ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისი და ჯეიკ სალივანი უკრაინის "მშვიდობის სამიტს" დაესწრებიან


შვეიცარიაში 15-16 ივნისს დაგეგმილ "მშვიდობის სამიტს", აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ჯეიკ სალივანი დაესწრებიან.

ვიცე-პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, კამალა ჰარისი შვეიცარიაში გაემგზავრება და 15 ივნისს "მშვიდობის სამიტში" მონაწილეობას მიიღებს. მისი ადმინისტრაციის ცნობით, ის ხაზს გაუსვამს თეთრი სახლის ერთგულებას და ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას "სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის" მისაღწევად, რომელიც ეფუძნება უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და გაეროს ქარტიის პრინციპებს.

"ვიცე-პრეზიდენტი ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს უკრაინელების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის აგრესიისგან თავს იცავენ", - ამბობს კამალა-ჰარისის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი.

სამიტში ასევე მიიღებს მონაწილეობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი.

თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა ჯონ კირბიმაც, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-სპიკერმა.

"ამ სამიტზე ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და ბატონი სალივანი ხაზს გაუსვამენ იმის მნიშვნელობას, რომ მსოფლიოს გარშემო ქვეყნებმა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. როგორც ყველამ იცით, ეს ომი შეიძლება ხვალვე დამთავრდეს, თუკი ბატონი პუტინი უბრალოდ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ამასობაში კი, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები განვაგრძობთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, როცა ისინი ყოველდღიურად ცდილობენ ამ აგრესიისგან თავის დაცვას", - თქვა ჯონ კირბიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სამიტს 107 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან, რაც ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია. მათ შორის იქნებიან უკრაინის დასავლელი მოკავშირეები, ასევე სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. კიევმა მოწვევა 160 დედაქალაქსა და ორგანიზაციაში გააგზავნა. ამ დრომდე უცნობი იყო, ვინ დაესწრებოდა შვეიცარიაში 15-16 ივნისს დაგეგმილ "მშვიდობის სამიტს" ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ადმინისტრაციიდან. სამიტზე მიწვეული არაა რუსეთი.

XS
SM
MD
LG