ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმე: გამოძიების მე-11 წელი


გიორგი ღონღაძე

უკრაინის ეროვნული გმირის, ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში ახალ სკანდალურ აღიარებას სკეპტიკურად უყურებენ, როგორც კიევში, ისე თბილისში, სადაც დაიბადა გიორგი ღონღაძე.

ჟურნალისტის მკვლელობაში მთავარმა ეჭვმიტანილმა, მილიციის ყოფილმა გენერალმა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ალექსეი პუკაჩმა დახურულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საკუთარი ხელით მოკლა გიორგი ღონღაძე.

მკვლელობის შემკვეთებად კი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, კუჩმას ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად პარლამენტის თავჯდომარე ვლადიმერ ლიტვინი და უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური კრავჩენკო დაასახელა, რომელმაც ოფიციალური ვერსიის მიხედვით, 2005 წლის მარტში თავი მოიკლა.

ყოფილ პრეზიდენტ კუჩმას ოფიციალურად ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში წაუყენეს. „რომელმაც გიორგი ღონღაძის მკვლელობა გამოიწვია“.

კუჩმას მიმდინარე წლის მარტიდან არ შეუძლია უკრაინის საზღვრების დატოვება. როგორც კუჩმა, ისე ლიტვინი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. ორივე პოლიტიკური მოღვაწე მიიჩნევს, რომ „ღონღაძის საქმე“ მათ წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა.

გიორგი ღონღაძის ძმა, მიშა ღონღაძე, რომელიც თბილისში ცხოვრობს, დარწმუნებულია, რომ კუჩმას და ლიტვინს დაპატიმრება არ ემუქრებათ:

„მე ვფიქრობ, რომ პუკაჩის ეს განცხადებები უბრალოდ რაღაც პოლიტიკური თამაშის ნაწილია. უკრაინის ხელისუფლებას უნდა, მაქსიმალურად ჩაეთვალოს, რომ საქმე გამოძიებულია, დახურულია და აქედან გამომდინარე უნდათ თაროზე შემოდონ და დაამთავრონ ეს რეზონანსული საქმე. ანუ ხელები დაიბანონ.

მე არ მგონია, რომ ამას სერიოზული განვითარება მოჰყვეს, ან კუჩმა დაიჭირონ, ან პარლამენტის თავჯდომარე. ეს უბრალოდ სიტყვების რახარუხია და მეტი არაფერი.

შეიძლება პოლიტიკურად გამოიყენონ, ერთმა ხელისუფლებამ მეორეს დააბრალოს და ამ მიმართულებით წაიყვანონ. რომ, ექს-პრეზიდენტ იუშენკოს დროს ან მანამდე იყო ვითომ გარეული ვინმე და ისევ პოლიტიკური თამაშებისა და ქულების დასაწერად გამოიყენონ ეს საქმე, იმიტომ, რომ რეალურად გამოძიება მაინც არ არის.“

გიორგი ღონღაძე 1969 წელს თბილისში რუსლან ღონღაძისა და ლესია კორჩაკის ოჯახში დაიბადა. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, გიორგი, მამის გავლენით საქართველოს სახალხო ფრონტის წევრი გახდა. სწავლა კი დედის სამშობლოში, ლვოვის უნივერსიტეტში განაგრძო.

მამა, არქიტექტორი რუსლან ღონღაძე, დისიდენტური მოძრაობიდან, 1990 წელს, საქართველოს პარლამენტში მოხვდა. 1991-1992 წლების, დეკემბერ-იანვრის სამხედრო პუტჩის დროს ღონღაძეები პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდნენ.

მამის გარდაცვალების შემდეგ, 1993 წელს, გიორგი ნაციონალისტური დაჯგუფების „უნა უნსოს“ (Ukrainian National Assembly – Ukrainian People's Self-Defence) უკრაინელ მოხალისეებთან ერთად უკვე აფხაზეთში იბრძოდა, სადაც ფილმი „ომის ჩრდილი“ გადაიღო.

სოხუმის დაცემამდე გიორგი მძიმედ დაიჭრა. თბილისში მკურნალობის შემდეგ კი იგი ლვოვში საცხოვრებლად სამუდამოდ გადავიდა. მისი ჟურნალისტური კარიერა სწორედ ლვოვში დაიწყო.

სიცოცხლის ბოლო დღეებში გიორგი ღონღაძე უკვე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც ოპოზიციურ გამოცემას, ინტერნეტ გაზეთ „უკრაინკაია პრავდას“ ხელმძღვანელობდა.

გიორგი 2000 წლის 16 სექტემბერს კიევიდან გაიტაცეს. იმავე წლის ნოემბერში, კიევთან ახლოს, ტარაშჩეის ტყეში, თავმოჭრილი გვამი იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ სწორედ აქ მოკლეს ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტი.

უზარმაზარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური რეზონანსის მიუხედავად, უკვე 11 წელია ღონღაძის მკვლელობის საქმე გამოუძიებელია. უკრაინელი ჟურნალისტები ვიქტორია სუმარი და ვიქტორ ელცოვი, რომლებმაც ღონღაძის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება აწარმოეს, ამბობენ, რომ კიევში მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს.

ვიქტორია სუმარი: „პუკაჩის ბოლო აღიარება არის ერთ-ერთი მთავარი ვერსია. ეს ვერსია ყოველთვის ნომერი ერთი იყო, ამიტომ ამ კონტექსტიდან გამომდინარე პუჩაკს არაფერი ახალი არ უთქვამს.

მან, მისი ბოლო ჩვენებები ამ ვერსიით შეაჯამა. თუმცა არის სხვა ვერსიებიც და გამომდინარე იქედან, რომ სასამართლო პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს, პუჩაკის ჩვენება არათუ აძლიერებს ამ ვერსიას, პირიქით, ჩემი აზრით, მის დისკრედიტაციასაც კი ახდენს.“

ვიქტორ ელცოვი: „მე ეჭვი მაქვს, რომ პუკაჩს სურს სულელად მოგვაჩვენოს თავი, გვანახოს, რომ ვითომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი. ეს აძლევს მას პატარა იმედს, იმისას, რომ დარჩენილ ცხოვრებას ციხეში არ გაატარებს.

მე მაინც ვფქირობ, რომ მას ეს არ გამოუვა და ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, ველოდები, რომ იგი გააგრძელებს მსგავსი ჩვენებების მიცემას.“

ჯერჯერობით, გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეზე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დაზვერვის სამი თანამშრომელი გასამართლდა. ერთ მათგანს 2008 წელს 13 წლით, ორს კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დღეისათვის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ღონღაძის მკვლელობის გამო, კიდევ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: პარლამენტის თავჯდომარე ლიტვინის, ყოფილ გენერალ პუკაჩის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ კრავჩენკოს, (რომელიც უკვე გარდაცვдილია) და ექს-პრეზიდენტ კუჩმას წინააღმდეგ.

2003 წელს გენერალი პუკაჩი უკვე იყო დაპატიმრებული, თუმცა მაშინ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ჩარევის შემდეგ, მას ყველა ბრალდება მოუხსნეს და გაანთავისუფლეს. ხელმეორედ, ღონღაძის მკვლელობაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი ალექსეი პუკაჩი 2009 წლის ივლისში დააკავეს.

XS
SM
MD
LG