ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“რუსეთი - ტრანსატლანტიკური ერთობის გამოცდა”


10 მაისს ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდში, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაზე და მის მომავალზე ისაუბრეს. ღონისძიებაში, სახელწოდებით “რუსეთი, დასავლეთი და ნატოს ვარშავის სამიტი” მონაწილეობა მიიღეს ანალიტიკოსებმა ვაშინგტონიდან, პარიზიდან, ფრანკფურტიდან, ბრიუსელიდან და ვარშავიდან.

განხილვის მთავარი თემა იყო ტრანსატლანტიკური აკადემიის ახალი ანგარიში “რუსეთი - ტრანსატლანტიკური ერთობის გამოცდა”, რომელიც ერთი დღის შემდეგ, 11 მაისს გამოიცა. მისი ავტორები არიან მკვლევარები: ანჯელა სტენტი, ნელი ბაბაიანი, მარი მენდრასი, ენდრიუ მორავკსიკი, ულრიკ სპეკი და კრის მილერი.

ექსპერტებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ რა შედეგების მომტანია რუსეთთან დღეისთვის ჩამოყალიბებული ურთიერთობა შეერთებული შტატების და ევროპის სტრატეგიული, თუ უსაფრთხოების ინტერესებისთვის, როგორი ზემოქმედება აქვს მას ორივე მხარის პოლიტიკაზე და რა მოეთხოვებათ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოთა ლიდერებს ივლისში დაგეგმილ სამიტზე.

ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელონ ტრანსატლანდიკური ერთობის პრიორიტეტად დასახვა და რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე პასუხთან დაკავშირებით ერთმანეთში კოორდინირება - ნათქვამია ანგარიშში. “დასავლეთის რეაქცია რუსეთის აგრესიაზე ძლიერი და ეფექტური იყო, დასავლეთის ერთობას კი კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ზიანის მინიმუმზე დაყვანის საქმეში” - აღნიშნავს ტრანსატლანტიკური აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ცაბო ანგარიშის შესავალ ნაწილში.

მკვლევარები თვლიან, რომ დასვლეთმა უნდა გააგრძელოს რუსეთთან მუშაობა, რათა სირიის კონფლიქტი დარეგულირდეს. მაგრამ, ამავე დროს უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ კრემლის მიერ მეზობელი ქვეყნების მიმართ ძალის გამოყენება ევროპის უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება.

აქედან გამომდინარე, დასავლეთის პარტნიორების პასუხი ისეთი ქვეყნების მთავრობების და დემოკრატიზაციის ხელშეწყობაა, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ტრანსატლანტიკურმა კავშირმა უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ამ ქვეყნებში უსაფრთხოების დონე ამაღლდეს და მათი საზღვრბზე თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს - ამბობს ანგარიში.

გერმანიის მარშალის ფონდში გამართულ შეხვედრაზე ანჯელა სტენტმა, ტრანსატლანტიკური აკადემიის უფროსმა მკვლევარმა, აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან შექმნილ გამოწვევებს დასავლეთმა თავი საკმაოდ კარგად გაართვა, იმ ფონზე, როცა ტრანსატლანტიკურ ძალებში რუსეთთან მიმართებაში დღემდე საკმაოდ განსხვავებული ინტერესებია, როგორც ევროპის ქვეყნებს შორის, ასევე ევროპას და ამერიკას შორისაც. “თუმცა, დღეს დასავლეთის ერთობაში გამოწვევების გაღრმავება აშკარად შესამჩნევია და მიგვაჩნია, რომ მისი შენარჩუნება მომავალში გაცილებით უფრო რთული იქნება” - აცხადებს ანჯელა სტენტი.

ტრანსატლანტიკური აკადემიის ექსპერტების აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპისთვის მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე მთავარ მიზნად ერთიანი ფრონტით მუშაობის გაგრძელება უნდა დარჩეს, განსაკუთრებით - უკრაინის კრიზისის დარეგულირების მიმართულებით. რუსეთზე დაწესებული სანქციები უნდა გაგრძელდეს და სიტუაცია შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მინსკის შეთანხმების დაცვაში სერიოზულ და აშკარა პროგრესს აჩვენებს.

ექსპერტების აზრით, ეს იოლი საქმე არ იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის კავშირის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან სანქციების შემსუბუქების მიზნით ზეწოლა გრძელდება. ამასთან, ევროპის სახელმწიფოებში ისევ გაურკვევლობაა შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. პარალელურად კი იზრდება გაღიზიანება იმის გამო, რომ უკრაინაში რეფორმების პროცესში პროგრესი საკმაოდ ნელია.

“რუსეთი - ტრანსატლანტიკური ერთობის გამოცდა” რიგით მერვე ყოველწლიური ანგარიშია, რომელშიც ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდს და ევროპის კვლევით ცენტრებს შორის პარტნიორობის საფუძველზე გამოიცა.

XS
SM
MD
LG