ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ ბუნებრივი გაზის საცავების 80% უკვე შეავსო და იმპორტს სტაბილურად აგრძელებს


გერმანიის ბუნებრივი გაზის საცავები 80 პროცენტით არის შევსებული და მარაგი სტაბილურად იმატებს. პროცესი რუსეთიდან გაზის მიწოდების მკვეთრად შემცირების პარალელურად გრძელდება.

სამშაბათს გამოქვეყნებული სამრეწველო სტატისტიკის ციფრების თანახმად, ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში გაზის მარაგმა საცავების მოცულობის 80.14 პროცენტს მიაღწია. გერმანიის ქსელის მარეგულირებელმა კლაუს მიულერმა“ტვიტერზე“ დაწერა, რომ საცავები „სტაბილურად ივსება“, მაგრამ გამოთქვა გაფრთხილება, რომ შემდეგ კვირაში, რუსეთიდან მომავალ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის დაგეგმილ სამი დღით გაჩერებამ, შესაძლოა მარაგების შევსების ძალისხმევა დროებით შეანელოს.

გერმანიაში ბუნებრივ გაზს იყენებენ მრეწველობაში, სახლების და ბიზნესების გასათბობად და ელექტროენერგიის მისაღებად. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რეზერვების გაზრდა გერმანიის მთავრობის საკვანძო საზრუნავი იყო, რათა ზამთარში ენერგიაზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, მრეწველობისთვის ენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვების დაწესება თავიდან აეცილებინათ.

ივნისის შუა რიცხვებში, როდესაც რუსულმა სახელმწიფო ენერგო-კომპანია „გაზპრომმა“ ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გავლით, გაზის მიწოდების შეკვეცა დაიწყო, ქვეყნის საცავების დაახლოებით 56 პროცენტი იყო შევსებული. რუსულმა მხარემ შეკვეცის მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა, თუმცა გერმანიის ხელისუფლებამ ეს მიზეზი არ მიიღო და პოლიტიკური თამაშის შენიღბვის საშუალებად შეაფასა.

ბოლო კვირებში „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გამტარუნარიანობის მხოლოდ 20 პროცენტით მუშაობდა. „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მილსადენი 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გადაიკეტება და მიზეზად საკომპრესორო სადგურზე „გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები“ დაასახელა.

XS
SM
MD
LG