ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგაში ჰაჯიჩის საქმე განახლდა


რუსეთი და სერბეთი საერთაშორისო ტრიბუნალს მწვავედ აკრიტიკებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
გუშინ ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო ტრიბუნალმა ხორვატი სერბების ყოფილი ლიდერის გორან ჰაჯიჩის წინააღმდეგ პროცესი განაახლა. ჰაჯიჩს სხვა დამნაშავეებთან ერთად ყოფილი იუგოსლავიის ომის დროს ადამიანთა მკვლელობებში ედება ბრალი. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სტეფან ბოსი არკვევდა.

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ გორან ჰაჯიჩის წინააღმდეგ სხდომა განაახლა. ჰაჯიჩი ხორვატიაში სერბ ამბოხებულებს ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ რაც, ხორვატიის მთავრობამ 1991 წელს იუგოსლავიიდან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ჰაჯიჩმა ხორვატიაში სერბული უმცირესობით დასახლებული პროვინცია სერბკსა კრაინა რესპუბლიკად გამოაცხადა და მისი პრეზიდენტი გახდა. ბრალდების მიხედვით, მას ჩადენილი აქვს არასერბი მოსახლეობის მკვლელობები. ასევე ბრალი ედება საკონცენტრაციო ბანაკების მოწყობაში, სადაც სამოქალაქო პირების წამება და მკვლელობა ხდებოდა. ჰაჯიჩს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ბრალდებით 14 მუხლი აქვს წაყენებული. ერთერთი ბრალდების თანახმად, მისი ბრძანებით 260 მოქალაქე ქალაქ ვუკოვარის საავადმყოფოდან გამოიყვანეს, ქალაქიდან გაიყვანეს და დახოცეს. დაღუპულთა უმეტესობა მამაკაცები იყვნენ.

„მოკლედ რომ შევაჯამოთ, დამატებით 194 ადამიანი ქალაქ ოვკარასთან მოკლეს. ისინი დახოცვის მომენტში დაკავებულები იყვნენ. რის შემდეგაც ქალაქთან მასობრივ სამარხში დაასაფლავეს. სამარხის გახსნა, გვამების ექსჰუმაცია და იდენტიფიცირება გაეროს ექსპერტებმა შეძლეს, რასაც ხორვატიის და იუგოსლავიის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ,“ - განაცხადა პროკურორმა მეთიუ ჟილეტმა.

ხორვატი პათანატომის დოქტორ სტრინოვიჩის განცხადებით, სამარხში აღმოჩენილი ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 16 წლის არის, ხოლო ყველაზე მხცოვანი კი 72 წლის.

„რასაკვირველია, ჩვენ ეხლაც ვცდილობთ სიაში მყოფი ყველა ადამიანის პოვნას და ამას არასდროს შევწყვეტთ. ჯერ ისე წარმატებით არ მიდის საქმე, როგორც გვსურს,“ - განაცხადა დოქტორმა სტრინოვიჩმა.

წაყენებული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, ჰაჯიჩს სამუდამო პატიმრობა ელის. სასამართლომ ასევე განაახლა სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერის რატკო მლადიჩის საქმე. ბოსნიელი სერბების გენერალს 1995 წელს ქალაქ სრებრენიცაში 8000 მუსლიმი მამაკაცის დახოცვის ბრძანების გაცემაში ედება ბრალი.

საერთაშორისო ტრიბუნალს მკაცრი ზეწოლის პირობებში უხდება მუშაობა.სასამართლომ უკვე დახურა თავისი ოფისები ხორვატიასა და კოსოვოში, თუმცა მისი წარმომადგენლობები მუშაობას განაგრძობენ სერბეთსა და ბოსნიაში. რუსეთი და სერბეთი ჰააგის ტრიბუნალს მწვავედ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სერბების წინააღმდეგ მოქმედებს, მაშინ როდესაც ხორვატი და კოსოვოელი ალბანელი სამხედრო მეთაურები გაათავისუფლეს.

1993 წლის შემდეგ, ჰააგის ტრბუნალმა იუგოსლავიის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის 161 ადამიანის საქმე შეისწავლა. მათგან 15 გაათავისუფლა. 31 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ პროცესი დღემდე გრძელდება. სასამართლო იუგოსლავიის ომის საქმეზე 2016 წლამდე იმუშავებს. ამის შემდეგ, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ომის საქმეზე გაიხსნება, ადგილობრივი ქვეყნის სასამართლოს შესწავლას დაექვემდებარება.
XS
SM
MD
LG