ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საყოველთაო ჯანდაცვა უნივერსალური უნდა იყოს


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ მინიმალურ ჯანდაცვაზე ხელი ყველას უნდა მიუწვდებოდეს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:05:12 0:00
ბმული

2005 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 194-ივე წევრმა საყოველთაო ჯანდაცვის შემოღებისადმი მტკიცე ერთგულება გამოხატა. თუმცა, 8 წლის მანძილზე მათგან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიაღწია სასურველ შედეგს. დღეისათვის დედამიწაზე მცხოვრები მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს მიუწვდება ხელი უნივერსალურ ჯანდაცვაზე. უდიდეს უმრავლესობას კი ჯანდაცვის ხარჯების გადახდა საკუთარი ჯიბიდან უწევს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მინიმალურ ჯანდაცვაზე ხელი დედამიწაზე ყველა ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს და ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში, უსახსრობის გამო ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ქვეყნების სპეციფიკის მიხედვით, მინიმალური ჯანდაცვა სასურველია ფარავდეს იმ აუცილებელ მომსახურებას, რომელიც ამა თუ იმ რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი.

უნივერსალური ჯანდაცვა ორგანიზაციის აზრით, უნდა ანაზღაურებდეს პრევენციულ ზომებს, მკურნალობას, რეაბილიტაციას და შემამსუბუქებელ სამედიცინო მომსახურებას. იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჯანდაცვის საჭიროება ხშირად ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, ყველა ქვეყანამ ის სისტემა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც მის სპეციფიკას მეტად მიესადაგება.

ქრისტოფერ დაი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ჯანდაცვის ინფორმაციის ოფისის, შიდსის, ტუბერკულოზის, მალარიის და ტროპიკული დაავადებების ოფისის დირექტორია. ის ამავე დროს ორგანიზაციის უახლესი ანგარიშის ხელმძღვანელი და წამყვანი ავტორიც გახლავთ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის აუცილებლობას ეხება. მისი თქმით, ქვეყნებმა ადგილობრივ სამეცნიერო კვლევებშიც მეტი თანხა უნდა ჩადონ, რომ დააზუსტონ, თუ რა სახის საყოველთაო ჯანდაცვაა უფრო მისაღები კონკრეტულად მათი სახელმწიფოსთვის.

ქრისტოფერ დაის შიდსის შემთხვევების მაგალითი მოჰყავს. ექიმის განმარტებით, ინფიცირებული მოსახლეობის თითქმის ნახევარს ანტირეტროვირუსული თერაპია ეკუთვნის და მას იღებს კიდეც. მაგრამ დამატებითი კვლევაა საჭირო იმისთვის, რომ დაზუსტდეს, თუ როგორ შეიძლება დარჩენილი ნახევრისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. პრობლემის მასშტაბის თვალსაჩინოებისთვის, მას კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს:

ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონამდე ადამიანს ჯანდაცვის კატასტროფულად ძვირი ხარჯის დაფარვა უწევს. ვგულისხმობთ მათ, ვისაც ამ თანხების გადახდა საკუთარი ჯიბიდან უხდება, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ. რომელი და როგორი მექანიზმების შემუშავებაა საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობა ფინანსური რისკისგან დავიცვათ და პარალელურად ჯანდაცვის კატასტროფულად მზარდი თანხები მინიმუმზე დავიყვანოთ “- კითხულობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და კითხვაზე სწორი პასუხის გასაცემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დახმარებად ორგანიზაციის მიერ მომზადებულ უახლეს ანგარიშს ასახელებს.

ანგარიშში ნაჩვენებია, თუ როგორ და რა სახის კვლევის საშუალებით არის შესაძლებელი უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის შემუშავება, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებს აღნუსხავს და მიაღწევს იმას, რომ იქ თითოეულ ადამიანს ფინანსური სირთულეების გარეშე მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის მომსახურებებზე.

გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ კვლევა ყველა ქვეყანაშია ჩასატარებელი, იმის მიუხედავად, დაბალშემოსავლიანია ის, საშუალო, თუ მაღალშემოსავლიანი. ყველას სპეციფიური პრობლემების ნუსხა აქვს, რომელთა უგულვებელყოფა დაუშვებელია და თითოეულ შემთხვევაში მონაცემები ინდივიდუალურად შესასწავლი და დასამუშავებელია.

ექიმი ქრისტოფერ დაი აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხის გაცემა ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს და რომ ეს აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს. სამეცნიერო კვლევის ეტაპის შემდეგ დგება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების პრობლემა. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი დილემაა, განსაკუთრებით ეკონომიკური რეცესიების ფონზე, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას დაატყდა თავზე და ჯერ კიდევ ბევრს ემუქრება. თუმცა, ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ჩრდილოეთ ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ახერხებენ სოციალური მომსახურების და საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემებისთვის თავის გართმევას. ქრისტოფერ დაის თქმით, ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობის ბევრად უკეთეს მონაცემებშიც აისახება.

ჯანდაცვის სფეროში გაკეთებული ეკონომია ქვეყანას საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ძვირი უჯდება და ამიტომ არასწორ ეკონომიკურ გათვლას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ქვეყანა ბევრად უფრო მეტს იხდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვაში, ვიდრე სწორი და დროული მენეჯმენტის დროს. ასე რომ ჯანდაცვის ბიუჯეტზე ეკონომიის გაკეთება მთავრობისთვის ყოველთვის მცდარი და წამგებიანი სტრატეგიაა“ - აღნიშნავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

აცნობიერებს რა ჯანდაცვის მომსახურების ფასების მუდმივ ზრდას, ექიმი ქრისტოფერ დაი იმასაც ამბობს, რომ ლიმიტირებული ბიუჯეტითაც შეიძლება და აუცილებელიც არის მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფა, თუნდაც ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში. მისი თქმით, მთავარია ქვეყნების მთავრობებმა მეტად მოინდომონ და ჯანდაცვის სისტემის ხარჯები სწორად დაგეგმონ და მართონ, რათა მომსახურება სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტური გახდეს.
XS
SM
MD
LG