ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ შეცვალა სადავო არჩევნებმა ამერიკის დემოკრატია


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის პირველი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ დავობს.

საარჩევნო ხმებთან დაკავშირებული თაღლითობისა და გაყალბების შესახებ ბრალდებები გამოითქვა 1960 წელსაც, როცა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები დემოკრატი ჯონ კენედი და რესპუბლიკელი რიჩარდ ნიქსონი იყვნენ. რესპუბლიკელები ეჭვობდნენ, რომ ჩიკაგოს მერი, რიჩარდ დეილი, ხმათა რაოდენობით მანიპულირებდა და თაღლითურად მოქმედებდა ილინოისის შტატში, კენედის გამარჯვების სასარგებლოდ. მაგრამ, საბოლოოდ, რესპუბლიკელმა ნიქსონმა საკითხის გამოძიებაზე უარი განაცხადა.

ხმის მიცემის მოდერნიზებული სისტემა

წარსულში სადავო არჩევნებმა, თანამედროვეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოხადინა.

2000 წელს, მწვავე ფონზე ჩატარებულმა არჩევნებმა საბოლოოდ საქმე საარჩევნო სისტემის განახლებამდე მიიყვანა. 20 წლის წინ, როცა პრეზიდენტობისთვის რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში და დემოკრატი ალ გორი იბრძოდნენ, ფლორიდის შტატში გამართული არჩევნების შედეგების შესახებ დავა, საბოლოოდ, უზენაეს სასამართლოში წარიმართა.

“აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, “Punch Card” - ს იყენებდნენ. ამ სისტემის მიხედვით, ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემას, მოწყობილობა აფიქსირებდა. ამომრჩეველი ბარათებს ხვრეტდა. მოწყობილობები და თავად ეს სისტემა საკმაოდ მოძველებული იყო. ქაღალდზე ან საარჩევნო ბარათზე ხვრელების გაკეთებით ხმის მიცემა მეთოდად, 1890-იანი წლებიდან გამოიყენებოდა. 2000 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ფლორიდაში სწორედ ამ სისტემას იყენებდნენ. აღმოჩნდა, რომ მოწყობილობები ხარვეზით მუშაობდა და ამომრჩევლის დაბნევასაც იწვევდა“ - ამბობს რობერტ შპილი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი, „Penn State University”-დან.

„ამის შესახებ, საარჩევნო კომისიების ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ, თუმცა არჩევნებამდე ეს საჯაროდ არ გახმაურებულა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ამ სისტემის პრაქტიკიდან ამოღება და დღეს ამერიკელები, თანამედროვე ხმის მიცემის სიტემებს იყენებენ“ - ამბობს შპილი.

მაშინ, ალ გორიმ, საარჩევნო კოლეგიის ხმათა რაოდენობით, საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, თუმცა ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა სწორედ მან მიიღო.

დამანგრეველი შედეგები

1876 წელს, სადავო არჩევნებმა, როცა ერთმანეთს რესპუბლიკელი რეზერფორდ ჰეისი და დემოკრატი სამუელ ტილდენი უპირისპირდებოდნენ, ამერიკის სამხრეთით, გათავისუფლებული აფროამერიკელი მონების უფლებების შეზღუდვა და დამორჩილება გამოიწვია.

ორივე პარტია აცხადებდა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმათა უმრავლესობა თავად მიიღო. მაგრამ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც სამხრეთელი ყოფილი მონათმფლობელები უჭერდნენ მხარს, საბოლოოდ, არჩევნები დათმეს. თუმცა, მხოლოდ გაერთიანების ჯარების გაყვანის სანაცვლოდ, რომლებიც სამხრეთში, 11 წლით ადრე გათავისუფლებულ მონებს, სამოქალაქო ომის შემდეგ იცავდნენ.

„ძალიან სწრაფად, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სამხრეთს ამერიკის სამოქალაქო ომამდე მართავდნენ და მხარს უჭერდნენ მონათმფლობელობას, კვლავ შეძლეს სამხრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დომინირება, რამაც, 19 საუკუნის დასასრულისთვის, აფროამერიკელებისთვის ყველა პოლიტიკური თუ სოციალური უფლებების დაკარგვა გამოიწვია“ - აცხადებს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, რობერტ შპილი.

ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ ამ მოვლენებმა შეუწყო ხელი რასობრივი სეგრეგაციის დაკანონებას.

დემოკრატია საფრთხეშია?

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ერზე, კენჭისყრის პროცესის კითხვის ქვეშ დაყენებამ - ამ საკითხზე საუბრისას, პოლიტიკურ მეცნიერებათა ასისტენტ პროფესორი, კლარკსონის უნივერსიტეტიდან, ალექსანდერ კოენი ლათინურ ამერიკასა და აფრიკის ქვეყნებში, დემოკრატიის მარცხის მაგალითზე საუბრობს.

„როცა ხალხს ფუნდამენტურად სწამს, რომ პოლიტიკური სისტემა უსამართლოა და მათთვის არ მუშაობს, როცა ისინის ფიქრობენ, რომ მათ ხმას მნიშვნელობა არ აქვს, ეს შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი გახდეს დემოკრატიის წარუმატებლობის, მისი ჩავარდნის“ - ამბობს კოენი.

კოენი ვერ ხედავს ნიშანს, რომ ამერიკულ დემოკრატიას სადავო არჩევნებმა რაიმე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

„ჩვენ კვლავ გვაქვს კანონის უზენაოესობა. ჩვენ კვლავ ვიცავთ მის უზენაესობას და ჯერჯერობით, ტრამპის კამპანია კანონის უზენაესობას მისდევს“ - ამბობს კოენი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG