ომის შემდეგ დევნილებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოტეჯების მშენებლობა დაიგეგმა. გაჩნდა არაერთი ეგრეთ წოდებული „კომპაქტური ჩასახლების ადგილი.“ მშენებლობა ომიდან, ფაქტობრივად ერთ თვეში, ოქტომბერში დაიწყო. საქართველოს მთავრობამ 13 სხვადასხვა ადგილას 39 632 ინდივიდუალური კოტეჯი ააშენა. თითოეულ კოტეჯზე, დაახლოებით, 17 800 ლარი დაიხარჯა. კოტეჯების მშენებლობა მსოფლიო ბანკის მაღალშეღავათიანი სესხებისა და ევროკომისიის გრანტებით დაფინანსდა. მათი მშენებლობა და ინფრასტურქტურის მოწყობა 133,3 მილიონი ლარი, 94,5 მილიონი დოლარი დაჯდა. ამ კოტეჯებში დღეს 13 876 დევნილი ცხოვრობს.
შენებლობის თემამ კამათი თავიდანვე გამოიწვია, რადგან კოტეჯებში შესახლებული დევნილები ჩიოდნენ ნესტისა და სივიწროვის, არასათანადოდ გამომშრალი კედლებისა და სისველის გამო. ორიოდე თვეში იატაკის პრობლემა გაჩნდა, რომლის ფიცრები ერთმანეთს დაშორდა, რადგან ნედლი მასალისგან იყო დამზადებული და გამოშრობა აკლდა. დევნილები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ სახლებში ქვეწარმავლებსა და ხოჭოებს პოულობდნენ და ვეღარ უძლებდნენ თაგვების შემოსევებს. ამ სურათს იატაკიდან ამოზრდილ მცენარეთა თემა აგვირგვინებდა.
მასობრივი უკაყოფილების ფონზე ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ შვიდი ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია დააფინანსა, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის აშენებული კოტეჯების მშენებლობის პროცესისა და ხარისხსის მონიტორინგი უნდა მოეხდინათ. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ საკუთარი ანგარიში უკვე წარმოადგინა, მონიტორინგი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ერიკ ბარეტი აღნიშნავს, შენობიების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები გამოწვეულია არადამაკმაყოფილებელი არქიტექტურული პროექტით, რომელიც დახურულ კარს მიღმა იქმა შედგენილი, ფართო კონსულტაციებისა და ექსპერტების მონაწილეობის გარეშე.
ერიკ ბარეტი ამბობს: „კოტეჯები ომის შემდგომ აშენდა, იმ დროს, უმთავრესი ამოცანა დევნილებისთვის დროებითი თავშესაფრის შექმნა იყო და არა გრძელვადიანი საცხოვრებლით მათი უზრუნველყოფა. დაგეგმვის პოცესში ადგილი ჰქონდა დევნილების გრძელვადიანი საჭიროებების გათვალისწინების მცდელობას. ამის მაგალითია დევნილთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა, რაც მათი საარსებო წყაროს უზრუნველყოფის მიზნით გაკეთდა, თუმცა აქტიტექტურული პროექტი იმდენად სწრაფად შეიქმნა და დაგეგმვის ხანგრძლივობაც იმდენად ხანმოკლე იყო, რომ შედეგად მივიღეთ რაღაც საშუალო დროებით თავშესაფარსა და გრძელვადიან საცხოვრებელს შორის. სამშენებლო კომპანიებთან კონტრაქტები მთავრობას ომიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტ ხანში ჰქონდა დადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არქიტექტურული პროქტები და შესაბამისი მიწის მოძიების სამუშაოები ამ დროისთვის უკვე ჩატარებული იყო. კონტრაქტების პირობის თანახმად, სანშენებლო კომპანიებს, მაქსიმუმ სამ თვეში უნდა დაესრულებინათ სამშენებლო სამუშაოები. შედარებისთვის, „გაეროს ლტოლვილტა უმაღლესი კომისრის“ ინჟინრების დაანგარიშებით, უკვე არსებული, ცარიელი შენობების გამართულ საცხოვრებელ ფართებად გარდაქმნას, 450 ოჯახის დასაკმაყოფილებლად, მინიმუმ 45 დღე დასჭირდებოდა. მშენებლობის პროცესის უსწრაფესმა ტემპმა ჰუმანიტარულ ოპერაციებში მომუშავე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია გააკვირვა იმის გამო, რომ კოტეჯური დასახლებები ლამის ერთ ღამეში გაჩნდა.“
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომელიც კოტეჯების სარისხს სწავლობდა, ანგარიშში ამბობს, რომ არსებული უკმაყოფილება კოტეჯების დაგეგმვის ნაჩქარევმა და გაუმჭვირვალე პროცესმა გამოიწვია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ კორძაია ამბობს, რომ ასოციაცია ანგარიშს კოტეჯების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენების შემდეგ დადებს. ისინი სწავლობდნენ სამართლებრივ საკითხს, რამდენად ტარდებოდა ტენდერები კანონმდებლობის დაცვით და სხვა. თამარ კორძაიას თქმით კოტეჯებში ჩასახლებულ დევნილებს ჯერაც უამრავი პრობლემა აქვთ. გასამართია საპირფარეშოები, საკანალიზაციო და სავენტილაციო სისტემა. კოალიციის მიერ შესრულებული საბოლოო ანგარიში კოტეჯების თემაზე არჩევნების შემდეგ დაიდება.