ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

66-ე გზატკეცილი


ისტორიული ტრასა, რომელზეც სიმღერები და წიგნები იწერებოდა. ის 8 შტატზე გადიოდა და სიგრძით თითქმის 4000 კილომეტრი იყო

როგორც ამბობენ, 66-ე გზატკეცილის იდეა პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოკლაჰომას შტატში გაჩნდა. 20-იან წლებში მისი გაყვანის აუცილებლობის შესახებ საუბარი განახლდა. შტატის მესვეურებმა საბოლოო გადაწყვეტილება 1926 წლის 11 ნოემბერს მიიღეს. გზატკეცილს უამრავ ქალაქზე, მთაზე, მდინარე თუ უდაბნოზე უნდა გაევლო და 8 შტატის დაკავშირება მოეხერხებინა. ასე დაიწყო ერთ-ერთი პირველი ფედერალური გზატკეცილის მშენებლობა ამერიკაში.

30-იან წლებში შეერთებულ შტატებში ე.წ. „დიდი დეპრესიის“ ხანა დადგა. ოკლაჰომელ ფერმერებს ქვიშის გრიგალების გამო მოსავალი გაუნადგურდათ და ისინი 66-ე გზატკეცილით მასიურად კალიფორნიისკენ დაიძრნენ. ჩიკაგოდან ლოს ანჯელესამდე ათასობით მილზე გადაჭიმული გზა მოგზაურობის, ცვლილებების, ოცნებების ასრულების და უკეთესი მომავლის სიმბოლოდ გადაიქცა. ჯონ სტაინბეკი ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, რომელმაც ნაწარმოებში „მრისხანების მტევნები“ 66-ე გზატკეცილი აღწერა და მას „მტვრისგან დევნილების გზა“, „გზატკეცილების დედა“ და „ბრძოლის ტრასაც“ კი უწოდა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


1946 წელს კომპოზიტორმა ბობი ტრაუპმა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ 66-ე გზატკეცილს სიმღერა მიუძღვნა. პოპულარული მომღერლის, ნათ კინგ კოლის შეასრულებისთანავე სიმღერა ჰიტად იქცა. 60-იან წლებში ცნობილი ტელე-სერიალიც გადაიღეს, სახელწოდებით „66-ე გზატკეცილი“, რომელიც ორი მეგობრის მოგზაურობას აღწერდა. თუმცა, კადრების უმეტესობა რეალურ გარემოში არ ჩაწერილა.

ძალიან მალე დრო შეიცვალა. სხვადასხვა შტატებში ხელისუფლებამ თუ ფედერალურმა მთავრობამ უფრო თანამედროვე ტრასების გაყვანა დაიწყო, რომლებზეც მანქანებს მეტი სისწრაფის განვითარება შეეძლოთ. 66-ე გზატკეცილის ზოგიერთი ნაწილი სარემონტო სამუშაოებისთვის დაიხურა და აღარც გახსნილა. 1985 წელს მთავრობამ ის ეროვნული გზატკეცილების სისტემიდან საერთოდ ამოიღო.

ამერიკელთა ერთმა ნაწილმა, რომელსაც 66-ე გზატკეცილთან წარსულის ნოსტალგია და რომანტიული მოგონებები აკავშირებდა, მისი რამდენიმე მონაკვეთის გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო. მათ საზოგადოებრივი მოძრაობაც ჩამოაყალიბეს და გზისპირზე რესტორნების და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას ჩაუყარეს საფუძველი.

სწორედ ამ პერიოდში დაიწერა წიგნი „66-ე გზატკეცილი, ტრასების დედა“. მისმა ავტორმა, მაიკლ უოლისმა რამდენიმე საპატიო ჯილდო მოიპოვა. მაიკლი მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში დაიბადა და მთელი ბავშვობა გზატკეცილთან იქვე მდებარე მშობლების სახლში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ისე აეწყო, რომ სულ 8 შტატში მოუწია ცხოვრება და მისი თითოეული სახლი, როგორც წესი, 66-ე გზატკეცილის შორიახლოს მდებარეობდა.

ასე დასრულდა ერთ-ერთი პირველი და უძველესი ფედერალური ტრასის ცხოვრება. თუმცა, ბობი ტრაუპის პოპულარული სიმღერა ამერიკელებს მის არსებობას ხშირად ახსენებს. სიმღერა სხვადასხვა დროს 50-ზე მეტმა მომღერალმა შეასრულა. მათ შორის იყვნენ ლეგენდარული ლუის პრიმა, ჩაკ ბერი, პერი კომო, კრის კონორი, ჯგუფები - როლინგ სთოუნსი, მანჰეტენ ტრანსფერი, აეროსმიტი და მრავალი სხვა. ახლახან სიმღერის ჩანაწერი ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მომღერალმა და გიტარისტმა ჯონ მეიერმა წარმოადგინა.

XS
SM
MD
LG