ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო


ოფიციალურად მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა 2 ოქტომბერს დაიწყო

ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი ეგრეთ წოდებულ „მწვანე ბარათის გათამაშებაში” იღებს მონაწილეობას იმისათვის, რომ შეერთებული შტატები მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს. შემდეგი ლატარეა, რომელსაც ოფიციალურად მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა ეწოდება, სამშაბათს, 2 ოქტომბერს დაიწყო. ჩვენი სიუჟეტი დეტალებით.

რუზბეჰ ბაზჰარი იღბლიანთა შორის აღმოჩნდა. ირანელი ჟურნალისტი შეერთებულ შტატებში 1999 წელს, მწვანე ბარათის „ლატარეის” მოგების შემდეგ ჩამოვიდა.

„იმ დროს სამხედრო სამსახურში ვიყავი. ჩემი დისგან შეტყობინება მივიღე, რომელიც მთხოვდა, სასწრაფოდ დამერეკა მისთვის. როცა დავურეკე, ეს კარგი ამბავი შემატყობინა. ძალიან ბედნიერი ვიყავი… სახლში დაბრუნებულს, დოკუმენტები დამხვდა, რომლის საფუძველზეც ქვეყნის დატოვება შემეძლო. მე მგონი, შვიდი დღის მანძილზე ვზეიმობდი ამ ფაქტს,” - ამბობს რუზბეჰი.

2014 წლის მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 2 ოქტომბერს, დღის 12 საათზე დაიწყო და შაბათს, 3 ნოემბერს, დღის 12 საათზე დასრულდება.

გასულ წელს გათამაშების პროგრამაში მონაწილეობა თითქმის 8 მილიონმა ადამიანმა მიიღო. ალბათ, წელსაც იგივე მაჩვენებელი იქნება, თუმცა, შემთხვევითი შერჩევით მხოლოდ 55,000 ადამიანს გაუმართლებს იღბალი.

ნაიმ კარიმი ირანში დაიბადა და ლატარეაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სამჯერ შეავსო. გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ის „ამერიკის ხმას” კანადიდან, საკუთარი სახლიდან „სკაიპის” საშუალებით ესაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენად იღბლიანად გრძნობს იგი დღეს თავს, ნაიმი პასუხობს:

„დიახ, ვგრძნობ, რომ იღბალი ჩემსკენაა. ბოლო რამდენიმე თვეა მიმართლებს. უნივერსიტეტი დავამთავრე. დავქორწინდი. სამსახური ვიშოვნე. ახლა კი ვფიქრობ, რომ იქნებ იღბალი სამობით კი არა, ოთხობით არის,” - ამბობს ნაიმი.

მწვანე ბარათის გათამაშება 2012 წლიდან მთლიანად ელექტრონული ფორმით ტარდება. განმცხადებლები მონაცემებს ვებგვერდზე ავსებენ, სადაც მაისში მათ შედეგების შესახებ ეცნობებათ. კარინ კინგი შეერთებული შტატების სავიზო სამსახურის სპიკერია.

„ჩვენ ისეთი სისტემის შექმნა ვცადეთ, რომელშიც განმცხადებელს ყველაფრის გაკეთება თავად შეუძლია და აღარ საჭიროებს ვინმეს დახმარებას ან ფულის გადახდას განცხადების შესავსებად… განმცხადებლებს ინფორმაციაზე წვდომა ვებგვერდზე განცხადების სტატუსის შესამოწმებლად შესვლით შეუძლიათ. ასე რომ, მათი მხრიდან აქტიურობა და ვებგვერდის რეგულარული შემოწმებაა საჭირო,” - განმარტავს კარინ კინგი.

მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამის ფარგლებში ის ქვეყნებია აქტუალური, რომელთაც, ისტორიულად, იმიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ შეერთებულ შტატებში. ასე რომ, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია და ბანგლადეში, პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აღარ აქვთ. თუმცა, უფლებამოსილი ქვეყნებიდან მილიონობით ოპტიმისტი ადამიანისათვის ეს პროგრამა ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობაა.

„თითქმის ხუთი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ ჩემი ეხლანდელი მდგომარეობისათვის მიმეღწია, ყველაფერი გადამედო და იმაზე ფიქრი დამეწყო, თუ რისი მიღწევა მინდა ხუთ, ათ წელიწადში. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მწვანე ბარათი მაქვს. ამან ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა,” - ამბობს რუზბეჰ მაჰზარი.

იღბლიანი განმცხადებლები შედეგებს მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამის ვებგვერდზე - www.dvlottery.state.gov, 2013 წლის 1 მაისს შეიტყობენ.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG