ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა გრძელდება


ევროკავშირის დეზინფორმაციასთან მებრძოლმა გუნდმა, მაისში კიდევ ერთი რუსულენოვანი ვიდეო ამხილა სიცრუეში, რომელიც სოციალურ ქსელ "იუტუბზე" იყო განთავსებული. ვიდეოსიუჟეტის მიხედვით, მოქალაქეები გაურბიან დიქტატურას ევროკავშირის წევრ პოლონეთში და ისინი თავშესაფარს ბელარუსში, მოსკოვის ახლო მოკავშირე ქვეყანაში ეძებენ.

ვიდეო განამტკიცებდა კრემლის მომხრეთა ნარატივს, რომლის მიხედვითაც, ვარშავას და უფრო ფართოდ, ევროკავშირს, აგრესიული მილიტარისტული ზრახვები აქვთ. სიუჟეტი განაზოგადებდა პოლონეთის მაგალითს და საუბრობდა დემოკრატიის წარუმატებლობაზე ევროპის კავშირში.

"სტრატკომი" - ევროკავშირში მოქმედი ჯგუფი, რომელიც რუსეთის დეზინფორმაციას ებრძვის მიიჩნევს, რომ ეს ყოველივე რუსეთის დეზინფორმაციის გაცილებით ფართო კამპანიის ნაწილია. მათი აზრით, კრემლის სამიზნე ევროპული პარლამენტის არჩევნებია, რომელიც სულ რამდენიმე დღეში, 6-9 ივნისს გაიმართება.

საკმაოდ მცირე ბიუჯეტით, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენს, "სტრატკომის" 40-კაციანი ჯგუფი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდშია. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ბიუჯეტი არ არის საკმარისი ფართო სადეზინფორმაციო კამპანიასთან საბრძოლველად, რომლის პირისპირაც 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი იმყოფება.

ევროპის კავშირის ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო ვიდეოც უკვე კარგად ნაცნობ გეგმას მიჰყვება. რუსეთთან დაკავშირებული ვებგვერდები ინფორმაციას იღებენ კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებებიდან ან მათი სოციალური ქსელებიდან, გადაამუშავებენ და თარგმნიან მათ, შემდეგ კი ევროკავშირის აუდიტორიაში ახალი არხებით ავრცელებენ.

რუსეთის მიერ დასავლეთის არჩევნებში ამ გზით ჩარევის მცდელობა ახალი არ არის. შეერთებულმა შტატებმა, ევროპის კავშირმა თუ ბრიტანეთმა, კრემლი, ბოლო წლებში, მსგავს ქმედებაში არაერთხელ დაადანაშაულა.

ამას შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოს მიერ 2023 წელს გამოცემული ბოლო ანგარიშიც ადასტურებს. ანგარიშის მიხედვით, მოსკოვი ფართოდ იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიასა და მთავრობის მიერ კონტროლირებულ რუსულ მედიას, რათა მსოფლიოს მასშტაბით მოახდინოს გავლენა და შეარყიოს ხალხის რწმენა საყოველთაო არჩევნების სამართლიანობაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" თხოვნა, აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთებასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით დეზინფორმაციის გამოყენებას, მოსკოვი დღემდე დაბეჯითებით უარყოფს.

ომი და დეზინფორმაცია - რუსეთის ჰიბრიდული იარაღი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG