სააგენტო “როიტერი” აცხადებს, რომ შეერთებული შტატების კაპიტოლიუმთან 6 იანვრის ამბოხების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რესპუბლიკელი მოკავშირეები დაჟინებით ავრცელებდნენ ყალბ და შეცდომაში შემყვან მოსაზრებებს, რათა დაეკნინებინათ ამ სისხლიანი მოვლენის მნიშვნელობა, რომელმაც ხუთი სიცოცხლე იმსხვერპლა და ბევრი ადამიანის დაშავება გამოიწვია. როგორც ჩანს, მისი მხარდამჭერები ამ მოსაზრებებს უსმენდნენ.
ტრამპის მხარდამჭერების ბრბოს მიერ კაპიტოლიუმის შტურმიდან სამი თვის შემდეგ, როდესაც ნოემბრის არჩევნებში წაგების შეტრიალება სცადეს, რესპუბლიკელების დაახლოებით ნახევარს სჯერა, რომ ალყა მეტწილად არაძალადობრივი პროტესტი, ან მემარცხენე აქტივისტების ნამოქმედარი იყო, რომლებიც ”ცდილობდნენ ტრამპი ცუდად გამოჩენილიყო”, ნათქვამია “როიტერ/იპსოს”-ის ახალი გამოკითხვის ანგარიშში.
10-დან 6 რესპუბლიკელს ასევე სჯერა ტრამპის ყალბი განცხადების, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები მას ფართოდ გავრცელებული საარჩევნო გაყალბებით “მოპარეს”. რესპუბლიკელებს იგივე პროპორციით სჯერათ, რომ 2024 წელს მან კენჭი ისევ უნდა იყაროს, აჩვენებს 20-31 მარტს ჩატარებული გამოკითხვა.
“ფოქს ნიუსისთვის” ბოლოს მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ არეულობის მონაწილეები “ნულოვან საფრთხეს” წარმოადგენდნენ. სხვა გამოჩენილმა რესპუბლიკელებმა, როგორიცაა სენატორი რონ ჯონსონი ვისკონსინიდან, საჯაროდ ეჭვქვეშ დააყენეს არეულობის უკან ტრამპის მხარდამჭერები თუ იდგნენ.
“როიტერ/იპსოს”-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ მითს რიგითი რესპუბლიკელების დიდი რიცხვი იზიარებს. იმ დროს, როდესაც ამერიკელთა 59 პროცენტს მიაჩნია, რომ ტრამპს თავდასხმაზე გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება, ამ მოსაზრებას 10 რესპუბლიკელიდან მხოლოდ 3 ეთანხმება. 10-დან 8 დემოკრატი და 10-დან 6 დამოუკიდებელი უარყოფს ყალბ განცხადებებს, რომ კაპიტოლიუმის ალყა “მეტწილად მშვიდობიანი” იყო ან ის პროტესტის მემარცხენე მონაწილეებმა დადგეს.
ვანდერბილტის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის ექსპერტმა ჯონ გირმა თქვა: “რესპუბლიკელებს სინამდვილის საკუთარი ვერსია აქვთ, ეს უზარმაზარი პრობლემაა. დემოკრატია მოითხოვს ანგარიშვალდებულებას და ანგარიშვალდებულება მოითხოვს დამამტკიცებელ საბუთებს.”
დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამბოხების ფაქტის და მასში ტრამპის როლის დაკნინებისკენ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია ასახავს რესპუბლიკურ პარტიაში არსებულ საერთო აზრს, რომ მისი წარმატება ტრამპთან და მის ერთგულ მიმდევრებთან არის დაკავშირებული.
“როიტერ/იპსოს”-ის გამოკითხვის თანახმად, ტრამპი პარტიაში ყველაზე პოპულარულ ფიგურად რჩება. 10-დან 8 რესპუბლიკელს მასზე დადებითი შეხედულება აქვს.
10-დან მხოლოდ სამმა დამოუკიდებელმა თქვა, რომ ტრამპზე დადებითი შეხედულება აქვს, რაც მისი პრეზიდენტობიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონეა. ამასთან ერთად ამერიკელების უმეტესობას, 60 პროცენტს სჯერა, რომ ბაიდენმა ნოემბრის არჩევნებში სამართლიანად გაიმარჯვა და თქვა, რომ ტრამპმა კენჭი აღარ უნდა იყაროს.
გამოკითხვა მთელ შეერთებულ შტატებში, ონლაინ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე ჩატარდა. 1005 სრულწლოვანი რესპონდენტის პასუხები 30-31 მარტს შეგროვდა და მისი სანდოობის ცდომილების ზღვარი, დაახლოებით, 4 პროცენტია.
Facebook Forum