის თავზე, 2018 წლის 14 მაისს მან რუსეთის მიერ დაკავებული ყველა უკრაინელი ჯარისკაცის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის პერიოდში, ის გარკვეულ სამედიცინო დახმარებას იღებდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო 2018 წლის 6 ოქტომბერს მან შიმშილობა შეწყვიტა. საერთო ჯამში, სენცოვმა 145 დღის განმავლობაში იშიმშილა. რუსეთმა ის მოგვიანებით, მოსკოვისა და კიევის პატიმრების გაცვლის შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა.

ნავალნის 24 დღე

უკანასკნელი წლის განმავლობაში, ყველაზე გახმაურებული შიმშილობის აქტი პუტინის მთავარ კრიტიკოსს ალექსეი ნავალნის სახელს უკავშირდება. ნავალნი ზუსტად 24 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 2021 წლის 31 მარტს დაწყებული შიმშილობა ნავალნიმ 24 დღეში მისი ექიმებისა და საერთაშორისო საზოგადოების თხოვნით შეწყვიტა. ექიმები მაშინ ამბობდნენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და თუ შიმშილობას არ შეწყვეტდა არსებობდა გულის გაჩერების საფრთხე.

სანდესის 66 დღე

ირლანდიელმა ნაციონალისტმა ბობ სანდესმა და პატიმრების ნაწილმა ირლანდიაში 1976 წელს შიმშილობა გამოაცხადეს. ამის მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც სანდერსს და სხვა პატიმრებს მოეხსნათ სპეციალური სტატუსი, რომლითაც მათ საშუალება ჰქონდათ ციხეში საკუთარი სამოსი სცმოდათ. შიმშილობა 66 დღეს გაგრძელდა და მას 10 პატიმრის გარდაცვალება მოჰყვა, მათ შორის იყო ბობ სანდესიც.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG