ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი ევროპას გაცილებით მეტ გაზს აწვდის


უკრაინაში რუსეთის ომის და რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ შეჩერების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ აზერბაიჯანი ევროპას გაცილებით უფრო მეტ გაზს აწვდის, ვიდრე გასულ წელს.

ბაქოში ამბობენ, რომ ბოლო რვა თვეში, აზერბაიჯანიდან ევროპამ 7.3 მილიარდი კუბურტი მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი მიიღო.

„2022 წელს ევროპაში [გაზის] მიწოდების მთლიანი მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც 2021 წელთან შედარებით 31%-ით მეტია,“- წერს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, ფარვიზ შაჰბაზოვი.

ბაქოს მონაცემებით, გაზრდილია გაზის მიწოდებაც, მაჩვენებელი 10 %-ს შეადგენს. ივლისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც 2027 წლისთვის აზერბაიჯანიდან ევროპის მომარაგების გაორმაგებას ითვალისწინებს. საუბარია 20 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე.

დადებული შეთანხმება, სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებასაც ითვალისწინებს, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოში, თურქეთში და საბერძნეთში გადის.

7 სექტებმერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა წევრ ქვეყნებს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე საფასურის ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით, შეთანხმებისკენ მოუწოდა. ინიციატივას კრემლში მალევე გამოეხმაურნენ. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ შეწყვეტს ყველა ქვეყნის გაზმომარაგებას, რომელიც ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფასების ლიმიტს დააწესებს.

ამ წლის მაისში ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებენ რუსული ნავთობის იმპორტის წლის ბოლომდე, ეს სანქციების ნაწილია, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა. თუმცა, ევროკავშირს არ შეუზღუდავს რუსული გაზის იმპორტი, რაც 2021 წელს 155 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.

რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება, რათა ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ შეავსონ რეზერვები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროკომისია მუშაობს „გაზზე მოთხოვნის შემცირების“ გეგმაზე, რათა ზამთარი ევროპულმა ქვეყნებმა გადაიტანონ. გერმანიაში ამბობენ, რომ მარაგებით 80 პროცენტზე მეტი უკვე შევსებული აქვთ.

ამ დრომდე არ მუშაობს გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“. ევროპაში მიაჩნიათ, რომ რუსეთი მას როგორც პოლიტიკურ იარაღს იყენებს, მაგრამ კრემლი ბრალდებებს უარყოფს. პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ გაზსადენი „პრაქტიკულად დაიხურა“ და ასეც დარჩება. კრემლი ამტკიცებს, რომ მილსადენის ტურბინა მწყობრიდან არის გამოსული და მას შეკეთება ესაჭიროება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG