ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ დღეს ჰიპერტონიის საკითხებს და დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას უძღვნის


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს. წელს, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეზე ორგანიზაცია ჰიპერტონიის საკითხებზე საუბრობს.

დაარსების დღის აღსანიშნავ ცერემონიალს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, მარგარეტ ჩანი უძღვებოდა. მან არტერიული ჰიპერტენზიის პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლესი მონაცემებით, დედამიწაზე სამიდან ერთ ზრდასრულ ადამიანს სისხლის მაღალი წნევის პრობლემა აქვს.

„მაღალი წნევა ხდება მიზეზი გულის დაავადებების და ინსულტების, რის გამოც წელიწადში საშუალოდ 9.4 მილიონი ადამიანი იღუპება. საბოლოო ჯამში ეს არის დედამიწაზე სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი, ნომერ პირველი მიზეზი. მაღალი წნევა სხვა დაავადებათა რისკსაც ზრდის, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, უსინათლობა და მრავალი სხვა. ის ხშირად ახლავს თან ისეთ რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა ჭარბწონიანობა, დიაბეტი და სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა“ - აღნიშნავს მარგარეტ ჩანი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰიპერტონიის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესთან. დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში მონაცემი ძალიან მაღალია. ყველაზე დიდი რაოდენობით მაღალი წნევის შემთხვევები აფრიკის კონტინენტზე ფიქსირდება, სადაც ის ზრდასრულ ადამიანთა ნახევარს აღენიშნება. ყველაზე დაბალი სტატისტიკური მონაცემი კი ამერიკის კონტინენტზეა.

ორგანიზაცია იმასაც ამბობს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის პრევენცია სავსებით შესაძლებელია და მისი აღმოჩენისთანავე წარმატებით მკურნალობაც. ამისათვის ძალიან მარტივი და იოლი გზა არსებობს: წნევის სისტემატური გაზომვა და მუდმივი კონტროლი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მოუწოდებს, სისხლის მაღალი წნევის პრობლემა ყველამ მაქსიმალური სერიოზულობით აღიქვას.

„მაღალი წნევა გახლავთ სანდო და ძლიერი სიგნალი, რომ თქვენი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის და ამასთან დაკავშირებით რაიმე უნდა იღონოთ. თუმცა, ქალბატონებო და ბატონებო, ეს ერთი შეხედვით ჩუმი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომელზეც განგაში მაშინათვე უნდა ატყდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაღალი წნევა, როგორც წესი, სიმპტომებს რამდენიმე წლის და ზოგჯერ ათწლეულის მანძილზე არ ავლენს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰიპერტონია თავიდანვე სერიოზულად იქნას აღქმული და მისი კონტროლი სისტემატურად მოხდეს“ - აცხადებს მარგარეტ ჩანი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, არტერიული ჰიპერტენზიის რისკის შემცირება ისეთი მარტივი და იოლი გზებით შეიძლება, როგორიცაა რაციონში მარილის შემცველობის შემცირება, ბალანსირებული დიეტა, რეგულარული ვარჯიში, სიგარეტის მოწევაზე უარის თქმა და ალკოჰოლის ზომიერი მიღება. თუკი ცხოვრების წესის შეცვლამ დადებითი შედეგი არ გამოიღო, თანამედროვე მედიცინას უამრავი იაფი პრეპარატი გააჩნია, რომელიც ექიმის კონტროლის ქვეშ მაღალ წნევას წარმატებით დაარეგულირებს.
XS
SM
MD
LG