ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ორმუზის სრუტის დაკეტვით იმუქრება


ირანი ორმუზის სრუტის დაკეტვით იმუქრება
ირანი ორმუზის სრუტის დაკეტვით იმუქრება

მსოფლიოს ნავთობის 40%, რომელიც საზღვაო ტანკერებით გადააქვთ, ორმუზის სრუტეზე გადის. ეს სრუტე სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, რომელსაც ორი სახელმწიფო - ირანი და ომანი ესაზღვრება.

ირანი დასავლეთთან დაპირისპირების გამო ორმუზის სრუტის დახურვით დაიმუქრა. ამ სტრატეგიული სანაოსნო გზის დახურვა ნავთობზე ფასების გაზრდას გამოიწვევს, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს კრიზისში მყოფ მსოფლიო ეკონომიკაზე.

იანვრის დასაწყისში არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ახალი ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ განაცხადეს, რომელიც ყოველდღიურად 1,5 მილიონ ბარელ ნავთობს აბუ დაბის საბადოებიდან ინდოეთის ოკეანის სანაპიროსთან გადაქაჩავს.

ამჟამად საამიროები ყოველდღიურად 2,5 მილონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ, ახალი ნავთობსადენი კი ივნისის დასაწყისში ჩადგება მწყობრში.

როგორც კუვეიტის ენერგეტიკის ექსპერტი მუსა მარაფი ამბობს: “აღნიშნული ნათობსადენი მხოლოდ საამიროების პროექტია, მაგრამ იგივე უნდა გააკეთონ კუვეიტმა, საუდის არაბეთმა და კატარმა.“

ირანი სპარსეთის ყურის გადაკეტვას აპირებს, თუ დასავლეთი გააგრძელებს სანქციების შემოღებას, რაც თეირანს ნავთობის ექსპორტის საშუალებას მოუსპობს.

დასავლეთმა უკვე შემოიღო ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო, მიუხედავდ თეირანის მტკიცებისა, რომ ეს პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ახლახან ევროკავშირი შეუერთდა შეერთებული შტატების პოლიტიკას, რომელიც ივლისის დასაწყისში ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ითვალისწინებს.

მოვლენების ამგვარი განვითარება სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ნავთობის ექსპორტსაც ემუქრება. მუსა მარაფის განცხადებით: “ ეს გაფრთხილება ჩვენ გვეხება, რათა ნავთობსადენების მშენებლობაზე ვიფიქროთ, რაც მთელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.“

საერთაშორისო ანალიტიკოსების აზრით ორმუზის სრუტის დახურვა ყველაზე უფრო ირანს დააზარალებს. ირანის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე და სანქციები ამ ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას და ინფლაციას გამოიწვევს.

როგორც ამერიკელი ექსპერტი შონ ევერსი აცხადებს, ირანი არ შეასრულებს თავის მუქარას: “უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ეს რეგიონი პერმანენტული დესტაბილიზაციის პირობებში იმყოფებოდა, მაგრამ ჰორმუზის სრუტე არასოდეს დაკეტილა ნაოსნობისთვის.“

კიდევ ერთი ანალიტიკოსის საიმონ უორდელის აზრით ნავთობსადენები ვერ შეძლებენ საზღვაო გზით ნავთობის ექსპორტის შეწყვეტის შემთხვევაში დანაკარგების ანაზღაურებას, რადგან ამ რეგიონის ქვეყნებიდან ყოველდღიურად 17 მილიონი ბარელი ნავთობი გადის საზღვაო ტანკერების საშუალებით, რისი კომპენსაცია ნავთობსადენებს არ შეუძლიათ.

ბატონი უორდელის განცხადებით დასავლეთი არ დაუშვებს ორმუზის სრუტის დიდი ხნით გადაკეტვას. მისი თქმით:“ ეს ყველას ინტერესებშია. ჩინეთი, ამერიკა და ევროპა დაინტერესებულნი არიან, რომ ორმუზის სრუტე ღიად დარჩეს სანაოსნოდ.“

ყოველდღიურად 17 მილიონი ბარელი ნავთობი ორმუზის სრუტის გავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისკენ მიემართება. ამ სანაოსნო გზის უსაფრთხოებას შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტი იცავს.

XS
SM
MD
LG