ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტენსიური ტესტირება - პანდემიის წარმატებით მართვის სტრატეგია გერმანიაში


მანქანიდან გადაუსვლელად ტესტირების პუნქტი გერმანიაში

პანდემია კოვიდ-19 დღეს ყველაზე მეტად დასავლეთის წამყვან ქვეყნებში მძვინვარებს. გერმანია ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილზეა - ამერიკის, ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის შემდეგ. მაგრამ, ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რაც გერმანიას ამ ხუთეულში გამოარჩევს, არის ფატალობის გაცილებით დაბალი პროცენტი.

კოვიდ-19-ის ტესტერები გერმანიაში
კოვიდ-19-ის ტესტერები გერმანიაში

გერმანია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე უკვე წარმატებით კონტროლდება და იმართება. ამის დასტურია ის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ კვირის თითოეულ დღეს უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლად ინფიცირებული პაციენტების რიცხვი.

ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა "ჯერჯერობით არცერთ ეტაპზე არ გადატვირთულა". გერმანელი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე ძირითადად ინტენსიური ტესტირების დამსახურებაა, როგორც ადრეულ, ასევე შიდა გავრცელების ფაზებზე.

დასავლურ სამყაროში მასობრივი ტესტირების და ადრეული შეზღუდვების წარმატების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშად, სპეციალისტები ახალ ზელანდიასაც განიხილავენ. ახალ ზელანდიაში მკაცრი ზომები მიიღეს მანამ, სანამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი დაიღუპებოდა.

ტესტირება მანქანიდან გადაუსვლელად ახალ ზელანდიაში
ტესტირება მანქანიდან გადაუსვლელად ახალ ზელანდიაში

პარასკევს, ახალ ზელანდიაში ინფიცირების მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ყველაზე დაბალი, ბოლო 4 კვირის მანძილზე. 5-მილიონიან კუნძულოვან ქვეყანაში, რომელსაც ირლანდიასთან მოსახლეობის მხრივ ბევრი საერთო აქვს, სიკვდილიანობის სულ 11 ფაქტი აღირიცხა. და ეს მაშინ, როცა ირლანდიაში გარდაცვლილთა რიცხვი 530-ს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენობაშიც დიდი სხვაობაა: ირლანდია - 13 980 და ახალი ზელანდია - 1 422.

რა უპირატესობა აქვს მასობრივ ტესტირებას? რამდენად კარგავს ის აზრს მეორე ეტაპზე, როცა პანდემიის ფართოდ გავრცელების გამო, მისი მართვა ინციდენტების ლოკალიზებით აღარ ამოიწურება და გადადის დაავადების მკურნალობის და მისი შესუსტების ფაზაზე? ამ კითხვებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმს, ამერიკელ ინფექციონისტს, მამუკა მაჩაიძეს მივმართეთ.

ექიმ მაჩაიძის თქმით, ინტენსიური ტესტირება ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია. ტესტირება საჭიროა შიდა გავრცელების პერიოდშიც, რათა მოხდეს შემთხვევების დროული დეტექცია, კონტაქტების გამოვლენა და ინფიცირებულების ოჯახებიდან იზოლაცია. ეს ეხმარება კლინიცისტებს გადაწყვეტილებების მიღებაში კონკრეტულ პაციენტებთან მიმართებაში.

მამუკა მაჩაიძე - ექიმი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
მამუკა მაჩაიძე - ექიმი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

"ტესტირება ასევე [საჭიროა], ეპიდემიის დაღმავალ ფაზაში, როდესაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ დაავადების პენეტრანსი, ანუ რამდენად არის ის საზოგადოებაში გავრცელებული, რამდენად შორს ვართ საზოგადოებრივი („ჯოგური“) იმუნიტეტის ჩამოყალიბებისგან" - აღნიშნავს მამუკა მაჩაიძე.

ის დარწმუნებულია იმაში, რომ ინტენსიური ტესტირების გაგრძელება არამარტო პირველ და მეორე, არამედ მესამე ეტაპზეც აუცილებელია: "ასევე [საჭიროა] პანდემიის ბოლოს, როდესაც ჩვენ უსაფრთხოდ (!!!) და ეტაპობრივად გვენდომება, რომ ქვეყანა, ეკონომიკა და სასწავლო პროცესები ავამუშავოთ... უნდა ვიცოდეთ, რა კეტეგორიებს შეეძლებათ უსაფრთხოდ წინა ცხოვრებას დაუბრუნდნენ" - ამბობს ის. საუბარია ადამიანებზე, ვისაც უკვე ექნება ვირუსის მიმართ იმუნიტეტი გამომუშავებული.

გერმანიაში ვირუსის რეპროდუქციის, თუ გადაცემის დონე უკვე ერთ ნიშნულზე დაბლა ჩამოვარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ ერთზე ნაკლებს აინფიცირებს - ამბობს გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ლოთარ ვილერი. ის რობერტ კოხის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტია.

ლოთარ ვილერი - რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი
ლოთარ ვილერი - რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი

"ჩვენ ახლა პირველად გავხდით იმის მოწმე, რომ მონაცემი ერთეულ მაჩვენებელზე დაბლაა. ვნახოთ, თუ ის სტაბილურად შენარჩუნდება... ახალი ინფიცირების შემთხვევები ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს" - თქვა ვილერმა.

გერმანიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი თვლის, რომ პანდემიის პირველ ეტაპს ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა. ამის მიღწევა მხოლოდ საზოგადოებასთან ერთობლივი ძალისხმევით იყო შესაძლებელი. თუმცა, ვილერი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ დროს, უცებ შეიცვალოს.

ბოლო მონაცემებით, დღეს გერმანიაში ახალი კორონავირუსის 141 400-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დასტურდება. დაავადების გართულებით გარდაიცვალა 4 400-მდე ადამიანი. გამოჯანმრთელდა 83 114-ზე მეტი პაციენტი. გერმანიის მოსახლეობა 83 მილიონზე მეტია.

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი
ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი

ანგელა მერკელმა შუა კვირაში განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ეკონომიკის თანდათანობით ამუშავებას გეგმავს. გერმანიის კანცლერის თქმით, მას ამასთან დაკავშირებით, უკვე აქვს ფედერაციის რეგიონული ლიდერების თანხმობა. შეზღუდვები მომავალი კვირიდან ნელ-ნელა მოიხსნება მცირე და საშუალო ზომის სავაჭრო ობიექტებზე, ოღონდ იმ პირობით, თუ ისინი სოციალური დისტანცირების რეგულაციებს დაიცავენ.

გერმანიის მთავრობა ასევე დაბეჯითებით მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ყველამ ატაროს ნიღბები საჯარო ადგილებში, განსაკუთრებით - საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში. თუმცა, ეს ზომა სავალდებულო არ არის, როგორც მაგალითად - ჩეხეთში.

პირველ ეტაპზე გერმანიაში გაიხსნება სავაჭრო ობიექტები, რომელთა საერთო ფართი 800 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. ანალოგიური შეზღუდვები არ ეხება მანქანების და ველოსიპედების გასაყიდ ცენტრებს, არც წიგნების მაღაზიებს. თუ რაიმე დრამატული ცვლილება არ მოხდა, გერმანიაში სკოლების გახსნა 4 მაისიდან იგეგმება.

გერმანია კოვიდ-19-ის მაკონტროლებელ სატელეფონო აპლიკაციასაც ამზადებს, რომელიც ინფიცირების შემთხვევების და მათთან სავარაუდო კონტაქტების გამოვლენას ისახავს მიზნად. აპლიკაცია სამ-ოთხ კვირაში იქნება მზად.

პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, გერმანელებს არჩევანი ექნებათ, ჩამოტვირთონ თუ არა ის საკუთარ ტელეფონზე. ის, ვისაც აპლიკაციით სარგებლობის სურვილი აქვს, სწრაფად შეიტყობს მასთან ახლოს მყოფი ინფიცირებული ადამიანის ვინაობას და მასთან თავისი, თუ სხვა ადამიანების კონტაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, კოჰის ინსტიტუტი აპლიკაციას უკვე ცდის. ის გამოიყენებს ევროპული ტექნოლოგიების პლატფორმას "ფი-ი-ფი-ფი" (PEPP), რომელიც ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში წარმატებით მუშაობს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG