ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ადასტურებს, რომ უკრაინას დახმარება მან შეუჩერა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის განსაზღვრული დახმარების გამოყოფა, უშუალოდ მისი განკარგულების საფუძველზე შეჩერდა. აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტიდან უკრაინას 400 მილიონ დოლარამდე დახმარება დაუმტკიცა.

ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საკითხი პრეზიდენტს პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საბაბადაც კი იქცეს. საქმე იმაშია, რომ დახმარების შეყოვნება ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის წინ მოხდა. არსებობს ეჭვი, რომ ამ საუბრის დროს, ამერიკელ გადამხდელთა თანხის გაყინვა, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის ლიდერზე ზეწოლისთვის გამოიყენა, რათა კიევს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის წამყვანი ოპონენტის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმე გამოეძიებინა. ამაზე საუბარია ამერიკის დაზვერვის თანამშრომლის საიდუმლო საჩივარშიც, რომლითაც მან გენერალურ ინსპექტორს ოფიციალურად მიმართა. საჩივრის ავტორის ვინაობა ჯერჯერობით არ მჟღავნდება.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სამმა კომიტეტმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ოფიციალური წერილით მიმართა. ისინი ითხოვენ, რომ პომპეომ ამ სატელეფონო საუბრის დეტალები კანონმდებლებს გადასცეს. კონგრესმენებისთვის ასევე ცნობილია, რომ სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები შუამდგომლობდნენ ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის შეხვედრას უკრაინის ოფიციალურ პირებთან, სადაც საუბარი ბაიდენის საქმის გამოძიებას შეეხო. ეს ფაქტი ტრამპის პირადმა ადვოკატმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა.

დემოკრატი სენატორი კრის მერფი აცხადებს, რომ ის რამდენიმე კვირის წინ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. სენატორის თქმით, უკრაინელები წუხდენენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი დახმარების გაყინვა იყო "ბაიდენების საქმის გამოუძიებლობის შედეგი".

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ საუბარში არასწორი არაფერი ყოფილა და უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ტრამპის თქმით, ეს "სასიამოვნო ზარი" იყო, რომელიც ზელენსკისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას ითვალისწინებდა. რაც შეეხება თანხების გაყინვას, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, დახმარება უკვე გადაირიცხა. ამ ნაბიჯის გადადგმა კი მას ადრე არ სურდა მანამ, ვიდრე იგივეს არ მოიმოქმედებდა ევროპა და სხვა ქვეყნები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG