ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მივიწყებული ეპოქის არქიტექტურა ფოტოებში


Tbilisi-Columbia
Tbilisi-Columbia

კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში საბჭოთა საქართველოს არქიტექტურული შენობების გამოფენა გრძელდება. სტალინის შემგომი პერიოდის შენობებით და მათი თავისებურებებით ამერიკელი ისტორიკოსი, ანჯელა ვილერი დაინტერესდა. მასთან ერთად პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა მოყვარული ფოტოგრაფი ვლადიმერ შიოშვილი. რომელი შენობები შევა კატალოგში რომლის გამოცემასაც პროექტის ავტორები აპირებენ.

გახსოვთ "ჰოლიდე-ინის" ადგილას სასტუმრო აჭარა რომ იდგა? რედისონის ნაცვლად სასტუმრო ივერია? - ამერიკელი ისტორიკოსი, რომლის სპეციალობა არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაა, იმ საბჭოთა თბილისის შენობებზე მესაუბრება, რომლის სივრცეშიც ჩვენი თაობა გაიზარდა. კონკრეტულად, ეს ორი შენობა პროექტში ვერ შევიდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში ფოტო-მოყვარულმა ვლადიმერ შიოშვილმა ანჯელა ვილერთან ერთად საქართველოს ძირითადი ქალაქები შემოიარა. მათ ერთად ის შენობები აღბეჭდეს, რომელსაც თანამედროვე არქიტექტურის ხელი ჯერ არ შეხებია. ბევრი მათგანი ძველი და მოუვლელია, მაგრამ საბჭოთა საქართველოს ისტორიას და სტილს მაინც ინარჩუნებს.

ანჯელა ვილერი ამბობს, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ როგორც ძველი, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების სურვილია ყველაფერი საბჭოურის დემონტაჟი მოხდეს. თუმცა ის შენობები, რომელიც იმ პერიოდში აშენდა ქართულიც არის, ქართულ შტრიხებსაც შეიცავს. კომუნისტურ დროს აგებული ბევრი შენობა რესტავრაციის ნაცვლად მთლიანად შეცვალეს და მათ ადგილას თანამედროვე შენობები ააგეს. ძველი თბილისის რესტავრაცია კარგია, მაგრამ არ ვიზიარებ ძველი თბილისის იმიჯის შენარჩუნების მიზნით სახლების ხელოვნურად დაძველებას. რაღაც შუალედური უნდა არსებობდეს. იყოს ძველი, საუკუნეების წინ აშენებული შენობები, საბჭოთა პერიოდიც შენარჩუნდეს და იყოს მოდერნიც, ამბობს ანჯელა ვილერი.

კოლუმბიის უნივერსიტეტის, ჰარიმანის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრში საბჭოთა საქართველო ამჯერად თორმეტი ფოტოთი გაცოცხლდა. მუხათგვერდის სასაფლაოს კომპლექსი, გორის სასამართლოს შენობა, თბილისის რიტუალების სასახლე, ექსპო-ჯორჯიას კომპლექსი, ხელოვნების აკადემიის შენობა გორში, გზების სამინისტროს ძველი შენობა, რომელიც 2007 წელს საქართველოს ბანკმა შეიძინა. ამ ნაგებობას, რომელიც პოსტკონსტრუქტივისტული, მოდერნისტული სტილით გამოირჩევა, ნიუ-იორკ თაიმსმა „დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა უწოდა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე“. მოდერნისტული სტილი ქართველი არქიტექტორების ქმნილებებში 1960-1980 წლამდე პერიოდს მოიცავს. ვლადიმერ შიოშვილი გვესაუბრება:

ჩვენ რაც გვაქვს 12 სურათი იქიდან ოთხი არის ვიქტორ ჯორბენაძის არქიტექტურა. მას თავისი სტილი ჰქოდნა. ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მუხათგვერდის სასაფლაოს კომპლექსი და რიტუალების სასახლე მისი არქიტექტურითაა შექმნილი და სტილში სამივე ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბუნებრივია, ყველა შენობას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა, ჩანს რომ იდეა ერთიდაიგივეა. გზების დეპარტამენტის ბლოკები უფრო საბჭოურ მასიურ კუბიკებს ჰგავს და ეს ბლოკები საბჭოეთის სიმბოლოს წარმოადგენს. გორში არის კულტურის ცენტრის შენობა, რომელიც გადაკეცილ ქაღალდს ჰგავს. თბილისში ტექნიკური ბიბლითეკა ჰგავს წიგნების თაროს, კოსტავაზე მდებარეობს. ეს შენობა სამწუხაროდ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ანჯელა ვილერი: კვლევისთვის ჩვენ სტალინის შემდგომი პერიოდი შევარჩიეთ. აქ უფრო მეტი არქიტექტურული თავისუფლება იგრძნობა, ბევრი ქართული ელემენტია, მაგალითად რიტუალების სასახლე აიღეთ, იქ ძალიან ბევრი ქართული შტრიხია, ის არ არის მხოლოდ საბჭოური შენობა.

გამოფენა კოლუმბიის უნივერსიტეტში 14 ოქტომბრამდე გრძელდება. გრძელდება პროექტზე მუშაობაც. ავტორებს უკვე აქვთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გადაღებული საბჭოთა არქიტექტურის დროს შექმნილი შენობების ათასობით ფოტო, რომელიც კატალოგში დაიბეჭდება.

XS
SM
MD
LG