ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გულენთან დაკავშირებული სკოლები ათზე მეტ ქვეყანაში დახურეს


თურქეთის მთავრობა სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნებს გავლენიან ფეტულა გულენთან დაკავშირებული სკოლების დახურვას თხოვს.

პრეზიდენტ რეჯერ ტაეპ ერდოღანის ყოფილი მოკავშირე და სასულიერო ლიდერი ფეტულა გულენი ამჟამად შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. თურქეთის მთავრობა მას 2016 წლის ივლისის არშემდგარი გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებს. გადატრიალების მცდელობას 250 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2200-მდე კი აშავდა.

76 წლის ფეტულა ბრალდებებს უარყოფს. თურქეთიდან წამოსვლამდე გულენმა ფინანსური იმპერია შექმნა, რომელიც ბანკებს, მედია საშუალებებს, სამშენებლო კომპანიებს და სკოლებს მოიცავს. სხვადასხვა მონაცემებით, თურქეთში მას სამიდან-ექვს მილიონამდე მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის არიან მთავრობის მაღალჩინოსნები და სამხედრო პირები.

სკოლების ქსელები საზღვარგარეთ 1993 წლიდან გაჩნდა, გულენთან დაკავშირებული სკოლები, კულტურული ცენტრები და ენის შემსწავლელი პროგრამები ასამდე ქვეყანაში ფუნქციონირებს. მარტო შეერთებულ შტატებში 140 მსგავსი სკოლაა, რაც ამერიკელი გადამხდელების 2.1 მილიარდი დოლარით ფინანსდება.

ზოგ ქვეყანაში მსგავს სკოლებში ისლამს ასწავლიან, თუმცა ეს წესი ყელგან არ ვრცელდება. სკოლებს განსაკუთრებით კარგი რეპუტაცია მათემატიკის და ტექნიკური საგნების სწავლებაში აქვთ.

გულენის კრიტიკოსები ამბობენ, რომ სკოლებს ის სოციალ-კონსერვატიული იდეოლოგიის და ღირებულებების გასავრცელებლად იყენებს.

შეერთებულ შტატებში იყო რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, რომ სკოლა მასწავლებლებს ხელფასის ნაწილს უკან თხოვდა. გამოძიების ფედერალური ბიურო არ ადასტურებს ინფორმაციას მსგავსი გამოძიების შესახებ, თუმცა ზოგიერთ მედია წყაროს ამ თემაზე მასალები, ჯერ კიდევ, 2011 წელს ჰქონდა გამოქვეყნებული. გულენის ორგანიზაცია ამ ბრალდებებს უარყოფს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციის ძალისხმევის ნაწილში, მთავრობამ ჩვენი სკოლები ამოიღო მიზნად. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ათი ათასობით ახალგზრდას განათლებას, იმედს და შესაძლებლობებს ვაძლევთ,” ამბობს ალპ ასლანდოღანი, ჰიზმეტის ორგანიზაციების წარმომადგენელი.

მისი თქმით, მსგავსმა სკოლებმა ასობით გოგოს ბედი შეცვალა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნიგერია, პაკისტანი და ავღანეთი, სადაც გოგოებს ან სკოლაში სწავლას უკრზალავენ ან ამისთვის ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, “ეს სკოლები მათთვის უკეთესი ცხოვრების შანსია,” ამბობს ასლანდოღანი.

ფეტულა გულენი 1999 წლიდან ამერიკაში, პენსილვანიის შტატში ცხოვრობს, არშემდგარი გადატრიალების შემდეგ ამერიკის მთავრობამ არ დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა ექსტრადიციაზე.

“ამ სკოლების საშუალებით “ფეტოს” ფინანსურ ოპერაციებს ატარებს. ეს სკოლები ფულის წყაროა, რაც, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას მიმდევრების შესარჩევად,” თქვა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თურქეთის საელჩოს წარმომადგენელმა.

თურქეთის მოთხოვნის შედეგად, სკოლები 10-ზე მეტ ქვეყანაში დაიხურა.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იყო ანგოლა და უზბეკეთი, სკოლების დახურვის მიზეზად “ეროვნული უსაფრთხოების საკითხები” დაასახელა და სკოლის თურქი თანამშრომლები ქვეყნიდან გააძევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG