ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გულის შეტევის შემდეგ


ასრულებენ თუ არა პაციენტები ექიმის რჩევებს წონაში დაკლების, მეტი ვარჯიშის, თუ მოწევაზე თავის დანებების შესახებ?

სწორი ცხოვრების წესის შესახებ მედიაში თითქმის ყოველდღიურად გვესმის და რეკომენდაციებს ექიმებიც გამუდმებით გვაძლევენ. ძნელი წარმოსადგენია ვინმეს ამის შესახებ არასოდეს სმენოდეს. ექიმი პატრის დეივინ ნიკენსი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს.

„გულის დაავადებათა პრევენცია შესაძლებელია. ჯანსაღი ცხოვრების წესს რისკების შემცირების უნარი გააჩნია“ - ამბობს ის. ექიმი ნიკენსი ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სამ მთავარ ელემენტს ასახელებს: „არ მოწიოთ, შეინარჩუნეთ ჯანმრთელი წონა და ივარჯიშეთ“.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:14 0:00
ბმული

ამ სამიდან მხოლოდ ერთის ამოგდებასაც კი შეუძლია გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი გაზარდოს. დაავადებებს შორისაა ინფარქტი ან ინსულტი, მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი, აღნიშნავს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი.

კანადელი მკვლევარი კუნ ტი, ონტარიოს ჰამილტონის კლინიკიდან დაინტერესდა იმით, თუ რამდენად ითვალისწინებენ პაციენტები ექიმთა რეკომენდაციებს ინფარქტის ან ინსულტის გადატანის შემდეგ. მან მსოფლიოს მაღალი, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები შეისწავლა.

იმ ადამიანების დაახლოებით მეხუთედი, ვინც სერიოზული გულის დაავადება, ან ინსულტი გადაიტანა, მოწევას აგრძელებს. მხოლოდ მესამედი ვარჯიშობს რეგულარულად და ძალიან ცოტა, 2/5 იკვებება ისე, რომ ამას შეიძლება ჯანსაღი რაციონი ვუწოდოთ“ - აღნიშნავს მეცნიერი და დასძენს, რომ ქვეყნების საშემოსავლო კლასიფიკაციის მიხედვით, კვლევამ მონაცემებს შორის დიდი განსხვავება არ აჩვენა.

„დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ყველაზე უარესი რაციონი აქვთ, მაგრამ მაღალშემოსავლიანებს რომ შევადარეთ, არც ისინი იკვებებოდნენ უფრო ჯანმრთელად“ - ამბობს კუნ ტი. და საერთოდ, კვლევაში მონაწილე პაციენტების მხოლოდ 4 პროცენტი მიჰყვებოდა ექიმის მიერ მათთვის მიცემულ რჩევებს.

„კვლევის შედეგები ყველა ქვეყანამ დაკვირვებით უნდა შეისწავლოს და ეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს რეკომენდირებულ ჯანმრთელ ცხოვრებას და რეალურ ცხოვრების წესს შორის არსებული განსხვავება. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც ინსულტი ან გულის შეტევა უკვე გადაიტანა“ - აღნიშნავს კანადელი მეცნიერი.

საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამუდმებით ცდილობენ ყველა ქვეყნის მოსახლეობა სისხლის წნევის რეგულარულ შემოწმებაში და მარილის მოხმარების შემცირებაში დაარწმუნონ. ეს ორივე მეთოდი გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს, ამბობს ჯანეტ რაითი, პროგრამა „მილიონი გულის“ აღმასრულებელი დირექტორი. ამერიკულ პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს. მისი მიზანია 2017 წლამდე მილიონამდე ინფარქტის და ინსულტის პრევენცია მოხდეს.

„მცირე ცვლილებით დაიწყეთ და ყოველდღიურად გაიმეორეთ. ეს შეიძლება იყოს რაციონში ხილის და ბოსტნეულის დამატება. შემდეგ, თანდათანობით დაიწყეთ ვარჯიში და კვირაში მინიმუმ 150 წუთზე აიყვანეთ“- გვირჩევს ჯანეტ რაითი.

ექიმი მაიკლ როიზენიც, კლივნლენდის საავადმყოფოდან, იგივეს ამბობს. მისი თქმით, მთავარი დასაწყისია.

ის გვირჩევს დავიწყოთ იმით, რომ შევიძინოთ პიდომეტრი, მოწყობილობა, რომელიც ნაბიჯების რაოდენობას ზომავს. შემდეგ კი ნაბიჯების რაოდენობა შევეცადოთ დღეში 10 ათასზე ავიყვანოთ.

ამას გარდა, ექიმები ერთხმად აღნიშნავენ, რომ თუკი წნევის წამალი გვაქვს გამოწერილი, ის რეცეპტის მიხედვით უნდა მივიღოთ და არცერთხელ გამოვტოვოთ. მხოლოდ ერთი მიღების გაცდენას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ექსპერტები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა უმეტესად ჩვენს ხელშია და განსაკუთრებით ეს გულის შეტევებს ეხება. მათი არიდება სავსებით შესაძლებელია, თუკი სწორი ცხოვრების წესს მივდევთ.

უფრო დაწვრილებით კვლევის გაცნობა შესაძლებელია ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში, სახელწოდებით Journal of the American Medical Association.
XS
SM
MD
LG