ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჯილდოების სეზონის პირველი სიურპრიზი: ფილმი "1917"


კვირას, ლოს-ანჯელესში გამართული "ოქროს გლობუსის" 77-ე ცერემონიით, შეერთებულ შტატებში ე.წ. ჯილდოების გადაცემის სეზონი გაიხსნა. სეზონი მოგვიანებით, "ოსკარით" საზეიმო დაჯილდოებით დასრულდება. წლის ფავორიტი ფილმების ნაცვლად, ბევრისთვის მოულოდნელად, ორი მთავარი პრიზი ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის სემ მენდესის კინომ "1917" აიღო.

ფილმი "1917" პირველი მსოფლიო ომის თემაზე, "იუნივერსალ სტუდიოშია" გადაღებული. მენდესის კინომ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ დაწესებული პრიზები საუკეთესო დრამატული ფილმის და საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში მიიღო.

დრამატულ ფილმებში მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი გადაეცა ხოაკინ ფენიქსს, ჯოკერის როლის შესრულებისთვის ამავე სახელწოდების ფილმში. საუკეთესო ქალ მსახიობად რენე ზელვეგერი დაასახელეს. მან ცნობილი ამერიკელი მსახიობის და მომღერლის, ჯუდი გარლანდის როლი შეასრულა ფილმში „ჯუდი“.

საღამოს ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული იყო კვენტინ ტარანტინოს გახმაურებული ფილმი "ერთხელ ამერიკაში". მან ტარანტინოს საუკეთესო სცენარისტის და საუკეთესო ფილმის პრიზები მოუტანა კომედიის და მიუზიკლის ჟანრებში. იმავე ფილმში ბრედ პიტი დააჯილდოვეს მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

საუკეთესო მინი-სერიალად უცხოელ კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ დაასახელა ტელეკომპანია "ეიჩ-ბი-ოს" (HBO) გახმაურებული სერიალი „ჩერნობილი“. ცერემონიაზე "ოქროს გლობუსის" ორი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელებიც გამოცხადდა: მსახიობ ტომ ჰენქსს კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, სესილ დემილის სახელობის პრიზი გადაეცა. ტელევიზიაში მოღვაწეობისთვის დაწესებული კეროლ ბერნეტის სახელობის ჯილდო კი, ასოციაციამ ტელეწამყვან ელენ დეჯენერესს გადასცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG