ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებს დედაქალაქში მეტი ეკოპროდუქტის მოყვანა სურთ


ამერიკელებს დედაქალაქში მეტი ეკოპროდუქტის მოყვანა სურთ

ათეულობით ორგანიზაციას და დედაქალაქის ასობით ბინადარს მოუყარა თავი ვაშინგტონის ქალაქელ მებაღეთა ფორუმმა. ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციამ შედეგი სწრაფად გამოიღო და დღეს უკვე ბევრი ამერიკელი ცდილობს ქიმიური მინარევებისგან სუფთა პროდუქტი საკუთარი ხელით მოიყვანოს. გვესაუბრება ქეთი რეჰვოლტი, ვაშინგტონის „გამწვანების პროექტის“ კოორდინატორი.

„ყოველ წელს საჩუქრად 16 ტონამდე თესლს ვიღებთ. შემდეგ მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების სხვადასხვა ორგანიზაციებს ვუნაწილებთ. უფასოდ თესლის დარიგება ჩვენი დღევანდელი თავშეყრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ამას გარდა ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და ვცდილობთ ვაშინგტონში და მის შემოგარენში ბაღების და ბოსტნების რაოდენობა გავზარდოთ“.

ქალაქელ მებაღეთა ფორუმი ყოველწლიურად იკრიბება. რიგით მეოთხე შეხვედრას წელს 550 მონაწილე ჰყავდა. ქეთი რეჰვოლტის თქმით, მონაწილეები დაინტერესებულნი არიან რაც შეიძლება მეტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ჰქონდეთ ეზოში, სახლში, საკუთარ მცირე მეურნეობებში, რესტორნებში თუ სკოლებში. ფორუმზე გარემოს დაცვაც სულ უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს. „ჩვენ ხომ არა მხოლოდ პროდუქტის მოყვანაზე ვზრუნავთ, არამედ გარემოსაც ვუფრთხილდებით“. - ამბობს ქალბატონი რეჰვოლტი.

ფორუმის ყველაზე ხმაურიან და ხალხმრავალ ნაწილში ეკოპროდუქტებით სადილის მომზადების დემონსტრირება ხდება.

„ამ მწვანილებით საჭმლის მომზადება თქვენი ფილტვების და სასუნთქი გზებისთვისაც ძალზე სასარგებლოა“ - ამბობს პრეზენტაციის ავტორი. ის ახლად დაკრეფილი ბოსტნეულით საკმაოდ იოლ, სწრაფ და ამასთან ჯანსაღ სადილს ამზადებს. ფორუმზე მთელი დღის განმავლობაში 30-მდე მსგავსი პრეზენტაცია იმართება.

დამსწრეთა შორის არის სკოტ ვერმანი, ამერიკის უნივერსიტეტის სტუდენტი. ის ამბობს, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მცირე ზომის საზოგადოებრივი ბოსტანი აქვთ. სკოტს სურს ამ ფორუმიდან რაც შეიძლება მეტი ინფორმაციით დაბრუნდეს შინ, რომ მათთვის გამოყოფილი მიწის მცირე ნაწილი რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოს.

ეს კი ერინ გორდონია, ორგანიზაციიდან „ბავშვთა ძალაუფლება“. ეს ორგანიზაცია სკოლებში კლასგარეშე სწავლების საათებში ბავშვებს ეკოპროდუქტების მნიშვნელობას და მათ მოყვანას ასწავლის:

“ძველი გაზეთებით ქოთნებს ვამზადებთ და მათში ბოსტნეულის ნერგებს ვზრდით. ბავშვებს ისინი სახლში მიაქვთ და გაზეთიანად ქოთანში დებენ, ან პირდაპირ ეზოში რგავენ. გაზეთი ხომ ბიოდეგრადაციას ექვემდებარება, ანუ, ნიადაგში ისე დანაწევრდება, რომ გარემოს ნაკლებად აბინძურებს. პატარებს ეს ძალიან მოსწონთ“.

ალექსის ბარდენ-მეიერი 6 წლის გოგონას დედაა. მას სურს თავისი შვილის დაწყებით სკოლას ახალ წამოწყებაში დაეხმაროს. ამ გაზაფხულზე სკოლის ადმინისტრაცია მშობლების აქტიური დახმარებით ეკოლოგიურად სუფთა ბოსტანს აპროექტებს.

ფორუმზე ბრაიან სტიუარტი გავიცანით. მისთვის ხილის და ბოსტნეულის თავის პატარა ეზოში მოყვანა უბრალო ჰობია. „აქ ასობით ჩემნაირ მოყვარულს ნახავთ. ამას რა სჯობს, როცა იცი, რომ ყველა ეს ადამიანი ჩვენი ქალაქის გამწვანებას და გარემოს დასუფთავებას უწყობს ხელს“ - ამბობს ის.

ვაშინგტონის ქალაქელ მებაღეთა ფორუმის ორგანიზატორებს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვთ. მათ სურთ რაც შეიძლება მეტი მონაწილე მოიზიდონ არა მხოლოდ დედაქალაქიდან და მისი გარეუბნებიდან, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მომავალში საერთაშორისო ქალაქელ მებაღეთა ფორუმსაც უმასპინძლონ.

XS
SM
MD
LG