ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ


გორში წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ

დარღვევების თემა წინასაარჩევნოდ აქტუალობას არ კარგავს. პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა სახის კანონდარღვევის შესახებ საუბრობენ, ამბობენ, რომ მათზე ზეწოლას სახელისუფლებო გუნდი სხვადასხვა ოფიციალური უწყების საშუალებით ახორციელებს. ხელისუფლების მხრიდან ამ ბრალდებებზე პასუხი ხშირ შემთხვევაში, ტიპურია. ისინი ამბობენ, მოგვმართონ კონკრეტული დარღვევებით და ჩვენც ყველა მათგანზე რეაგირებას მოვახდენთ, ოპოზიცია ჩვენთან თანამშრომლობას გაურბის, ამიტომაც მათი შევიწროვების ფაქტების შესახებ ინფორმაცია ნაკლებად გვაქვსო.
მიმართავენ თუ არა სამართალდამცავ სტრუქტურებს დარღვევებზე რეაგირების მიზნით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და თუ არა, რით ხსნიან ამ დამოკიდებულებას, ამის შესახებ საინტერესო პასუხები მივიღეთ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანებისგან. ისინი ამბობენ, რომ დანაშაულის დასაფიქსირებლად და დამნაშავის მოძიების მიზნით პოლიციას მიმართავენ, თუმცა ფაქტები, რომ მოკვლევა სამართლიანდ და მიუკერძოებლად მიმდინარეობს, მათ ხელთ არ აქვთ. ოპოზიციური პარტიის წევრები ასახელებენ შემთხვევებს, როდესაც პოლიციაში კონკრეტულ დარღვევაზე აღძრული საქმე საპირისპიროდ შემოტრიალდა და ეჭვმიტანილად დარღვევაზე მიმთითებელი ადამიანი დასახელდა. შემდეგ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც მართალია, თაროზე შემოდეს, მაგრამ განმცხადებელმა იცის, რომ იგი ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს და ბრალდებად იქცეს. უმეტესწილად, ასეთი შემთხვევები შიშის სინდრომს ამკვიდრებს.რესპუბლიკური პარტიის წევრს გორში დავით რაზმაძეს ხელთ აქვს დოკუმენტური მასალა, რომელიც მისი პარტიის წევრმა მოიპოვა. ესაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ორი ასლი, რომელიც ერთსა და იმავე პიროვნებას ეკუთვნის. მათზე მითითებული იდენტური პირადი ნომრით. მოწმობის მფლობელი ორ სხვადასხვა მისამართზეა ჩაწერილი, რაც მას მინიმუმ ორგან ხმის მიცემის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მათგანს ვადა არჩევნების შემდეგ მალევე გასდის, რაც დავით რაზმაძეს აფიქრებინებს, რომ სწორედ ეს ეგზემპლარია გაყალბებული. მისი თქმით, თუ ხელისუფლების მითითებით ასეთი მოწმობები მათ მიმართ ნდობით აღჭურვილ პირებზე მრავლად დარიგდა, ეს არჩევნების შედეგებზე რა თქმა უნდა, სერიოზულ გავლენას იქონიებს. დავით რაზმაძე ამბობს, რომ მათ ამ შემთხვევის გამოძიების მიზნით სამართალდამცავი უწყებისთვის არ მიუმართავთ წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე. მაშინ პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე მათი წევრის მიმართ აღძრა. რაზმაძე ამბობს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ნდობა დაკარგა და ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცადეთ გადაგვემოწმებინა, არის თუ არა განცხადებები წინასაარჩევნოდ შესული დარღვევების შესახებ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა დარღვევების შესახებ კომენტარისთვის ეკატერინე ზღულაძესთან გადაგვამისამართა, რომელთან დაკავშირებაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

არსებობს თუ არა ფაქტები, როდესაც პოლიტიკური პარტიები დარღვევებზე რეაგირებისთვის სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავენ და როგორია გამოძიების დინამიკა, ამის შესახებ კომენტარი ჩვენთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოდგენელმა, ქეთევან ბებიაშვილმა გააკეთა.

XS
SM
MD
LG