ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი მიქაძე -28 წლის ქართველი მიწვეული პროფესორი ბერკლიში


გიორგი მიქაძე
გიორგი მიქაძე

ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ბერკლის პრესტიჟული მუსიკალური კოლეჯის პირველი მიწვეული პროფესორია საქართველოდან. შეთავაზება მან კოლეჯის პრეზიდენტისგან მიიღო. გიორგი მიქაძემ ექვსი სხვადასხვა დონის ჯგუფი ჩაიბარა და სტუდენტებს მუსიკალურ საგნებს ასწავლის. მისი ამერიკული კარიერა ახალ საფეხურზე ავიდა, მუსიკოსს ნიუ-იორკში კორესპონდენტი თეა თუაშვილი ესაუბრა.

1945 წელს მასაჩუსეტსის დედაქალაქში, ბოსტონში დაარსებული ბერკლის მუსიკის კოლეჯი ყოველწლიურ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ყოველთვის ხვდება. ეს არის სასწავლებელი, სადაც თანამედროვე მუსიკის სფეროში შემოქმედმა შეიძლება საუკეთესო განათლება მიიღოს და ასევე საუკეთესო მუსიკალური კარიერა გაიკეთოს. ბერკლის მუსიკალური კოლეჯის 114-მა კურსდამთავრებულმა სხვადასხვა დროს უმაღლესი მუსიკალური ჯილდო გრემი, 275-ჯერ მიიღო, მისი კურსდამთავრებულები არიან ოსკარის გამარჯვებულები, სატელევიზიო კონკურსის "ემის" და ასევე ბროდვეის მუსიკალური პრემიის "ტონის" მფლობელები. ქართველი ჯაზ-მუსიკოსი გიორგი მიქაძე ბერკლის საკუთარ ოჯახს უწოდებს. სწავლა მან იქ სამი წლის წინ დაამთავრა, შემდეგ მანჰეტენის მუსიკალურ სკოლაში მაგისტრის ხარისხი მიიღო, თუმცა ბერკლის კოლეჯის პრეზიდენტს და პროფესორებს მასთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. ბერკლიში საზაფხულო სწავლებას ახალგაზრდა ქართველი მიწვეული პროფესორი გიორგი მიქაძე ჩაატარებს. ის 28 წლის არის.

გიორგი მიქაძე: როგორც განმანათლებლისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რადგან ორმაგად ვიღებ განათლებას. ეს არის საინტერესო პროცესი, როდესაც პედაგოგსა და მოსწავლეს შორის არის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის საშუალება. დღეს, როგორც ვიცით 21-ე საუკუნეა, იუთუბის ერას ვეძახი მე, როდესაც ინფორმაცია ბევრია და განათლება ნაკლები. ამაზე ვარ ორიენტირებული, რომ მივცე სწორი მოტივაცია, ვაჩვენო რა არის სწორი გზა ჩამოყალიბებისთვის და შემდგომ უკვე წარმატებისთვის.

ბერკლის კოლეჯი ყოველწლიურად ზაფხულში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-მდე სტუდენტს იწვევს. გიორგი მიქაძის პედაგოგიური მოღვაწეობა არაერთ მიმართულებას მოიცავს - საშემსრულებლო, თეორია, ისტორია, საანსამბლო.

ქართველი მუსიკოსი თვლის, რომ საქართველოში მუსიკალურ განათლებას განახლება და განვითარება სჭირდება და მზად არის თავისი გამოცდილება ქართულ საგანმანათლებლო სფეროსაც გაუზიაროს.

გიორგი მიქაძე: ძალიან მინდა სწავლების სტილი რაღაცნაირად გადავიტანოთ საქართველოში. არა დაკოპირება, არამედ ქართულ საგანმანათლებლო ფუძეზე აშენებული ახალი სისტემა. მივიჩნევ, რომ ძალიან კარგი განათლების მუსიკალური სისტემა გვაქვს, მაგრამ ყველაფერს სჭირდება განახლება და განვითარება. ამისათვის ყველაზე კარგი ადგილი იქნებოდა მუსიკალური ათწლედი, როგორც ჩვენი აკვანი. რადგან ყველა დიდმა მუსიკოსმა, ვინც გვყავდა, სწორედ აქ ისწავლა და ახალგაზრდა თაობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იქ ისწავლონ და მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. მომავალში კარგი იქნება, თუ რათქმაუნდა ჩემი ქვეყანა მიხმობს და დრო და საჭიროების მიხედვით მე სიამოვნებთ შევქმნიდი პროგრამას, რომელიც ამერიკულ და ქართულ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული და კარგად მოერგება ქართულ სისტემას.

როგორია თანამედროვე ქართული მუსიკალური ცხოვრება. რამდენად ღირებული, გემოვნებიანი მუსიკა იქმნება დღეს საქართველოში. გიორგი მიქაძის აზრით, მიმართულება რომელიც ყველაზე მეტად არის განვითარებული ამჟამად კლუბური მუსიკაა.

გიორგი მიქაძე: ძალიან შემოქმედებითი ხალხი ვართ, მაგრამ ისევ განათლების პრობლემაა. განათლება რომ არ არსებობს ბევრი რამ ძალიან ზედაპირულად კეთდება. ამიტომ არაფერი მახსენდება ისეთი, ბოლო დროს შექმნილი, რომ ვთქვა ძალიან კარგი იყო. ისევდაისევ კლასიკოსი შემსრულებლები, რომლის სკოლა კარგი გვაქვს, ისინი აღწევენ წარმატებებს. თუმცა, რომ ვთქვა ისე რომ რაიმე ახალი იქმნება საინტერესო არ მახსენდება, სამწუხაროდ. ძალიან კარგად არის განვითარებული ელექტრონული მუსიკა, მოდაშიც არის ახალგაზრდებს მოსწონთ, თუმცა მე სიმართლე რომ ვთქვა, ბევრ შემოქმედებითობას იქ ვერ ვხედავ. ჩემს სფეროში ქართულ მუსიკაში ბევრი არაფერი ხდება საინტერესო.

ბერკლის საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ ბერკლის ადმინისტრაციის დაინტერესების შემთხვევაში გიორგი მიქაძე კოლეჯში პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებს. ანსამბლ "ბასიანთან" ერთად შექმნილ პროექტ "ვოისას", რომელიც ნიუ-იორკის სტუდიაში ჩაიწერა, თებერვალში ბერკლის კოლეჯში წარადგნენ. მაისში "ვოისას" პრეზენტაცია ჩინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG