ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. მწვანე ბარათის მოსაგებად განცხადების მიღება ხვალ იწყება


18 ოქტომბრიდან განახლდება ამერიკის საიმიგრაციო პროგრამით გათვალისწინებული, სავიზო ლატარიის ანკეტის შევსების პროცესი. ე.წ. მწვანე ბარათის მოგების მსურველებს განაცხადის შეტანის საშუალება 22 ნოემბრამდე ექნებათ.

ლატარიის გათამაშების პირველადი თარიღი 3 ოქტომბერი იყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, პირველი კვირის განმავლობაში მიღებული განაცხადები სისტემაში დაიკარგა და ანულირებულია. შეერთებულ შტატებში იმიგრაციის მსურველებმა საბუთების შევსება თავიდან უნდა დაიწყონ.

მათ, ვინც განაცხადი 3-დან 10 ოქტომბრამდე შეიტანა, პროგრამის ადმინისტრაცია ორი რჩევის გათვალისწინებას სთხოვს. პირველი: გადაყარონ ყველა დოკუმენტი, რომელიც ანკეტის ამ პერიოდში შევსების დამადასტურებლად მიიღეს, რომ შემდგომში, ახლის მაგივრად, შეცდომით ძველი, უკვე ანულირებული მონაცემები არ გამოიყენონ. მეორე: სახელმწიფო დეპარტამენტი გვაფრთხილებს, რომ მწვანე ბარათის მოგებისთვის განაცხადის ორჯერ შეტანა ამერიკაში იმიგრაციის მსურველის დისკვალიფიკაციას გამოიწვევს. მაგრამ, მათთვის, ვინც ანკეტა 3-დან 10 ოქტომბრამდე შეავსო, ახალი ანკეტის შევსება დუპლიკატად არ ჩაითვლება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ტექნიკური პრობლემა ამოწურულია" და განაცხადის ახალი, სრული ვადა დაიწყება ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, შუადღის 12 საათზე (იგულისხმება ადგილობრივი დრო EST) და დასრულდება ოთხშაბათს, 22 ნოემბერს, ასევე, ადგილობრივი დროით შუადღეზე.

ისინი, ვინც ანკეტა 3-დან 10 ოქტომბრამდე შეავსეს, სახელმწიფო დეპარტამენტისგან ელექტრონულ შეტყობინებას მიიღებენ. მათ სთხოვენ ყურადღებით წაიკითხონ "მნიშვნელოვანი განცხადება", რომელიც გათამაშების ვებგვერდზე მოკლე ხანში განთავსდება - უთხრა "ამერიკის ხმას" დეპარტამენტის პრესსპიკერმა პუჯა ჟინჟუნვალამ. "ჩვენ ასევე ვიმუშავებთ საელჩოებთან და საკონსულოებთან ერთად, რათა გათამაშების პოტენციურ მოთამაშეებს შექმნილ სიტუაციაზე ინფორმაცია როგორც ადგილობრივი მედიის, ასევე სოციალური მედიის საშუალებით მივაწოდოთ" - თქვა მან.

ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ რა რაოდენობის განაცხადის ანულირება მოხდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ვადების გახანგრძლივების მიუხედავად, ახალი ანკეტის შევსების აუცილებლობის შესახებ, შეიძლება, გათამაშების ყველა მონაწილემ ვერ შეიტყოს. "ვშიშობ, ათასობით ადამიანი, რომელიც განვითარებად სამყაროში ცხოვრობს, ინტერნეტს ყოველდღიურად არ ამოწმებს და ისინი ვერც გაიგებენ, რომ მათი განაცხადი გაუქმებულია" - ამბობს კენეტ რინზლერი. ის ვაშინგტონში მოქმედი საიმიგრაციო ადვოკატია.

მათთვის, ვისაც ამერიკაში ოჯახის წევრები არ ჰყავს, ვერ პოულობს დამსაქმებელს, ან დევნილი არ არის, შეერთებულ შტატებში გადმოსვლის ერთადერთ გზად მწვანე ბარათის ლატარიით მოგება რჩება. თუმცა, პირველ ეტაპზე მოგება ამერიკაში წასვლის გარანტიას არ იძლევა. საიმიგრაციო ადვოკატების ინფორმაციით, მოგების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საშუალო სკოლის ატესტატი, ან რამდენიმე წლის სამუშაო გამოცდილებაა. შემდეგ იწყება საბუთების შევსების მეორე ეტაპი, სადაც სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც ემატება, მათ შორის ფინანსური გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არის.

2015 წელს შეერთებულმა შტატებმა მწვანე ბარათი ლატარიის საშუალებით 48, 097 ადამიანზე გასცა. საიმიგრაციო ვიზების საერთო რაოდენობა კი 531, 463-ს შეადგენდა.

ამჟამად მიმდინარე გათამაშების მონაწილეები, მოგების და მომდევნო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში 2019 წელს ჩამოვლენ. საუბარია ფისკალურ წელზე, რომელიც 2018 წლის 1 ოქტომბერს იწყება და 2019 წლის 30 სექტემბერს დასრულდება.

ლატარიაში მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა ქვეყანა. წელს მწვანე ბარათის გათამაშებაში ვერ მონაწილეობს: ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, კოლუმბია, დომინიკის რესპუბლიკა, სალვადორი, ჰაიტი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, პერუ, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო თავისი ყველა ტერიტორიით, ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა. ამ სიიდან გამონაკლისს შეადგენენ ადამიანები, ვინც ჰონგ-კონგში, მაკაუში და ტაილანდშია დაბადებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG