ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მყოფი ბელარუსი აქტივისტი ჩამომხრჩვალი იპოვეს


ბელარუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინაში იძულებით გადასახლებაში იმყოფებოდა, კიევში, მისი საცხოვრებლის ახლომდებარე პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს. პოლიციამ გამოძიება მკვლელობის საქმეზე დაიწყო.

ვიტალი შიშოვი კიევში ბაზირებულ ორგანიზაციას უძღვებოდა, რომელიც ბელარუსებს დევნისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. შიშოვის დაკარგვის შესახებ მისმა პარტნიორმა ორშაბათს განაცხადა, როდესაც ის დილის სირბილის შემდეგ შინ არ დაბრუნდა.

პოლიციამ თქვა, რომ განიხილავენ თვითმკვლელობის შესაძლებლობას ან მკვლელობას, რომელიც ისე მოახდინეს, რომ თვითმკვლელობას დამსგავსებოდა. შიშოვი ცხვირზე და მუხლზე ნაკაწრებით იპოვეს, მაგრამ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა იჰორ კლიმენკომ ბრიფინგზე თქვა, რომ ნაადრევი იყო იმის ზუსტად დადგენა, მას თავს თუ დაესხნენ.

შიშოვის კოლეგებმა თქვეს, რომ გასულ წელს, ანტი-სამთავრობო პროტესტებში მონაწილეობის შემდეგ ბელარუსის დატოვების დღიდან, 26 წლის შიშოვი გრძნობდა, რომ მუდმივი თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა. ის შესაძლო საფრთხეების, მათ შორის გატაცების ან მოკვლის შესახებ გააფრთხილეს.

შიშოვის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია, ბელარუსის ახალი ამბების ოფიციალურმა სააგენტო “ბელტამ” გაავრცელა, მაგრამ მინსკის ხელისუფლებას სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. ლუკაშენკოს პრეს-მდივანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

შიშოვი ჯგუფ “უკრაინაში ბელარუსულ სახლს” ხელმძღვანელობდა, რომელიც ბელარუსებს საცხოვრებლის, სამსახურის და იურიდიული კონსულტაციის მიღებაში ეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG