ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკოლოგიურად სუფთა თბოელექტროსადგური


გარემოს დამცველები შიშობენ, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე სადგური უდაბნოს ეკოსისტემებისთვის მაინც საფრთხეების შემცველია

აივანპოს თბოელექტროსადგური, რომელიც ლას ვეგასიდან 60-იოდე კილომეტრში შენდება, სარკეებიან მოედანს გავს და კალიფორნიის უდაბნოში შორიდან შეიძლება მირაჟი გეგონოთ. ჯო დესმონდი „ბრაითსორს ენერჯის“ წარმომადგენელია - კომპანიის, რომელიც სადგურს აშენებს. „აქ, აივანპოში, სხვათა შორის, მსოფლიოში მზის სინათლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცენტრაციაა“ - ამბობს ის.

მზის ენერგიაზე მომუშავე მსოფლიოს უდიდესი თბოელექტროსადგური 170 ათასი სარკისგან შედგება. სამ კოშკის ფორმის საქვაბეში გენერირებული ორთქლი, ენერგიის საწარმოებლად ტურბინებს აამუშავებს. ჯო ამბობს, რომ ორთქლის ტემპერატურა ზოგჯერ ცელციუსით 260 გრადუსს აღემატება.

ბმული

„ენერგიას გამდნარი მარილის ფორმით ვინახავთ. ისე, რომ მზის ჩასვლის შემდეგაც გვექნება საშუალება ელექტროობა ვაწარმოოთ. სხვა ქვეყნებშიც უზარმაზარი ინტერესია სოლარული ენერგიის კონცენტრირების მიმართ. მათ შორის: ჩინეთში, აფრიკაში, თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“ - აღნიშნავს ჯო დესმონდი.

გარემოს დამცველები, როგორც წესი, მსგავს პროექტებს მხარს უჭერენ. თუმცა, ასეთი პროექტებიც გარემოსთვის გარკვეული რისკების შემცველია. „იმის მიუხედავად, რომ უდაბნო საკმაოდ დიდია, მის დანაწევრებას როგორც კი დაიწყებ, მაშინათვე ზიანს აყენებ ფლორას და ფაუნას, რომელსაც გადარჩენისთვის მეტი ბრძოლა მოუწევს“ - ამბობს ლიზა ბელენკი, ბიოდივერსიფიცირების ცენტრის ადვოკატი. ცენტრი კერძო კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც ფილიალები სხვადასხვა შტატებში აქვს გახსნილი.

ლიზას თქმით, გარემოსდამცველები შეშფოთებით ადევნებენ თვალს კომპანია „გუგლის“ ინიციატივით წამოწყებულ ივანპოს თბოელექტროსადგურის მშენებლობას. სამშენებლო კომპანია „ბრაითსორს ენერჯიმ“ უკვე 50 მილიონი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ადგილობრივი კუები სხვაგან გადაესახლებინა, რადგან მათ არსებობას სადგურის მშენებლობამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ლიზა ბელენკი თვლის, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება: „ძველი, უკვე ათვისებული ტერიტორიები უნდა გამოგვეყენებინა მშენებლობისთვის: ძველი საბადოები, ბიზნესები, მანქანის სადგომები...“

სადგურის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა „ბრაითსორსმა“ ელექტროენერგიის გაყიდვა უკვე დაიწყო.
XS
SM
MD
LG