ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი გორის ცენტრში


ინციდენტი გორის ცენტრში

გუშინ გორის ცენტრში ინციდენტი მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ავტომანქანა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა, ავტომანქანის მფლობელი კი გალახა. ფაქტი დღის ყველაზე ნათელ მონაკვეთში მოხდა იმ ადგილას, სადაც სათვალთვალო ვიდეოკამერაა დამონტაჟებული და იმით დასრულდა, რომ მოსამართლემ ნაცემ ადამიანს 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს ამბავი ჯონი ნანეტაშვილს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს შეემთხვა. მის დაზიანებების ჩამონათვალს შორისაა ტვინის შერყევა, ხერხემლის ზედა ნაწილისა და თავის ქალის დაზიანება, ასევე დალურჯებები ხელებსა და წელის არეში.

ტელეკომპანია „თრიალეთი“ შიდა ქართლის მასშტაბით მაუწყებლობს და ხუთ ქალაქს ფარავს, მათ შორის კონფლიქტის ზონასაც. დირექტორის გადაწყვეტილებით, ბოლო რამდენიმე თვეა, ტელეკომპანია „მაესტროს“ რეტრანსლირებას ახდენს საკუთარი ეთერით. შიდა ქართლის მოსახლეობისთვის ეს ერთადერთი არხია, რითაც ცენტრალურ სატელევიზიო არხებზე გასული ამბებისგან განსხვავებულ ინფორმაციას იღებენ. ტელეკომპანიის მფლობელი საკუთარ გალახვას სწორედ „მაესტროს“ რეტრანსლირებას უკავშირებს და ამბობს: „რომ არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ხშირი ვიზიტები და მათთვის ეთერის დათმობა, არც ხელიუსფლება იქნებოდა დაინტერესებული ჩემზე ზეწოლოთ“.

საბა წიწიკაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი გორში ჯონი ნანეტაშვილის სასამართლო პროცესს თავად ესწრებოდა. იგი ამბობს, რომ ტელევიზიის მფლობელმა პირადად უჩვენა მოსამართლეს დაზიანებები ხელებზე, რომლებიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს და სთხოვა, გაეთვალისწინებინა ეს მომენტი განაჩენის გამოტანისას, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ეს სხვა საქმე იყო და ამჯერად მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ უნდა ემსჯელათ. საბა წიწიკაშვილი ტელეკომპანიის დირექტორთან დაკავშირებით მხოლოდ ამ უკანასკნელი ფაქტის შესახებ არ საუბრობს, იგი დასძენს, რომ „თრიალეთის“ მიერ „მაესტროს“ რეტრანსლირების დაწყებასთან ერთად პირდაპირპროპორციულად გაიზარდა ტელეკომპანიის მფლობელების მიმართ სხვადასხვა სახის ჯარიმების რიცხვი.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ დირექტორს ადკოკატირებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები უწევენ. ქეთევან ბებიაშვილი, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯონი ნანეტაშვილის შემთხვევაში პოლიციამ აშკარად გადამეტებული ძალა გამოიყენა. ეს არაა პირველი ფაქტი, რაც პოლიციის მხრიდან ძალადობას უკავშირდება ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლების მიმართ. რამდენიმე თვის წინ, ამავე ტელევიზიის ჟურნალისტის, ლადო ბიჭაშვილის მიმართაც განცხორციელდა ძალადობა სტალინის ძეგლის დემონტაჟის დღეს გორში. ჟურნალისტი ზეწოლაში პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებდა. აღნიშნული საქმის ადვოკატირებას ასევე საიას იურისტები ეწევიან, თუმცა მისი გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარი ასევე მოგვეპოვებინა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მხრიდანაც, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჯონი ნანეტაშვილი ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს და მოითხოვს საქმის აღძვრას საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც მასზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელა.

XS
SM
MD
LG