ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატა ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიებას ფორმალურად იწყებს


ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

ნენსი პელოსიმ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა განაცხადა, რომ პალატა ოფიციალურად იწყებს გამოძიებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის. განცხადება ვაშინგტონში სამშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათისთვის გაკეთდა.

პრეზიდენტს უკრაინისთვის განკუთვნილი სამთავრობო დახმარების საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის ინტერესებისთვის გამოყენება ბრალდება. "ამ კვირაში პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოსთხოვა ისეთი ქმედება, რაც მას პოლიტიკურ მოგებას მოუტანდა. ეს ქმედება... ამჟღავნებს ფიცის დარღვევის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ღალატის და არჩევნების ხელშეუხებლობის ღალატის უმსგავსო ფაქტს" - განაცხადა პელოსიმ. მან წარმომადგენელთა პალატის 6 კომიტეტს დაავალა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. "პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს. კანონზე მაღლა არავინაა" - თქვა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა.

პელოსის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ განცხადებას "პრეზიდენტის შევიწროება" უწოდა. შემდეგ კი დაწერა, რომ დემოკრატები "მიზანმიმართულად" ანგრევენ და აუფასურებენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღწეულ წარმატებას. "ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის".

უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალი გასულ კვირას დაიწყო, თუმცა პირველი ინფორმაცია მედიაში გაზაფხულზე გაჩნდა. იმპიჩმენტის პროცედურა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღიარებამ დააჩქარა. ტრამპმა სამშაბათს დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის განსაზღვრული ასობით მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა, უშუალოდ მისი განკარგულების საფუძველზე შეჩერდა. დახმარების გაყინვიდან ერთ კვირაში, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვების მისალოცად დაურეკა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საუბრის დროს, კონგრესის მიერ ბიუჯეტიდან უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკელი გადამხდელების თანხა პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის ლიდერზე ზეწოლისთვის გამოიყენა. ბრალდების მიხედვით, ტრამპი კიევს ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი მთავარი ოპონენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმის გამოძიებას სთხოვდა. ეს ინფორმაცია ტრამპის პირადმა ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ "სი-ენ-ენის" პირდაპირ ეთერში დაადასტურა.

ამავე ფაქტზეა საუბარი ამერიკის დაზვერვის თანამშრომლის საიდუმლო საჩივარშიც, რომლითაც მან შეერთებული შტატების გენერალურ ინსპექტორს ოფიციალურად მიმართა. საჩივრის ავტორის ვინაობა ჯერჯერობით არ მჟღავნდება.

თეთრი სახლი დღეს ორი დოკუმენტის გამოქვეყნებას გეგმავს. ადმინისტრაცია გაასაჯაროებს როგორც საიდუმლო საჩივრის შინაარსს, ასევე პრეზიდენტ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტის საუბრის ჩანაწერს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG