ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის კონტროლი - ობამას სერიოზული მარცხი


სენატში გამარჯვების შემდეგ, იარაღის ეროვნული ასოციაცია აცხადებს, რომ ის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგაც იბრძოლებს

შეერთებული შტატების სენატმა არ დაამტკიცა კანონპროექტი იარაღის გაყიდვაზე დაწესებული შეზღუდვის შესახებ. ცვლილებებში მთავარ ზომებად მყიდველის კრიმინალური ისტორიის შემოწმება და მჭიდში ვაზნების 10-მდე დაყვანა იყო გათვალისწინებული.

კონექტიკუტის შტატის დაწყებით სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელშიც 20 ბავშვი და 6 ზრდასრული ადამიანი დაიღუპა, იარაღის კონტროლის გამკაცრებისკენ მიმართული ოთხთვიანი ბრძოლა წარუმატებლად დასრულდა. პოლიტოლოგები ამ ფაქტს გავლენიანი ლობისტური ორგანიზაციის, იარაღის ეროვნული ასოციაიცის გამარჯვებად და ობამას ადმინისტრაციის მნიშვნელოვან მარცხად განიხილავენ.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

„იარაღის ლობისტები და მათი მოკავშირეები კანონპროექტთან დაკავშირებით შეგნებულად იტყუებოდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცვლილება ერთგვარად მთავრობის წნეხს და კონტროლს ზრდიდა, მაშინ როცა სინამდვილეში საპირისპირო უნდა მომხდარიყო. რეგულაციაში ეს შავით თეთრზე წერია. სამწუხაროდ დეზინფორმაციამ თავისი საქმე გააკეთა, ტყუილებმა იარაღის მფლობელები გაანაწყენა და ამ ყოველივემ სენატორთა განწყობებზე იმოქმედა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. მისი შეფასებით, 17 აპრილი „ვაშინგტონისთვის საკმაოდ სამარცხვინო დღე იყო“.

სულ რამდენიმე დღით ადრე, 14 აპრილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დიდი უმრავლესობით, 154-ით 3-ის წინააღმდეგ (23 არ ესწრებოდა), ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ისტორიული დადგენილება მიიღო. ის მოიცავს იარაღის კონტროლს ინდივიდუალური, მცირე ზომის იარაღით დაწყებული, საბრძოლო ტანკებით და საომარი ხომალდებით დამთავრებული.

ამერიკის იარაღის ეროვნული ასოციაცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით გამარჯვებას არ სჯერდება და საერთაშორისო ხელშეკრულების წინააღმდეგაც გამოდის. მარტინ ბუჩერი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ოქსფამის“ მრჩეველია შეიარაღების პოლიტიკის დარგში.

მე რომ იარაღის ეროვნული ასოციაცია ვიყო, არანაირად არ მომინდებოდა ამ საკითხში ირანის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის გვერდით დგომა. ასოციაციის ქმედებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია სწორედ ამ ქვეყნების პოზიციაზე დგას“ - აღნიშნავს სპეციალისტი.

იარაღის ეროვნულ ასოციაციას მიაჩნია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება ამერიკელთა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს ზღუდავს. კერძოდ, წინააღმდეგობაში მოდის კრიტიკული მნიშვნელობის კონსტიტუციის მეორე შესწორებასთან იარაღის ფლობის უფლების შესახებ. ეს ადამიანის უფლებების შემადგენელი ნაწილია, რომელიც მის ინდივიდუალურ თავისუფლებებს განსაზღვრავს.

ასოციაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვეინ ლაპიერი ორგანიზაციის პოზიციას საკმაო კატეგორიულობით აფიქსირებს:

უბოდიშოდ ვაცხადებთ, რომ იარაღის ეროვნულ ასოციაციას არ სურს მონაწილეობა საერთაშორისო ხელშეკრულებაში, რომელიც ამერიკელებისთვის ძალიან ძვირფას, იარაღის ფლობის უფლებას ზღუდავს. არაფერი შეგეშალოთ. ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ლიმიტირებას ახდენს, ასოციაციისგან უმძლავრეს წინააღმდეგობას გადააწყდება“.

დერილ კიმბელი, იარაღის კონტროლის ასოციაციიდან, რომელიც დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციას წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ ვეინ ლაპიერის მტკიცება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება ამერიკელთა მიერ იარაღის ფლობას ზღუდავს, უბრალოდ სიცრუე და დემაგოგიაა.

იარაღის ეროვნული ასოციაცია ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სრულ დემაგოგიას ეწევა. საკუთარ წევრებს აშინებენ, რომ საერთაშორისო შეთანხმება ქვეყნის შიგნით იარაღის ფლობის უფლებებს ზღუდავს. მაშინ, როცა ეს ასე არ არის. მსგავსი დემაგოგია მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ ფონდები მოიზიდონ და იარაღის ფლობის უფლებებისთვის ბრძოლის იმიჯის შექმნით საკუთარი არსებობა გაამართლონ“ - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი.

საერთაშორისო ხელშეკრულება ივნისის დასაწყისში ხელმოწერებისთვის გახსნილად გამოცხადდება. 50 ქვეყნის მიერ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ის საერთაშორისო კანონად იქცევა. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ობამა მას ხელს მოაწერს, ხელშეკრულება ისევ ამერიკის სენატმა უნდა დაამტკიცოს. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროში, ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ ეს არც ისე იოლი ამოცანა იქნება.

„ვფიქრობ, რომ ხელშეკრულებას სენატში დამტკიცების შანსი თითქმის არ გააჩნია. ჩვენ მოწმე გავხდით რეზოლუციების, რომელთაც სენატის უმრავლესობა განხილვების დაწყებამდეც კი მხარს ერთმნიშვნელოვნად არ უჭერს. რატიფიკაციისთვის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით, დამსწრე სენატორთა ხმების 2/3-ია საჭირო. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მომხრეებს უბრალო უმრავლესობაც კი არ გააჩნიათ, არა მგონია, რომ მას დამტკიცების შანსი ჰქონდეს“ - ასეთ პროგნოზს აკეთებს ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში.

ანალიტიკოსების აზრით, იარაღის ეროვნული ასოციაცია უკვე დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობს. გავლენიან ლობისტურ ორგანიზაციას სენატის წევრების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები გააჩნია და მათ აუცილებლად გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG