ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავანის სასტუმროს მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა


კუბის დედაქალაქის ლუქსის კლასის სასტუმროში მომხდარი ძლიერი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი, კვირა ღამისთვის 31-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევებში ძაღლების დახმარებით ჯერ კიდევ დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.

მე-19 საუკუნის შენობა, ხუთვარსკვლავიანი, 96 ნომრიანი სასტუმრო „სარატოგა“ ორწლიანი დაკეტვის შემდეგ გასახსნელად ემზადებოდა, როდესაც სავარაუდოდ გაჟონილი გაზი აალდა და გარე კედლები ქვეყნის კაპიტოლიუმთან ახლოს, ხალხმრავალ ქუჩაზე გადაანგრია.

დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც, მათ შორის ისტორიული „მარტი“ თეატრი და ჯვარცმის ბაპტისტური ეკლესია.

დაღუპულთა სიაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოქვეყნა, იყო ოთხი მოზარდი, ორსული ქალი და ესპანელი ტურისტი, რომლის კომპანიონიც სერიოზულად დაშავდა. სამინისტრომ ასევე გამოაცხადა, რომ 54 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 24 საავადმყოფოში მოათავსეს.

ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აფეთქების მიზეზი სასტუმროში, რომელიც „გრუპო დე ტურიზმო გავიოტა“-ს ეკუთვნის, ჯერ კიდევ გამოძიების საგანია, მაგრამ სჯერათ, რომ ის გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

მუნიციპალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ მსხვერპლთა დაკრძალვები უკვე დაიწყო. იმავდროულად, ზოგიერთი ადამიანი დაკარგული მეგობრების და ნათესავების შესახებ ამბავს ჯერ კიდევ ელოდება.

„სარატოგა“, რომელიც პანდემიის განმავლობაში დაკეტილი იყო, ჰავანის ერთ-ერთი ელიტური სასტუმრო იყო. ის ხშირად მასპინძლობდა „ვიპ“ სტუმრებს და ცნობილ ადამიანებს. მისი მფლობელი, კუბის სამხედრო უწყების ერთ-ერთი ბიზნესია.

XS
SM
MD
LG