ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის მთავარი სამეცნიერი საბჭოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა


ევროკავშირის მთავარი სამეცნიერო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კორონავირუსის კრიზისის პიკის დროს იმედგაცრუების გამო, თანამდებობიდან გადადგა.

მაურო ფერარი ევროპული კვლევების საბჭოს პრეზიდენტი 1 იანვარს გახდა, მაგრამ ევროკომისიის პრეს-მდივანმა იოჰან ბარკემ თქვა, რომ “პროფესორ ფერარის გადადგომა” ძალაში დაუყოვნებლად შევიდა.

ფერარის უეცარმა გადადგომამ და მისმა მწვავე კრიტიკამ გააძლიერა წნეხი ევროკავშირის ინსტიტუტებზე, რომლებსაც ბრალს სდებდნენ იმაში, რომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში არ თანამშრომლობდნენ.

ფერარის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველად “ფაინენშელ თაიმსმა” გაავრცელა, რომელიც თვითონ ფერარის მიერ გაზეთისთვის მიცემულ განცხადებას ეყრდნობოდა. ფერარიმ თქვა, რომ ის პანდემიისადმი “ევროპული საპასუხო ნაბიჯებით უკიდურესად იმედგაცრუებული” იყო. მან დაიჩივლა, რომ ვირუსთან საბრძოლველი სამეცნიერო პროგრამის სწრაფად შექმნისას, ინსტიტუციონალურ და პოლიტიკურ დაბრკოლებებს გადააწყდა და დაწერა: “ევროკავშირში საკმარისად ვნახე მმართველობაც და მეცნიერებაც, ასევე პოლიტიკური ოპერაციები. თავად სისტემის მიმართ რწმენა დავკარგე.”

ოთხშაბათს, ევროკომისიამ კრიზისთან ბრძოლის საკუთარი ისტორია დაიცვა და განაცხადა, რომ კორონავირუსის კრიზისთან საბრძოლველად, 18 კვლევითი პროექტი ძალიან სწრაფად უკვე ამოქმედდა და ევროპული კვლევების საბჭოს კიდევ 50 პროექტს, ამ ბლოკის მასშტაბით მიმდინარე ძალისხმევაში თავისი წვლილი შეაქვს.

გასული თვის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნები ცდილობდნენ ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონოდათ და ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ადამიანების გაჭირვების და ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად უკეთესი კოორდინაცია ექნებოდათ.

თუმცა ეს ძნელი გასაკეთებელია. ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროს რაც შეეხება, ოთხშაბათს, იმ 19 ქვეყნის მინისტრები, სადაც ევროს იყენებენ, ვერ შეთანხმდნენ თუ როგორ გამოიყენონ საკუთარი ფინანსური ბერკეტები, რათა ბლოკის უფრო მდიდარ და უფრო ღარიბ წევრებს შორის სოლიდარობა გააუმჯობესონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG